კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პატრიოტი" თუ პატარა ბიჭების ხელისუფლება შიდა ქართლში

15 ივლისი, 2008

(ადგილობრივ ხელისუფლებაში ყველაზე სტაჟიანი და თავისი საქმის პროფესიონალი - დამლაგებელია)

საბა წიწიკაშვილი, გორი

"თქვენთვის კი არ ვმუშაობთ აქ? გვაცალე მუშაობა, უამრავი საქმე გვაქვს" - ასეთ საუბარს იწყებენ გორის ადგილობრივ ხელისუფლებაში ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლების განცხადებების დანახვაზე. მიმდინარე წელს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისიდან შესულ რამდენიმე ათეულ განცხადებაზე პროფესიონალური პასუხი არც ერთხელ გაცემულა. ამის შესახებ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისი შეგროვებულ მასალებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს გადაუგზავნის შესაბამისი დასკვნებისა და შეფასებების გასაკეთებლად.

,,თქვენთვის ცალკე შტატს ნამდვილად არ გამოვყოფთ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის" - გვითხრეს შიდა ქართლის გუბერნატორის და გორის რაიონის გამგებლის კანცელარიაში. როგორც ყოველთვის ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისების წერილობით განცხადებებს პასუხობს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო სამხარეო ადმინისტრაციაში - გუბერნატორის მოადგილე. სწორედ ისინი აწერენ ხელს ჩვენთვის მოწოდებულ საჯარო ინფორმაციას, რომელიც რა თქმა უნდა უმრავლეს შემთხვევაში არასრულყოფილია და თანაც დაგვიანებული.

ამის შესახებ არაერთხელ დავაყენეთ საკითხი გამგებლისა და გუბერნატორის სახელზე. გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი დაგვპირდა, რომ თუკი ვინმე მისი თანამშრომლებისგან დააშავებს, პირადად მოსთხოვს პასუხს.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა" შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა შრომითი და ავტობიოგრაფიები მოითხოვა.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია

ვლადიმერ ვარძელაშვილი სახელმწიფო მართვის საქმეებში 2003 წლიდან ჩაერთო, ჯერ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე, შემდეგ კი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო.

ზურაბ ჩინჩილაკაშვილი, ვიდრე ვარძელაშვილის მოადგილე გახდებოდა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მისი პოლიტიკური კარიერა უფრო ადრე 1998 წლიდან დაიწყო, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამდივნოში სპეციალისტად მიიყვანეს. 2004 წლიდან 2007 წლამდე თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდულ განყოფილებაში მუშაობდა. 2007 წელს გარემოს დაცვის სამინისტროში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი იყო.

რამაზ ჩოჩიშვილი  გუბერნატორის მეორე მოადგილე წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში მუშაობდა, ცოტა ხანს თბილისის მერიის სპორტისა და ტურიზმის სამსახურში იმუშავა, გუბერნატორის მოადგილეობამდე გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. მისი გამგებლობის პერიოდში ერთ-ერთმა კერძო კომპანია ,,იბერიამ" მიხეილ ქარელის დროს მუნიციპალიტეტის შეღებილი ფასადების ფული მოსთხოვა, რომლის წინააღმდეგ გამგებელი წავიდა. ,,იბერიამ" მუნიციპალიტეტს სასამართლოში უჩივლა და სასამართლოს მეშვეობით დასტყუა თანხა რაიონის ახალ ხელმძღვანელობას. როგორც ჩვენ გავარკვიეთ, შპს ,,იბერიას" რეგიონების მართვის მინისტრი ლობირებს. ,,იბერიამ" მარტო 2004 წელს 2 მლნ ლარის ღირებულების სამუშაო თბილისის ფასადების შეღებვის დროს შეასრულა. თბილისში რომ აღარაფერი დარჩა შესაღები, რეგიონებში დაიწყეს მუშაობა. სწორედ ,,იბერიასთან" დაკავშირებულმა გაუგებრობამ გამოიწვია რამაზ ჩოჩიშვილის გათავისუფლება მუნიციპალიტეტის გამგებლობისგან.

ბადრი ნანეტაშვილი  გუბერნატორის მესამე მოადგილეა და პროფესიით მეტალურგი.  1989 წელს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჩამომსხმელი მუშა იყო. შემდეგ ქალაქ ქარელში ტელევიზია გააკეთა. რამდენიმე წლიანი ხარვეზიანი მუშაობის შემდეგ 1990-იანი წლების ბოლოს გორის გამგებელი გივი გაგნიძემ ბადრი ნანეტაშვილს ტელევიზიის გორში გადმოტანაში დაეხმარა. ტელეკომპანია ,,თრიალეთი" დღემდე მაუწყებლობს, თუმცა სიხშირე იმდენად სუსტია, რომ ბევრ სოფელში არც აჩვენებს. ბადრი ნანეტაშვილი თავისი ,,თრიალეთის" წყალობით ჯერ პარლამენტარის სიაში 2004 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა ჩასვა, ხოლო 2008 წელს გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა მოადგილედ გადაიყვანა.

დღეს ბადრი ნანეტაშვილი ლადო ვარძელაშვილს დიდ პატივში ჰყავს.  ყოველი კვირის ხუთშაბათს და პარასკევს ადგილობრივი ჩინოვნიკები პირდაპირ ეთერში სხედან და პირდაპირ ილაშაქრებენ ხელისუფლებისათვის მიუღებელი პარტიების და ორგანიზაციების შეხედულების წინააღმდეგ.

გიორგი ავალიანი შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსია. გორში ჩამოსვლამდე ავალიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პატრიოტის" თავმჯდომარე იყო, ასევე ,,სუამის" ქვეყნების საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციის საქართველოს მხარის კოორდინატორი. გიორგი ავალიანი პარალელურად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების მაგისტრანტია .

სამხარეო ადმინისტრაციის დანარჩენი 20 კაცი ჩვეულებრივი ბიოგრაფიებით გამოირჩევა. ზოგი თავის დროზე პირდაპირ ,,ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგებიდან მოიყვანეს. რამდენიმე სკოლაში მუშაობდა, ზოგი კიდევ სხვა და სხვა სამდივნოების სპეციალისტებად იყვნენ დასაქმებული გუბერნიის აპარატში.

ერთადერთი, ვინც თავიდან ბოლომდე პატიოსნად, ღირსეულად და პროფესიონალურად ემსახურება თავის საქმეს, ეს ქალბატონი ლეილა თათანაშვილი იყო.

ლეილა თათანაშვილმა 1973 წელს გორის რაიონის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დამლაგებლობა დაიწყო. იგი პიონერთა სასახლეს 3 წელი ალაგებდა. 1980-82 წლებში გორის რაიონის ბავშვთა და მოსწავლეთა სპორტული სკოლის დარაჯიც იყო. მისი შრომისმოყვარეობა ადგილობრივ ხელისუფლებაში 1982 წელს დაინახეს. 1982-89 წლებში ლეილა თათანაშვილი გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკობის დამლაგებელი იყო. 1989-91 წლებში გორის საბინაო მეურნეობის #1 ტრესტის, 1991-92 წლებში გორის პრეფექტურის, ხოლო 1992-95 წლებში გორის რაიონის გამგეობის დამლაგებელი იყო. ამჯერად ლეილა თათანაშვილი გუბერნიის აპარატში გადაიყვანეს და დღემდე რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის დამლაგებელია. მიუხედავად ამ სფეროში მისი ყველაზე ხანგრძლივი სტაჟისა, ყველაზე დაბალი ხელფასი ქალბატონ ლეილას აქვს, რომელსაც 1973 წლიდან დამლაგებლის პროფესიისთვის არ უღალატია.

 

ახალი ამბები