კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური ნიშნით დევნილი ლექტორი უნივერსიტეტიდან გათავისუფლების ბრძანებას ასაჩივრებს

2 ივლისი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

 არჩილ ჯორჯაძე

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სპეციალობის ყოფილი კოორდინატორი და საჯარო სამართლის მიმართულების ყოფილი მასწავლებელი არჩილ ჯორჯაძე სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას აპროტესტებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების ბათილად ცნობის, განაცდული ხელფასის და 10 ათასი ლარის ოდენობით, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ჯორჯაძემ, სარჩელით თელავის რაიონულ სასამართლოს ორშაბათს მიმართა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰამლეტ რაზმაძემ, უნივერსიტეტის თანამშრომლები არჩილ ჯორჯაძე და რექტორის აპარატისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნელი ცქიტიშვილი, სამსახურიდან 2008 წლის 22 მაისს, პირადი განცხადებების საფუძველზე გაათავისუფლა.

განცხადებაში, რომლითაც არჩილ ჯორჯაძე 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე უნივერსიტეტის რექტორს მიმართავს, აღნიშნულია, რომ იგი პარალელურად გაერთიანებული ოპოზიციის თელავის საარჩევნო შტაბში საქმიანობს. აქედან გამომდინარე, განიცდის ზეწოლას, მმართველი პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები აშანტაჟებენ და ემუქრებიან, რომ თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ აქტივობას არ შეწყვეტს, საერთოდ გააუქმებენ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სპეციალობას, რის შედეგადაც მასთან ერთად კიდევ ათობით მასწავლებელი დარჩება უმუშევარი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მიაჩნიათ, რომ თანამდებობებიდან ჯორჯაძის და ცქიტიშვილის გათავისუფლების ბრძანებები გამოცემულია კანონის დარღვევით, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ნელი ცქიტიშვილის განცხადების ადრესატს წარმოადგენს უნივერსიტეტის რექტორი, მასზე ვხვდებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ჰამლეტ რაზმაძის 2008 წლის 22 მაისის რეზოლუციას უნივერსიტეტის საერთო განყოფილების მიმართ, რომლითაც ითხოვს გათავისუფლების ბრძანების მომზადებას. იგივე რეზოლუცია ადევს არჩილ ჯორჯაძის განცხადებას."

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ადამიანური რესურსების სფეროში. ამგვარად, უნივერსიტეტის ზემოთხსენებულ თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა სწორედ რაზმაძის უფლებამოსილებას წარმოადგენდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–80 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: "თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა  მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა  გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.“ ამგვარად, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე ვალდებული იყო აღნიშნული განცხადება გადაეგზავნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის, როგორც უფლებამოსილი თანამდებობის პირისათვის", - აცხადებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე.

- ბატონო გიორგი, ჯორჯაძის და ცქიტიშვილის განცხადებებში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ისინი განიცდიან ზეწოლას და ამიტომ იძულებულები არიან სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს. უნდა დაინტერესებულიყო თუ არა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა განცხადებებში მოყვანილი ფაქტებით?

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის `ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ორივე განცხადება წარმოადგენდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, რაც განცხადებაში აღნიშნული საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევას გულისხმობს. უნივერსიტეტის კანცლერი ვალდებული იყო, შეესწავლა, თუ რა სახის პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა არჩილ ჯორჯაძესა და ნელი ცქიტიშვილზე. "უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის "დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის პოლიტიკური შეხედულებებისა. პოლიტიკური ნიშნით პირის იძულება, შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან, წარმოადგენს დევნას, დანაშაულს, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით. ამგვარად, სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ იყო უფლებამოსილი, გამოეცა #171 და #172 ბრძანებები.

- ე.ი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჯორჯაძის და ცქიტიშვილის განცხადებები რეაგირებისათვის სამართალდამცავი ორგანოებისთვის უნდა გადაეგზავნა?

- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა მოეთხოვათ განმცხადებლებისთვის დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, თუ ვინ ახორციელებდა მათზე ზეწოლას და შეესწავლათ, რამდენად თავისუფალი იყო მათი ნება, შეეწყვიტათ შრომითი ურთიერთობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, განცხადება უნდა დარჩენილიყო განუხილველად, ხოლო პოლიტიკური მოტივით დევნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, უნივერსიტეტის კანცლერი ვალდებული იყო, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მის ხელთ არსებული მასალები გადაეგზავნა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსათვის, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო საქმეზე წინასწარი გამოძიების დასაწყებად.

- საერთოდ ჰქონდათ თუ არა თანამდებობიდან ნელი ცქიტიშვილის გათავისუფლების უფლება? ცქიტიშვილი ამ დროს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი იყო.

- არ არსებობდა ნელი ცქიტიშვილის გათავისუფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. ცქიტიშვილი წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, ვინაიდან იგი შეყვანილი იყო ცენტრალური სააარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკის, "გაერთიანებული ოპოზიცია - ეროვნული საბჭო, მემარჯვენეების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში. საარჩევნო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე პარლამენტის წევრობის კანდიდატს საარჩევნო კამპანიის ვადით მიეცემა უხელფასო შვებულება და ამ დროის განმავლობაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლებულია. შრომის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებითი შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილის "ი“ ქვეპუნქტით, ანაზღაურების გარეშე შვებულება წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველს. შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერებისას დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების მოშლა. ამგვარად, ნელი ცქიტიშვილი უფლებამოსილი არ იყო, მოეთხოვა იმ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც მისი მოთხოვნის დროს იყო შეჩერებული. იმავდროულად, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ იყო უფლებამოსილი, დაეკმაყოფილებინა ნელი ცქიტიშვილის განცხადება, ვინაიდან იგი იმ დროს იყო შედგენილი, როდესაც შრომითი ხელშეკრულების მოშლა დაუშვებელი იყო. ამგვარი ურთიერთობის შეწყვეტის უფლება დასაქმებულს აქვს შვებულების დასრულების შემდეგ. 2008 წლის 8 მაისს, რომლითაც დათარიღებულია ნელი ცქიტიშვილის განცხადება, საარჩევნო კამპანია კვლავ მიმდინარეობდა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხსენებული თანამშრომელი კვლავ უხელფასო შვებულებით სარგებლობდა".

როგორც არჩილ ჯორჯაძის ადვოკატი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ლია ხუროშვილი აღნიშნავს, ჯორჯაძე უნივერსიტეტში მუშაობის სანაცვლოდ, ხელფასის სახით ყოველთვიურად იღებდა მხოლოდ 40 ლარს. "მას სურვილი ჰქონდა უნივერსიტეტში შეექმნა ძლიერი იურიდიული ბაზა. ჩართული იყო საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებში. 2007 წელს მონაწილეობდა ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევებში. 2008 წლის 27 მაისს მან ისევ მიიღო მოწვევა, მაგრამ კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური მოღვაწეობა. იმის გამო, რომ ჯორჯაძე 22 მაისს უკანონოდ გათავისუფლდა სამსახურიდან, მან ამ პროექტში მონაწილეობა ვეღარ მიიღო, რითაც დაზარალდა", - ამბობს ლია ხუროშვილი.

თელავის რაიონული სასამართლო არჩილ ჯორჯაძის სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს რამდენიმე დღეში გადაწვეტს.


ახალი ამბები