კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

21-ე საუკუნის ქართული სკოლა მომავალი თაობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

8 ივლისი, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი

,,მადლობლები არ უნდა ვიყოთ რომ სკოლას გვიკეთებენ? სიზმარშიც ვერ ნახავთ ასეთ სკოლას, შენ ნახე რა მაგარი იქნება…რას ლაპარაკობ, დროზე დამთავრდეს ამ სკოლის მშენებლობა, ფულს რომ ავიღებ, ზღვაზე უნდა წავიდე…მოკეტე, ბიჭო, ხმა არ ამოიღო, რასაც გვაძლევენ ესეც ვიკმაროთ, თორემ მოიყვანენ სხვებს და იმათ ამუშავებენ!” - ასეთ საუბარს მოისმენთ გორის რაიონის სოფელ კარალეთისა და ქვახვრელის სკოლის მუშების მშენებლებისგან, თუკი მათთან ცოტა ხნით გაჩერდებით.

ერთადერთი, რაც მათ ძალიან ახარებთ, დროულად სამუშაოს დასრულება და თანხის აღებაა. ზოგს ცოლი ჰყავს მოსაყვანი, ზოგი ზღვაზეა წასასვლელი,  ზოგს ზამთრისთვის შეშა აქვს საყიდელი, ზოგს კი, განსაკუთრებით პროფესიონალ ,,მშენებლებს”, მლესავებს, მალიარებს… სხვა კლიენტები ელოდებიან და რა თქმა უნდა უფრო კარგ ფასად. რატომღაც არავინ ჩივის იმაზე, თუ რა ატმოსფეროში ისწავლიან მათი შვილები, შვილიშვილები, ძმისშვილები ან კიდევ ახლობლისშვილები შემოდგომიდან? არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რა ბედი ეწევა იაფფასიანი, თურქული ,,მეტალოპლასტმასის” ჩარჩოებში მოქცეულ მოსწავლეების ფილტვებს ან კიდევ ე.წ. ,,ლამინატის” პარკეტზე მოსიარულე მომავალ თაობას.

ამასწინათ, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენელი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე ქალაქ ბათუმში იმყოფებოდა. სემინარი სასტუმრო „ინტურისტში“ მიმდინარეობდა და მას ჯანდაცვის ახალი მინისტრიც ესწრებოდა. სემინარი სწორედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შესახებ იმართებოდა. გვიან საღამოს სასტუმროში სწორედ კომპანია ,,თბილისი M”-ის დირექტორი ვინმე კობა შემოვიდა, რომელიც გორის რაიონში სკოლების რეაბილიტაციის პროექტს უდგას სათავეში. დიდმა მშენებელმა ღამის პირველ საათზე დიდი ამბავი დაატეხა თავს სასტუმროს ადმინისტრაციას - ნომერში ინტერნეტი ნელიაო, კონდიციონერი წესიერი არ არისო და საერთოდ აუტანელია აქ ცხოვრებაო. კომპანია ,,თბილისის M”-ის დირექტორმა ერთი დღეც კი ვერ გაძლო ბათუმში ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმრო ,,ინტურისტში”.

სწორედ მაშინ დავინტერესდით, თვითონ კერძო კომპანიის დირექტორი როგორ სკოლებს აშენებს გორის რაიონში და აღმოჩნდა, რომ მის მიერ აშენებული სკოლები მომავალი თაობისთვის არც ისეთი კეთილმოწყობილი იქნება. სკოლა, სადაც 11 წელი თუ 12 წელი უნდა გაატარნონ მოსწავლეებმა, საერთაშორისოს რომ თავი დავანებოთ, ჩვეულებრივი სტანდარტის ნორმებსავ ვერ აკმაყოფილებს.

ამ მხრივ ინფორმაციის მოძიება საკმაოდ გაგვირთულდა. მუშები ოფიცალურად არ გვესაუბრებიან, გვითხრეს მხოლოდ ის რომ, მათ ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ.

,,თავისთავად ის ფაქტი, რომ სოფელში სკოლა რემონტდება, კარგია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თვალები დავხუჭოთ. ჯერ ერთი მუშებს ყოველგვარი ხელშეკრულების საფუძველზე ამუშავებენ. თავიდან იყო შეთანხმება, რომ მლესავს კვადრატულ მეტრზე უნდა აეღო 6-7 ლარი, სინამდვილეში აიღეს 5 ლარი. რაც შეეხება ჩვეულებრივ მუშებს, მათ დღეში 15 ლარი უნდა აეღოთ, თუმცა 10 ლარი აიღეს. დაცინვაა მეტი არაფერი” - ამბობს ერთი მუშა.

ცოტა ხანში მეორე მუშა ერევა საუბარში:

- გაჩუმდი, ძმაო, შენ მგონი საერთოდ უმუშევარი დარჩები.

