კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტენდერის უცვლელი სქემა - მონაწილეობენ მხოლოდ „შინაურები“

10 ივლისი, 2008

„გაზეთ „24 საათში“ კი ქვეყნდება განცხადება ტენდერის შესახებ, მაგრამ დაინტერესებული მხარე მთელ ნომერს ყიდულობს“

ჟურნალისტური მოკვლევა

ნაწილიII

ნონა სუვარიანი,
ეკა ქევანიშვილი

საქართველოს  ყველა საავადმყოფო ვიწრო ბიზნეს ჯგუფის ხელში აღმოჩდა. როგორ ტარდებოდა ტენდერი და რატომ თქვა უარი ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ინვესტორმა საავადმყოფოზე იმ არგუმენტით, რომ რეალურად ეს ხალხის ძარცვა იყო? რამდენად დაცულია ინვესტორი, რომ მის მიერ გარემონტებული საავადმყოფო სახელმწიფომ უკან არ დაიბრუნოს?

როგორც უკვე აღინიშნა, საავადმყოფოები კერძო ინვესტორებს პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გადაეცათ. გამარჯვებული ტენდერის მეშვეობით გამოვლინდა.

ტენდერის შედეგად მთელი საქართველოს საავადმყოფოები რამდენიმე ინვესტორის ხელში აღმოჩნდა. შპს „ბლოკ-ჯორჯია“, შპს „ევორდ კაპიტალი“, შპს „პსპ ფარმა“, შპს „მერიდიანი“, შპს „მედიმექსი“, შპს „ავერსი ფარმა, „ახალი სტილი“, შპს „ჯი პი სი“, შპს „ნიუ ჰოსპიტალი“, შპს „ემ-ჯი-აი“, ეს ის კომპანიებია, რომლებმაც ტენდერებში გაიმარჯვეს.

დასავლეთ საქართველოს პრაქტიკულად ყველა საავადმყოფოს მფლობელები შპს „ავერსი“, შპს „პსპ“, შპს „ბლოკ ჯორჯია“ გახდნენ. ზოგ შემთხვევაში მათ მეწილედ „ჯიპისი“ ან „ვისოლის“ შვილობილი კომპანია „ვილაჯიო“ ჰყავთ. თითქმის ყველა შემთხვევაში ინვესტორი კომპანიები ტანდემში მოქმედებენ.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სისტემაში, ძირითადად, სამი ფირმა საქმიანობს: „პსპ“, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსის“ მეშვეობით მოქმედებს. „ავერსი“, რომელიც „ბლოკ ჯორჯიას“ სახელით მოქმედებს, სადაზღვეო კომპანია „იმედი ელი“, რომელიც „ახალი სტილის“ მეშვეობით მოქმედებს. (მათ, ძირითადად, კახეთის რეგიონი აითვისეს).

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელი დავით საგანელიძე აღნიშნავს, რომ  ასეთი ტაქტიკა ორივე მხარეს აწყობდა.

„შეიძლება „ავერსს“ არ სურდა სამშენებლო ბიზნესში ფულის ჩადება, მაგრამ თუ იაფად ჩაუვარდებოდათ ხელში ტერიტორია, რატომაც არა. იცით  რა კონკურენციაა დღეს? ექიმის კაბინეტებთან სამედიცინო ფირმების გრძელი რიგი დგას და როცა შენი ჰოსპიტალი გაქვს - ეს არის გასაღების უსერიოზულესი ბაზარი. ეხლა ის მონოპოლისტი გახდება. მშენებელს მშენებლობის ინტერესი აქვს“.

კახი გელაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ტენდერში მონაწილეობას იღებდა ფირმა „უნიმშენთან“ ერთად. ის ასევე ამტკიცებს, რომ მთავარი მოქმედი კომპანიები „ბლოკ ჯორჯია“, „ავერსი“ და „პსპ“ არიან.

„არ ვიცი ვინ დგას მათ უკან. ვერც დავამტკიცებ, მაგრამ შეიძლება ლოგიკურად მივხვდე, რომ მათ უკან ის დგას, ვინც „ბლოკ ჯორჯიას“ ზუგდიდის საავადმყოფო ყოველგვარი ტენდერის გარეშე გადასცა, ვინც „ბლოკ ჯორჯიას“ ასევე ქუთაისის ინტერვენციული საავადმყოფო მისცა, რომელსაც არავითარი ინვესტიცია არ სჭირდებოდა. ვინც ამ კომპანიას თბილისში რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტი მიანდო“.

კახა გელაშვილს მიაჩნია, რომ ეს კომპანიები მონოპოლისტები არიან. მისი თქმით, ასე გაპიარებული პროგრამა, რომელიც თითქოსდა ინვესტიციების მოსაზიდად არის შექმნილი, ბლეფია. და რომ არავითარი ინვესტიციების მოზიდვა არ ხდება.

„დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, ნაბახუსევზე ბორჯომი რომ გინდა და ვიღაცას ეუბნები, ახლა მოგცემ ათ ლარს და მიყიდე  ერთ ლარიანი ბორჯომიო. ვალდებულება 2-3 მილიონი დოლარის არის, ქონება კი, რომლესაც „ინვესტორს“ აძლევენ დაახლოებით 50 მილიონი დოლარისაა. ესეც „ბითუმად“ გასაყიდი ფასია. მოკლედ, 5 მილიარდი დოლარის ქონება აჩუქეს „ინვესტორებს“. ეს ინვესტორიც ისეთი აღმოჩნდა, რომელსაც საკუთარი ერთი თეთრის დახარჯვაც არ უნდა“.

საერთოდ, ამ პროექტის ფარგლებში, ხშირად ერთი თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოს ნაცვლად, რომელიც ინვესტორის მიერ უნდა აშენდეს ან გარემონტდეს, მას რამდენიმე საავადმყოფოს ჩუქნიან. აღსანიშნავია, რომ ეს საავადმყოფოები საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს.

კახა გელაშვილი მერვე საავადმყოფოში გინეკოლოგიური კლინიკის „გინეკას“ მეპატრონეა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო პროგრამის შესახებ გაიგო, გადაწყვიტა მერვე საავადმყოფოში მის მიერ დაკავებული ფართის პრივატიზება მოეხდინა. ამჟამად იქ მხოლოდ მოიჯარეა და მხოლოდ ერთ სართულს იკავებს.

„დიდი ხანი ველოდებოდი, როდის დაიწყებოდა ეს პროექტი, რომ ჩემი ფართის პრივატიზება მომეხდინა. მიუხედავად იმისა, რომ ვუდარაჯებდი, ჩვენი დაწესებულებები ისე გაიყიდა, რომ ვერ გავიგე. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, განაცხადი მხოლოდ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსეს და „24 საათში“ პატარა განცხადება გაუშვეს. ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ კანონის წინაშე მართლები ყოფილიყვნენ. ამ ტექნოლოგიის შესახებ კარგად ვიცით: გაზეთ „24 საათში“ კი ქვეყნდება განცხადება ტენდერის შესახებ, მაგრამ დაინტერესებული მხარე მთელ ნომერს ყიდულობს. გაზეთი კი იბეჭდება, მაგრამ ქსელში არ გამოდის. ტენდერის ჩატარებისას ისეთი პირობებია შექმნილი, რომ უცხო ცხვირს ვერ შეყოფს. მანდ ისეთი ლაბირინთებია გასავლელი, მხოლოდ ჩემნაირი ჩხირკედელა თუ მოახერხებს. ისე შევედი, რომ სახტად დარჩნენ. ვინ ვიყავი ვერ გაიგეს. მეკითხებოდნენ, ვინ ხარ, საიდან მოხვედიო? კაციშვილი არ მიცნობდა და არ მელოდებოდა. მინდოდა შიგნიდან მენახა, რა და როგორ ხდებოდა. გამარჯვებულის შეფასება ორი კრიტერიუმით ხდებოდა: საგარანტიო წერილის მაქსიმალური თანხა და აშენებისთვის მინიმალური დრო. მე პროექტი მომზადებული მქონდა. ყველაფერი 5 მილიონი დოლარი მიჯდებოდა.

ექვს რომ აკლდა 5 წუთი, მივედი პაკეტით და გავშალე. ყველაზე კარგი პირობები მე მქონდა წარმოდგენილი. არც ერთი ინვესტორისთვის ბანკს 15 მილიონზე მეტი გარანტია არ მიუცია. ავდექი და 16 მილიონის შეთავაზება გავაკეთე“.

საქმე იმაშია, რომ საგარანტიო წერილის მიტანა ტენდერზე აუცილებელი არ იყო. შეთანხმება სიტყვიერი დაპირებით ხდებოდა. ასე რომ, კახა გელაშვილმაც სიტყვიერი პირობა დადო, 16 მილიონიან საგარანტიო წერილს მოვიპოვებო. საგარანტიო წერილზე ზრუნვა კი მოგვიანებით უნდა დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ კახა გელაშვილმა გაიმარჯვა და, როგორც თავად ამბობს, საგარანტიო წერილიც  მოიპოვა, მოგებულ საავადმყოფოზე უარი განაცხადა და ისევ 1000 დოლარად  სხვა კომპანიას მიჰყიდა (ამას თავად ამტკიცებს).

„შეიძლება ჩემზე იფიქრონ, გიჟიაო, ქონებაზე უარი რომ თქვა. მე იმიტომ ვთქვი უარი, რომ მივხვდი, უნდა დამეხარჯა ფული, რაღაც ამეშენებინა, და ბოლოს არაფერი შემრჩებოდა. რადგან თავისი შინაარსით ეს უსაფუძვლო პროგრამაა. არ შეიძლება, რომ ეს ქონება ვიღაცას აჩუქონ. ეს მთავრობა, რომ წავა, სახელმწიფო ამ ქონებას უკან დაიბრუნებს. ეს არის სახალხო ქონება და ასეთი პროგრამა სახელმწიფოს პირდაპირი ძარცვაა“.

როგორც ჩანს, კახა გელაშვილს გაუმართლა, რადგან უცხო პირთა მონაწილეობა ზოგჯერ მათთვის არასასურველი შედეგით მთავრდებოდა. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის დავით საგანელიძეს თქმით, ეს ტენდერი სხვა ტენდერებისგან არაფრით განსხვავდებოდა, სქემაც ანალოგიური იყო. 

„გეუბნებიან, შეიტანე განაცხადი ამ კონკურსზე, მაგრამ ისეთი პირობებით, რომ ჩემსას ვერ აჯობოს, მაგრამ როცა უცხომ შეიტანა, ის ღამის ოთხ საათზე სახლიდან გამოათრიეს. რადგან არ იცოდნენ, რა ჩადო მან თავის წინადადებაში. ეს აუქციონები იყო დაშინების და მუქარის ფონზე და უცხო მასში მონაწილეობას ვერ მიიღებდა“.

პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ გამარჯვებული კომპანიების უკან სახელმწიფო მოხელეები დგანან:

„ეს ყველაფერი წყდებოდა ყურიდან-ყურში, ჩურჩულით, კახა ბენდუქიძის და ლადო ჭიპაშვილის კაბინეტში. მხოლოდ მათ იცოდნენ, როდის რომელი ობიექტი გამოდიოდა გაყიდვაზე“.

კახა გელაშვილმა საავადმყოფოზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ ვალდებულებების აღება საკუთარ თავზე აბსურდული იყო. მისი თქმით, ხელშეკრულებაში ისეთი მუხლებია ჩადებული, რომლის ნდობაც არ შეიძლება. მაგალითად ნასყიდობის ხელშეკრულების 5.7 მუხლი მოიყვანა: „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობა და დაწესებულ ვადებში ჯარიმის გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად. ასეთ შემთხვევაში „გამყიდველს“ უბრუნდება „მყიდველისთვის“გადაცემული ქონება. საგარანტიო თანხა რჩება „გამყიდველს და „მყიდველს“ არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.“

“ანუ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა სახელმწიფომ, რაც მომცა იმას წამართმევს. მაგრამ სად მაქვს იმის გარანტია, ჩამითვლის თუ არა სამუშაოს ჯეროვნად“.

კახა გელაშვილი დარწმუნებულია, რომ ტენდერის ჩატარების პრინციპი საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, კერძოდ საქართველოს კანონს „თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის შეასხებ“.

„მე-7,მე-8, მე-9 მუხლებში წერია, რომ სახელმწიფომ არ უნდა მისცეს პრივილეგია რომელიმე ფირმას, არ უნდა შექმნას ისეთი პროგრამა, რომელიც არათანაბარ პირობებში აყენებს ეკონომიკურ აგენტებს, მაგალითად, მე და „ბლოკ ჯორჯიას“.
მე, კახა გელაშვილმა, შპს „გინეკაში“ ავიღე ქირით 848 კვ.მ. და 6 თვის განმავლობაში ეტაპობრივად 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელე. ეხლა სახელმწიფომ წამართვა ეს ფართი და „ბლოკ ჯორჯიას“ აჩუქა. კი მაგრამ, მე რომ მილიონი ჩავდე, ინვესტორი არ ვარ? ის მომავალში ან ჩადებს ან არ ჩადებს, ჯერ არავინ იცის. მაგრამ მაინც ჩუქნი მას“.

„გინეკას“ ხელმძღვანელის თქმით, ყველა იმ პირს, ვისაც  მერვე საავადმყოფოს ტერიტორიაზე იჯარით აქვს აღებული ფართი, დიღმის კლასტერში მიწას ნორმატიულ ფასად აძლევენ.
„იმას 50 მილიონდოლარიან საავადმყოფოებს ჩუქნის, რომ მოიზიდოს ინვესტიცია, და მე რომ ახლის შენება დავიწყო, მიწა უნდა ვიყიდო?!“.

ამიტომ კახა გელაშვილი ამტკიცებს, რომ ინვესტორებისთვის არათანაბარი პირობების შექმნის გამო, ეს უკანონო დადგენილებაა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი. ტენდერების ჩატარების დროს სამინისტრო არ ითხოვდა მკაცრად გაწერილ პროგრამას, თუ რა პერიოდში რას გააკეთებდა ინვესტრი მის მიერ აღებული ვალდებულებებიდან. ახალი საავადმყოფოს ასაშენებლად ან ძველის გასარემონტებლად, ვადა ყველას თითქმის ერთნაირი ჰქონდა.  თუმცა, ზოგი შეიძლება კოსმეტიკური რემონტით შემოფარგლულიყო, რისი მაგალითებიც უკვე არსებობს. ზოგს კი სერიოზული მშენებლობა დაეწყო. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ამ ხარვეზს აღიარებენ და ამბობენ, რომ დარჩენილი 5 ლოტის გამარჯვებულს ამ გეგმას აუცილებლად მოსთხოვენ.

მოკვლევის შემდეგ ნაწილში თქვენ ნახავთ რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ექიმები, რომელთა დიდი ნაწილი დღეს უკვე უმუშევრადაა დარჩენილი და რა ხდებოდა იმ საავადმყოფოებში, სადაც ინვესტორები დიდი გეგმებით შევიდნენ.

ნაწილი III

ახალი ამბები