კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

11 წლის გიორგი: „მთავარია სამუშაო მქონდეს ისეთი, რომ არ ვიწვალო“

23 ივნისი, 2008
გულო კოხოძე, ახალციხე

გიორგის ქალაქში ყველა იცნობს. დიდი სამეგობრო წრე ჰყავს და ბევრი ნატვრა აქვს. გაჭირვებაზე საუბარს თავს არიდებს და სიტყვას ბანზე გიგდებს. სამაგიეროდ დიდი კაცივით გესაუბრება პოლიტიკაზე, ისტორიაზე, ოჯახსა და თავის შრომაზე.
                              
11 წლის გიორგი გელაშვილი ახალციხეში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, დედასათან და დასთან ერთად ცხოვრობს. 

,,ფარნავაზი საქართველოს პირველი მეფე იყო”, - ქუჩის დასახელებას განმარტებაც მოაყოლა გიორგიმ.

ნიასა და გიორგის დედა მარტოხელაა.

,,მამა დედაჩემს გაცილებულია. არც მახსოვს. დედა ყველას ჯობია”, - ამბობს გიორგი.  

ბავშვების დედა მარინა გელაშვილი უმუშევარია.

,,ატეკაში” ,,დისპეჩერად” ოცი წელი იმუშავა. ერთი პერიოდი ,,ატეკა” დაკეტეს და დედა უმუშევარი დარჩა. ძირითადად სულ სახლშია”, - გვეუბნება გიორგი.

,,სამაგიეროდ მე ვმუშაობდი”, - ამაყად ამატებს ის და განაგრძობს ,,ფირმა  ,,არიელში” დახლოებით 2 წელი ვიყავი დასაქმებული. ფხვნილების შეტანაში ვეხმარებოდი. დღეში ხან სამ, ხან ოთხს ლარს ვიღებდი”.  

გიორგიც და მისი დაც ნიაც პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

,,რვებზე ვსწავლობ და ჩემს დამრიგებელს მარინა მასწავლებელს ვაფასებ”, - არ გვიკითხავს ისე გამოყო მასწავლებლებიდან დამრიგებელი გიორგიმ.

სასწავლო საგნებიდან ისტორია უყვარს და ქართველი მეფეებიდან - მეფე ერეკლე.

,,საქართველოს ისტორია მაინტერსებს ძაან. პატარა კახი მიყვარს, იმიტომ რომ ახალციხეს როცა თურქები დაესხნენ, ერეკლე მეფემ, აწყურის მთიდან ზარბაზანი ისროლა და გალავანზე გამოკიდებული თურქების დროშა ჩამოაგდო”, - ამბობს გიორგი და სკამზე ცმუკავს, თვალი ფანჯრისკენ გაურბის, გარედან ბავშვების ხმაური შემოდის და მასაც ქუჩაში უნდა გასვლა.

გელაშვილების ოჯახი ბებიის დანატოვარ კერძო სახლში ცხოვრობს.ისინი ძირითადად უფასო სასადილოს საკვებით იკვებებიან.

,,ნაციონალების სასადილოდან დედას მოაქვს საჭმელი; გრეჩიხა, პური გუფთა”, - გვითხრა გიორგიმ.

გიორგის პოლიტიკაზე საუბარი უყვარს.

,,დიდი რომ ვიყო ხმას სააკაშვილს მივცემდი. ქრისტიან-დემოკრატებიც ვიცი, მაგრამ ნაციონალები მიყვარს, მაგათ ქეიფშიც ვიყავი, დამპატიჟეს და წავედი”, - ამბობს ის.

პატარა „პოლიტიკოსმა“, კითხვაზე, ვინ გინდა გამოხვიდე? თავი მოიქექა, მხრები აიჩეჩა და გვიპასუხა; ,,მთავარია სამუშაო მქონდეს  ისეთი, რომ არ ვიწვალო. დისტრიბუტორობა კარგია რა”, - დაამატა შემდეგ.

11 წლის ბიჭს დიდი ასაკის ,,ძმაკაცები” ჰყავს, მათზე საუბარი გიორგის არ ეზარება.
 
,,ტანსაცმელს ძმაკაცები მყიდულობენ. პატისონამ ფეხსაცმელი, ზედა და ქვედა მიყიდა. ერთი მაიაა, გვარი არ მახსოვს ,,კაგებეში” მუშაობდა, ტანსაცმელი მანაც მიყიდა. იურა აბაშიძე მეხმარება კიდევ. ძმაკაცები არიან და . . ”, - გვითხრა მან.

ნატვრები კი ბევრი აქვს და ჩვენც გვიმხელს ,,ჩემი ძმაკაცი ირაკლი მენატრება. ახლა ლონდონონშია და  მინდა ,,როლიკები” ჩამომიტანოს”.

პრობლემებზე საუბარი არ უყვარს.

"ძაან არ გვიჭირს. ფერადი ტელევიზორი გვაქვს ახლა, პეტრიაშვილმა გვაჩუქა. 21 – ს, არჩევნების დღეს გამოაკელი შვიდი დღე და მაშინ მოგვცა. ფერადია და დიდი. აქამდე შავ-თეთრი პატარა ტელევიზორი გვქონდა”, - ამბობს გიორგი.
 
სკოლის შემდეგ ფეხბურთს თამაშობს.

,,ზიდანი მიყვარს მაგარი ფეხბურთელია”, - ამბობს ის.

თუმცა ფეხბურთელობას არ აპირებს. მზის ქუდს ხელში აწვალებს, მოუსვენრად ზის სკამზე, ფეხებს აქანავებს და შავი, მეტყველი თვალები ისევ ფანჯრისკენ გაურბის. 

,,წვიმას არ აპირებს”, - ამბობს ხმადაბლა, რაც ნიშნავს: გარეთ კარგი ამინდია და უნდა წავიდეო. გვემშვიდობება და მიდის, მერე გარედან მინაზეც გვიკაკუნებს, თვალს გვიკრავს, ,,კეპს” იფარებს და სირბილით გვშორდება


ახალი ამბები