კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მედიაზე ზეწოლა ნიშნავს, რომ გვაშინებენ და გვატყვევებენ“

14 ივლისი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  

ქართველი ხალხი „სიურპრიზებს“ შეეჩვია. ყოველი ახალი დღე ჩვენს ქვეყანაში ან საკუთრების ჩამორთმევით იწყება, ან საცხოვრებიდან გასახლებით, ან არხის ან ტელეგადაცემის დახურვით. ჩვენი ხელისუფლება იშორებს ყველაფერს, რაც და ვინც წინ ეღობება.

რამდენიმე დღის წინ „მზის“ ერთ-ერთმა კორესპონდენტმა კოლეგებთან იხუმრა: კარგს ვამბობდით და მაინც დაგვხურეს. წარმომიდგენია, კრიტიკულები რომ ვყოფილიყავით, რას გვიზამდნენო.

მედიაზე ზეწოლის გამო საზოგადოება უკმაყოფილებას არ ფარავს. გამოკითხული ქუთაისელების უმრავლესობა ფიქრობს, რომ „მიმდინარე პროცესებით ხელისუფლება ხალხის დაშინებას ახორციელებს და ეს  ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.“ 

თამარ ხვადაგიანი, ეკონომისტი: „ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ქვეყანაში არასერიოზული სიტუაციაა. სადაც ამხელა პროექტებს და ტელეკომპანიებს მოერია ჩვენი მთავრობა (ვგულისხმობ ტელეკომპანია „იმედს“ და ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა „პრაიმ-ტაიმს“), ძნელი წარმოსადგენი არაა, რა ელოდება რიგით ადამიანებს. ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ვარ. რაიმე ალტერნატიული მაინც შემოეთავაზებინათ. თუმცა, რა ალტერნატივაზეა საუბარი. არ აწყობთ მედიის აქტიურობა და იმიტომაც იქცევიან ასე“.

თეა მეშველიანი, მათემატიკოსი: „სახელმწიფოს აწყობს, ხალხი ინფორმაციულ ვაკუუმში ჰყავდეს. რაც უფრო ნაკლები გვეცოდინება, მათთვის უკეთესია. მათ არ აწყობთ არანაირი ტელევიზია. უფრო სწორად, აწყობთ ისეთი, სადაც იქნება მხოლოდ სერიალები და გასართობი გადაცემები.“

ლია ხარაბაძე, ჟურნალისტი: „ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ახალი არაფერი მომხდარა. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია არ არსებობს. თუმცა, გვქონდა მეტნაკლებად დამოუკიდებელი მედია-საშუალებები: „მე-9 არხი“, „იმედი“, „რუსთავი-2“, „მზე“, რომლებიც სხვადასხვა გადაცემებით, საინფორმაციო გამოშვებებით ახერხებდნენ სამართლიანი ინფორმაციის მაყურებლამდე მიტანას. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ყველაფერი ყირაზე დადგა. „რუსთავი-2“ ხელისუფლების არხად იქცა, დანარჩენები დაიხურა. 7 ნოემბრის მოვლენები და „იმედის“ დახურვა (დახურვის ფორმა), ეს იყო ამაზრზენი ფაქტი. რაც შეეხება „მზის“ საინფორმაციოს დახურვას, ესაა მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობა და საზოგადოებისთვის საინფორმაციო წყაროს შეწყვეტა“  .

მაგული პაპალაძე, ეკონომისტი: „ეს არ არის კარგის მომასწავებელი. ყველა გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში ერთპიროვნულია. აზრის გამოთქმა საშიშია. ხალხის  აზრი არც არავის აინტერესებს. დემოკრატიის მოსპობისკენაა ეს ყველაფერი მიმართული. ესეც, ტელევიზიებზე და ზოგადად, მედიაზე ზეწოლა -  ამ ყველაფერზე მეტყველებს. ამ ქვეყანაში დემოკრატია (თუ საერთოდ არსებობს ის) დღითიდღე კარგავს ღირებულებებს“ .

თამაზ მაჩალაძე, პენსიონერი: „დააკვირდით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. დაძაბული ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, აფხაზეთთან, ცხინვალთან. თავზე გვემხობა ყველაფერი და ბუნებრივია, ხელისუფლებას არ აწყობს, ამ ყველაფერზე ხალხი ინფორმირებული იყოს. აქვთ „რუსთავი -2“ის საინფორმაციო და იქ, რაც უნდათ, რაც აწყობთ, იმას გაუშვებენ. სამაგიეროდ, ტელესერიალები არ გვაკლია და გავერთობით  ამ ზაფხულში.“

მალხაზ გორდაძე, ფინანსისტი: „რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე. ესაა მარაზმი, ხალხის დამცირება, სულში ჩაფურთხება, დაცინვა... ყველაფერი იქით მიჰყავთ, რომ გაფიქრებინონ, ბრძოლას არანაირად არა აქვს აზრი. მაინც ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათ სურთ. აქ ხალხი არავის აინტერესებს. მედიაზე ზეწოლა პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ „ვარდების მთავრობა“ ამ საქციელით თითს გვიქნევს, გვაშინებს და გვატყვევებს. ჩვენ, რიგითი ადამიანები ამ ხელისუფლების ტყვეები ვართ.“

მადონა ლოლაძე, პედაგოგი: „ამ ქვეყანაში ხალხის აზრი (რას ფიქრობს ხალხი) ვინმეს აინტერესებს? მართლა ძალიან გამიკვირდა, რომ თქვენ - ჟურნალისტები, ჩვენ - რიგით ადამიანებს გვეკითხებით, რას ვფიქრობთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და იმაზე, რომ მედიაზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება. ეს კარგია და მადლობა იმისთვის, რომ ვიღაცა ხალხის აზრითაც დაინტერესდა. რაც შეეხება უშუალოდ ფაქტს, საშინელებაა. თუ აქამდე მთავრობას დაბრმავებული ვყავდით (გირგვლიანის და სხვა ფაქტების მიუხედავად, ურცხვად გვიცხადებდნენ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავენ და დემოკრატია შენდება), ახლა სიბრმავეს სიყრუეც დაემატა. ეს კი, ტრაგედიაა და ქვეყანას კარგს არაფერ მოუტანს.“ 

ახალი ამბები