- ვერაფერსაც ვერ მიზამენ, თუ ერთად დავდგებით, გაგვყრიან თუ რა? ჩამოიყვანონ აბა, თბილისიდან მუშები, რა დაუჯდებათ? მარტო გორში შვიდ ნომერ მაღაზიასთან რომ მუშები დგანან, დღეში 30 ლარზე ნაკლებად არ მუშაობენ. ჩვენ 15 ლარად შევთანხმდით, იმასაც არ გვაძლევენ.” - ჩივის ყველაზე „უშიშარი“ მუშა. თუმცა რომ შეატყო მხარი არავინ აუბა, ბოლოს მომიტრიალდა და თქვა, არც მე გამომაჩინო რა სადმეო…

ჩვენ ისიც გვითხრეს, რომ მშენებლობაზე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლეც მუშაობდა, რომელიც სხვა მუშებზე არანაკლებ ღვრიდა ოფლს. სხვებმა თუ 200 ლარი აიღეს თვეში, ამ ბავშვს მთელი თვის სარგებელი  - 130 ლარი ძლივს მისცეს.

შპს ,,თბილისი M”-ის დირექტორმა შეიტყო, რომ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენლობა სკოლის მშენებლობის პრობლემებით დაინტერესდა. სასწრაფოდ ობიექტზე გამოცხადდა და მუშებს განუცხადა, ვის რა პრეტენზიებ გაქვთო. მუშებმა უთხრეს, არაფერიო. კომპანიის დირექტორმა მუშებს სთხოვა ამის შემდეგ ხმა აღარ ამოეღოთ, მომდევნო თვეს რასაც შეგპირდით, სრულად მოგცემთო, ხოლო წინა თვეს რაც დაგაკელით, იმასაც სრულად აგინაზღაურებთო… მუშები დღეს კმაყოფილები არიან მიღწეული შედეგით. სჯერათ, რომ კომპანიის დირექტორი პირობას აასრულებს.

რაც შეეხება იმ მასალებს, რომლითაც სკოლა რემონტდება, კომპანიის დირექტორი ერთადერთ დათმობაზე წავიდა - სკოლის იატაკზე ,,ლამინატის პარკეტი” აღარ დაიგება.

ქვახვრელის საკრებულოს დეპუტატს თემურ აფხაზაშვილს ამ საკითხებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოში საუბარი ხელმძღვანელ პირებთან ჰქონდა. რა ვქნათ, 100 ლარიან პარკეტს ხომ არ დაგიგებთ, რის საშუალებაც გვაქვს, იმას დავაგებთო, უთქვამს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სამსახურის უფროსს გივი ხუროშვილს:

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი”-ს შიდა ქართლის ოფისი გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სამსახურის უფროსს გივი ხუროშვილს გაესაუბრა:

- ბატონო გივი, ქვახვრელის სკოლასთან დაკავშირებით რა ინფორმაციას ფლობთ?

- რა უნდა ვიცოდე?

- თუნდაც ის, რომ სკოლის მშენებლობა ისე დაიწყო, რომ პროექტი ჯერაც არ არსებობს.

- პროექტი ერთ კვირაში იქნება.

- ასე გვიან რატომ?

- რა ვიცი, ხარჯთაღრიცხვა ეხლა გავაკეთეთ. გადაიგზავნება და პროექტიც ერთ კვირაში დამტკიცდება.

მხარის რწმუნებული ვლადიმერ ვარძელაშვილი ამბობს, რომ ეს სკოლები საუკეთესო სკოლები იქნება, თუმცა უსახსრობის თუ ,,სხვა რამის” გამო გორის მუნიციპალიტეტი სკოლებში პარკეტის დაგებაზე უარს ამბობს. ამიერიდან ამ ორ მშენებარე სკოლაში ჩვეულებრივი ხის ფიცარი დაიგება იატაკად.

როგორც გითხარით, სკოლის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება, თუმცა პროექტი ჯერაც არაა შედგენილი. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ მისცეს კერძო კომპანიას ამდენი თანხა, მაშინ როდესაც ჯერ პროექტიც კი არ ჰქონდა მზად, ეკონომიკური სამსახურის უფროსმა გივი ხუროშვილმა პასუხად  მხოლოდ ამოიოხრა….

გუბერნატორი ვარძელაშვილი ფიქრობს, რომ მისი მმართველობის პერიოდში ეს იქნება ყველაზე უნიკალური სკოლა მთელს რაიონში, თუმცა უკვე აშენებულ სკოლას რა პრობლემებიც აქვს, უკვე გითხარით.

ქვახვრელის საშუალო სკოლა 1939 წელსაა აშენებული.  ამჟამად სკოლაში 300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

ახალი ამბები