12:31, Wednesday, 02.12.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შეუმცირებენ თუ არა საბავშვო ბაღის თანამშრომლებს საშვებულებო ვადას?

09.07.2008
ნონა სუვარიანი, თბილისი


საბავშვო ბაღის თანამშრომლებს საშვებულებო ვადას უმცირებენ. სწორედ ასეთი ინტერპრეტირება მიეცა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ საბავშვო ბაღების დირექტორებთან გაგზავნილ წერილს. თუმცა მერიაში ამას მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას აბრალებენ და ირწმუნებიან, რომ შვებულების ვადა კანონის შესაბამისი იქნება.
 
რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიის სოციალური  მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურმა თბილისის საბავშვო ბაღების დირექტორების სახელზე წერილი გაავრცელა. წერილი, რომელსაც სამსახურის უფროსი, მამუკა ქაცარავა აწერს ხელს, იუწყება, რომ „საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე და 22-ე მუხლების თანახმად და ბაღების სპეციფიკიდან გამომდინარე, თანმაშრომელთა საშვებულებო დროის ხანგრძლივობა განისაზღვროს 1 თვის ვადით 2008 წლის 10 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით“. ამ წერილის შესახებ მეცნიერთა და პედაგოგთა პროფკავშირმა თავად დირექტორებსა და პედაგოგებისგან შეიტყო. 8 ივლისს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პროფკავშირის თავმჯდომარე და იურისტები აღნიშნავდნენ, რომ წერილში შვებულებისთვის განსაზღვრული ვადა საქართველოს შრომის კოდექსს ეწინააღმდეგება.

მაია ლიპარტელიანი, მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტი აღნიშნავს, რომ მამუკა ქაცარავას კომპეტენციაში ასეთი ტიპის წერილების გავრცელება არ შედის. თანამშრომლის გაშვება-არგაშვება დამსაქმებლის და დასაქმებულის გასარკვევია.

შრომის კოდექსის 21-ე მუხლის (რომელიც მერიის მიერ გავრცელებულ წერილშია მითითებული)  შესაბამისად, „დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით - არანაკლებ წელიწადში 24 სამუშაო დღისა“. ხოლო წერილში მითითებულ საშვებულებო ვადაში (10 ივლისიდან 10 აგვისტომდე) მხოლოდ 22 სამუშაო დღეს შედის.

პროფკავშირების იურისტი, ნატალი ქორიძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში ბაღების თანამშრომლები 36 დღიანი შვებულებით სარგებლობდნენ.

„უცნაურია, რატომ გადაწყვიტეს საშვებულებო ვადის შეცვლა, რადგან მათ იგივე პირობები და იგივე დატვირთვა აქვთ, რაც ადრე ჰქონდათ. აგვისტო ის პერიოდია, როდესაც აღსაზრდელები ბაღში არ დადიან. ასე რომ, ძიძისთვის, აღმზრდელისთვის და მზარეულისთვის საქმე არ არის. ამ წერილს რეკომენდაციის ხასიათი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ტონი სარეკომენდაციოს არ ჰგავს“.

პრესკონფერენციას სხვადასხვა ბაღის პედაგოგებიც ესწრებოდნენ. მათი მტკიცებით, 22 დღე არ არის საკმარისი ვადა იმისთვის, რომ პედაგოგმა ნორმალურად დაისვენოს.

მაია წერეთელი, 31-ე ბაღის პედაგოგი: „ჯგუფში ხანდახან 40 ბავშვამდე გვყავს. წარმოიდგინეთ, რამდენ ენერგიას ვხარჯავთ. ეს ვადა არ არის საკმარისი, რომ პედაგოგმა დაისვენოს და საქმეს ახალი ენერგიით შეუდგეს“.

პროფკავშირის თავმჯდამარის, მანანა ღურჭუმელიძის თქმით, საერთაშორისო ნორმებით, სკოლამდელი განათლება, იგივე საგანმანათლებლო დაწესებულებაა. გაეროს და იუნესკოს რეკომენდაციით მასში მომუშავე ადამიანები ასევე მასწავლებლები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე იგივე შეღავათები უნდა ვრცელდებიდეს, რაც სკოლის მასწავლებლებზე. ამჟამად სკოლის მასწავლებლისთვის შვებულების სავალდებულო ნორმა 48 დღეს შეადგენს. ხოლო ბაღის მასწავლებლებს 36 დღიანი შვებულება ეკუთვნით.

„აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანებს ძალიან მძიმე და საპასუხისმგებლო საქმე აქვს შესარულებელი. ამის მიუხედავად, ისინი არ სარგებლობენ რამე შეღავათით. სახელმწიფო ფულს არც მათი დაზღვევისთვის და არც კვალიფიკაციის ამაღლებისთვის გამოყოფს.
 
ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ 10 აგვისტოს, როდესაც ეს მასწავლებლები სამუშაოზე გავლენ, მათ შრომითი კონტრაქტები შეუწყდებათ. და მათ ტესტირება ზუსტად ისე ჩაუტარდებათ, როგორც ბაღის გამგეებს ჩაუტარეს.

როდესაც ასეთ სიტუაციაში ბათუმში მიმდინარე ანალოგიურ პროცესში ჩავერთეთ, ბაღის მასწავლებლებში შეაგროვეს ხელმოწერა, თითქოს მათ 36 დღიან შვებულებას 24 დღიანი შვებულება ურჩევნიათ...“

შვებულების შემცირებასთან ერთად საბავშვო ბაღის თანამშრომლებს საშვებულებო თანხაც შეუმცირდებათ. როგორც ერთ-ერთი ბაღის ბუღალტერი ამბობს, თუ 36 დღეზე  262 ლარი გაიცემოდა, 22 დღის საშვებულებო თანხა 174 ლარს შეადგენს. ანუ პედაგოგებს საშვებულებო თანხას 87 ლარით ნაკლებს მისცემენ.

მანანა ღურჭუმელიძე: „გამოვიყენებთ ჩვენს კანონიერ უფლებებს და შევეცდებით სერიოზული პრობლემები შევუქმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც მასწავლებლებს ზაფხულში პურის ფულის გარეშე ტოვებენ“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იმ სამსახურს დაუკავშირდა, რომელმაც ეს წერილი გაავრცელა. მათი განმარტებით, წერილის შედგენისას ტექნიკური შეცდომა გაიპარა და ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდება.

თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის თანაშემწე, მურთაზ სიჭინავა: „1 თვის ვადა უწერიათ ჩვენებს, შაბათი და კვირა არ გაითვალისწინეს. ეს არ არის კანონის ძალის მქონე წერილი. კანონში რაც წერია, ასე უნდა განუმარტონ დირექტორებმა ყველას. მათ ამასთან დაკავშირებით მიეცათ რეკომენდაცია. ხელაფასიც კანონის შესაბამისად გაიცემა. მოკლედ, რაც მათ კანონით ეკუთვნით, არავინ დაუკარგავს“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC