კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სუბარმა ხელისუფლებას ის დღე გაახსენა, რომლის ისტორიიდან ამოშლასაც მონდომებით ცდილობენ

19 ივლისი, 2008
„7 ნოემბრის წინაშე ხელისუფლება ბოლომდე შიშვლდება“
ეკა ქევანიშვილი, თბილისი

სახალხო დამცველს 15 ივლისს პარლამენტისათვის ახალი არაფერი უთქვამს,  უმრავლესობა კი მაინც ისე აღშფოთდა, თითქოს 2007 წლის 7 ნოემბერი სოზარ სუბარის ფანტაზიის ნაყოფი იყო. თითქოს მანვე მოიგონა „იმედის“ დარბევა, ზოგადად, მედიის ტერორი, გაყალბებული არჩევნები და ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავი ფაქტი, რომელიც მის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში შევიდა.

„პოლიტიკურად აქტიური სპექტრის მიმართ გამოყენებულ იქნა დაშინების ფაქტობრივად ყველა საშუალება: მუქარა, თვალთვალი, ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ადამიანთა გატაცება, ახლობლებზე ზეწოლა, ოპოზიციური ძალების წარმომადგენელთა დაკავება როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი წესით. პოლიტიკურ ნიადაგზე პირთა დევნა გარკვეული დროის განმავლობაში ტენდენციად იქცა. ოპოზიციური პარტიების ცალკეული წევრები მიუთითებენ მათ გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, უცნობი პირების მიერ განხორციელებულ მუქარის ზარებზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. თითოეული ასეთი შემთხვევა უკავშირდება ამა თუ იმ კონკრეტულ პოლიტიკურ აქტივობას, იქნება ეს აქცია თუ საინფორმაციო კამპანია გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ.

ყველა საშუალებითა და ხერხით ხდებოდა იმ პირთა დაშინება და პოლიტიკურად გაუვნებელყოფა, რომლებიც ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს მიეკუთვნებოდნენ. ამის ნათელი მაგალითია სახალხო დამცველის აპარატში შემოსული არაერთი განცხადება. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებმა კახა კუკავამ, კობა დავითაშვილმა და  ბეჟან გუნავამ არაერთხელ განაცხადეს მათი დევნისა და თვალთვალის შესახებ. მიუხედავად ამისა, არცერთი ასეთი განცხადება სამართალდამცავი ორგანოების სათანადო ყურადღების საგანი არ გამხდარა და არც რაიმე სამართლებრივი შედეგი დადგა“ - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში, კერძოდ, ქვეთავში „პოლიტიკური დევნა“. ეს განწყობა ვრცელდება ანგარიშის დანარჩენ 39 თავშიც. ყველა მათგანზე პარლამენტის წინ წარმდგარ სოზარ სუბარს  დეტალურად არ უსაუბრია, თუმცა ის თემები, რაზეც მან ხელისუფლების წინაშე ყურადღება გაამახვილა, საკმარისი იყო იმისათვის, რომ  მისი გაღიზიანება გამოეწვია.

უმრავლესობამ სოზარ სუბარს პოლიტიკურად გაუწონასწორებლობაში დასდო ბრალი, მის ანგარიშს კი ზედაპირული უწოდა. გაისმა სხვა შეფასებებიც: „ანგაჟირებული“, „არაკომპეტენტური“. ისიც თქვეს, რომ ამგვარი ანგარიში  სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახდენს.

„2007 წლის მეორე ნახევარში 7 ნოემბრს განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება საქართველოში. პირველად საქართველოს ისტორიაში აქციის დასაშლელად გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალებები (წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები, ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოწყობილობა), რაც ხასიათდებოდა არაპროპორციულობით და ზოგ შემთხვევაში უკანონობით. სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები თვალყურს ადევნებდნენ საპროტესტო აქციების მიმდინარეობას. აქციის დაშლისას ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებულ გამოყენებას, დემოკრატიულ ფასეულობებსა და კანონის უზენაესობაზე უარის თქმას, სისასტიკეს, დევნას ქუჩებსა და შენობებში, ასევე კანონის უხეშ დარღვევას, რაც გამოიხატება კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური საშუალების – რეზინის ტყვიების გამოყენებაში. ამასთან ერთად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ადგილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისაც, რის შედეგადაც დაზიანდა რიყის საპროტესტო აქციის სამი მონაწილე. 7 ნოემბრის მოვლენებმა არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა გამოიწვია, არამედ სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობა, შეილახა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი...

მაღალი ალბათობით შეიძლება იმის მტკიცება, რომ აღნიშნულ თავდასხმებში სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რამდენადაც დაზარალებულებიც და თვითმხილველებიც ამტკიცებენ, რომ თავდამსხმელებს სპეციალური შავი ფორმები ეცვათ, რაც მათ ძალოვან სტრუქტურებთან კუთვნილებას ასაბუთებს“ - ესეც მოკლე ამონარიდი შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების შესახებ ქვეთავიდან.
ტრადიციულად ყველა ქვეთავს თან კონკრეტული ფაქტები და რეკომენდაციები ახლავს.

სოზარ სუბარი საკმაოდ მკაცრი იყო შეფასებებში.

„არავინ აგო პასუხი ჟურნალისტების და ტელეკომპანია ”იმედის” წინააღმდეგ განხორციელებული იმ არაჰუმანური ქმედებების გამო,” - თქვა მან.
ისაუბრა ბოლო დროს ტელეკომპანია ”კავკასიის” და კახეთის რეგიონული რადიოს, ” ჰერეთის” გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. მისი თქმით, „კავკასიაც“ და „ჰერეთიც” პრობლემების წინაშე დგანან, რადგანაც ბიზნესმენებს აიძულებენ გამოიტანონ იქ განთავსებული რეკლამები.

მან ასევე დაგმო საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება სტუდია ”მაესტროსთვის” პოლიტიკური პროგრამების გაშვების ლიცენზიაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. სუბარის თქმით, კომისია განზრახ აჭიანურებს სასამართლო განხილვებს ამ საქმესთან დაკავშირებით.

შემდეგ სუბარმა შეკრების თავისუფლების უფლების დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება.

“ნოემბრის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ხელისუფლება შეუწყნარებელია დემონსტრაციების მიმართ“ - მოკლედ მან ახსენა ყველა ის მომენტი, რისი დავიწყებაც ხელისუფლებას ძალიან სურს.

უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი დავით დარჩიაშვილი სუბარის ანგარიშის კრიტიკის მიზეზად შემდეგს ასახელებს: „სახალხო დამცველის გულწრფელობაში არ მინდა ეჭვი შევიტანო, მითუმეტეს, თავის საქმის სიყვარულში. მაგრამ სხვა ამბავია  ექსპერტიზა და პროფესიონალიზმი. როდესაც ამ ანგარიშში ასობით ამბავია მოთხრობილი,  როდესაც სახალხო დამცველს არ აქვს გამოძიების უფლება, კითხვის ნიშნები, ცხადია, ჩნდება, შეესაბამება თუ არა რეალობას მის ანგარიშში მოთხრობილი ამბები.  მეორე პრობლემა, რომელიც უფრო თვალნათელია, ის არის, რომ მის გარკვეულ განცხადებებს პოლიტიკური ჟღერადობა აქვს, რაც ასევე არ მგონია, რომ აძლიერებდეს სახალხო დამცველის ინსტიტუტის ავტორიტეტს და მითუმეტეს, არ მგონია, რომ ეს ხელს შეუწყობს კონკრეტული ადამიანების კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტას“.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს, „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრს, ნიკა ლალიაშვილს არ უკვირს  უმრავლესობის ასეთი რეაქცია:  „ეს მოსალოდნელი იყო. სახალხო დამცველი შეეხო მათთვის ყელაზე მტკივნეულ საკითხს, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებები. სუბარმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ამ ხელისუფლებისათვის ყველაზე კრიტიკული დღე - 7 ნოემბერი. ხელისუფლება ყველა გზით ცდილობს საერთოდ ამოშალოს ეს დღე საქართველოს ისტორიიდან და  ყოველ ჯერზე მისი შეხსენება მათ ნერვებს უშლის. ამ დღის პირისპირ მდგომი ხელისუფლება ბოლომდე შიშვლდება, ამიტომაც არის ეს თემა ასე ტაბუირებული. სუბარის ანგარიში ეს იყო ის კონცენტრატი, რომელიც შეიცავდა ხელისუფლებისთვის უსიამოვნო საკითხებს. მე და ჩვენი ფრაქცია ამაში ვერაფერს პოლიტიკურს ვერ ვხედავთ. ჩვენთვის ეს იყო სრულიად მოსალოდნელი განცხადება. თუმცა, ჩვენ კითხვაც კი დავსვით,  ვისი უფლებების დაცვაზე საუბარი, როდესაც სახალხო დამცველმა 7 ნოემბერს თავის სხეულზე იგემა ის რაც იმ დღეს მოხდა და ეს საქმე დღემდე არ არის გამოძიბული, მიუხედავად იმისა, რომ სახელებით და გვარებით იცის ყველამ დამრბევთა ვინაობა“.

პ.ს. 7 ნოემბრის თემამ სახალხო დამცველის ანგარიშში გამახვილებული არაერთი საინტერესო საკითხი გადაფარა. www.humanrights.ge აპირებს ახლო მომავალში ამ საკითხებს კვლავ დაუბრუნდეს.


ახალი ამბები