კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხე - მონიტორინგის გარეშე

21 ივლისი, 2008

მაკა მალაყმაძე, ბათუმი.

ციხეებთან არსებული მონიტორინგის ჯგუფებს უფლებამოსილება შეუჩერდათ. იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილების გაგრძელებას არ ჩქარობს. მონიტორინგის ჯგუფის წევრები კი ამ ფაქტს აფასებენ, როგორც ხელისუფლების ინტერესს, რომელიც ციხეებში არსებული პირობების გაუხმაურებლობას უკავშირდება. საპყრობილეებში მონიტორინგის წარმოება მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეუძლიათ. თუმცა, ეს უკანასკნელნი, ამ უფლებით ნაკლებად სარგებლობენ.

ციხეებში შესვლის უფლება მონიტორინგის ჯგუფის წევრებს 2008 წლის იანვრიდან შეუწყდათ, თუმცა მაშინ მათ უფლებამოსილება  1 მარტამდე გაუგრძელეს. ჯგუფის წევრებს 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეეძლოთ საპყრობილის საკნებში შესვლა და პატიმრების მონახულება. ისინი ანაზღაურების გარეშე ეწეოდენენ საქმიანობას.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების მიერ შვიდ-შვიდი ადამიანით დაკომპლექტებული ჯგუფები, საქართველოში არსებული 18 ციხიდან 11-ში ახორციელებდა მონიტორინგს. მათ ეს უფლება ორი წლის წინ იუსტიციის სამინისტრომ მიანიჭა. მონიტორინგის ჯგუფის წევრები საერთშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ციხის საერთაშორისო რეფორმის PRI ინიციატივითა და მხარდაჭერით დაკომპლექტდა.

მონიტორინგის ჯგუფის წევრების რეკომენდაციით ბათუმის # 3 საპყრობილეში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა. „ადგილზე რა პრობლემების გადაჭრაც შეიძლებოდა, ვგულისხმობ, პირობების ცოტათი გაუმჯობესებას, სარკმელების გაზრდას, ვენტილაციის გაუმჯობესებას, ყველაფერს ვაკეთებდით. ძალიან ხშირად ჩვენ ვიყავით პატიმრების ნათესავებთან დამაკავშირებელი რგოლი. იყო შემთხვევა, როდესაც პატიმარი ახლობლებს ვერ უკავშირდებოდა, ოჯახმა არ იცოდა, რომ ის დაკავებული იყო. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიწერდით ტელეფონის ნომრებს და ვუკავშირდებოდით მათ ახლობლებსა თუ ადვოკატებს“, ამბობს მონიტორინგის ჯგუფის წევრი გენო გელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი.

გელაძე მონიტორინგის ჯგუფის წევრებზე უფლებამოსილების ჩამორთმევას ვიღაცის მხრიდან დაინტერესებად აფასებს: „ვიღაცას  -  სისტემას ან პიროვნებას, არ აწყობს მონიტორინგის გაგრძელება საპყრობილეში. თუ ყველაფერი რიგზეა საპყრობილეში, მაშინ კეთილი ინებონ და იქ მიმდინარე პროცესები გამჭვირვალეც იყოს. მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის შეწყვეტით მათ გამოხატეს ნება, რომ არ სურთ გამჭვირვალობა. მონიტორინგის წევრები საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ ვამბობდით, თუ როგორი სიტუაციები იყო იქ. ჩვენ ვიყავით პირველწყარო მედიისთვისაც. ახლა, ჩვენ იქ არსებული სიტუაციიაზე ვერაფერს ვიტყვით, რადგან უფლებამოსილების არქონის გამო ვეღარ შევდივართ“.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თეა ქიმერიძის თქმით, პროგრამა არ შეწყდება: „მონიტორინგის ჯგუფები კონკურსის წესით იყო შერჩეული და დანიშნული 2 წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ, კონკურსის დანიშვნის შესახებ, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ არის მიღებული. სამინისტროში მიდის მსჯელობა, რომ განისაზღვროს პოლიტიკა, თუ როგორ განხორციელდება მომავალში საზოგადოებრივი კონტროლი ციხეებზე“.

ქიმერიძის განცხადებით, პროგრამა არ შეწყდება: „პატიმრობის შესახებ კანონი ითვალისწინებს საზოგადოებრივი კონტროლის არსებობას ციხეებში. სამწუხაროდ, გარკვეული ვადით საზოგადოებრივი კონტროლის კუთხით წყვეტაა“.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ციხის საერთაშორისო რეფორმის, მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორი, ცირა ჭანტურია აღნიშნავს: „ძალიან ეფექტურად მუშაობდნენ ადგილობრივ ადმინისტრაციასთან საკითხების მოგვარებაში. სათანადო რეაგირება რომ ყოფილიყო იუსიტიციის სამინისტროსგან, უფრო სისტემურ საკითხებსაც მოაგვარებდნენ“.

პროგრამის კოორდინატორი ამბობს, რომ სექტემბრიდან პრევენციის ეროვნული მექანიზმი უნდა შეიქმნას და ამ კომისიების დარჩენა, საკითხავი იქნება. სამინისტროს პოზიცია ასეთია, რომ თუ იარსებებს პრევენციის ეროვნული მექანიზმი, პარალელურად კომისიების არსებობას აზრი არ აქვსო. თუმცა ეს საკამათო საკითხია, რადგან მონისტორინგის ჯგუფი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი არანაირად არ უშლიან ხელს ერთმანეთს. პირიქით, შეუძლიათ ერთმანეთი შეავსონ“.
 
მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრებს სექტემბრამდე უფლებამოსილება სიტყვიერად გაუგრძელდათ, მათ ამის დამადასტურებელი მოწმებები არ მიუღიათ: „ახლა მხოლოდ ქალთა დაწესებულების მონიტორინგის ჯგუფს აქვს შესაძლებლობა რომ ჩაატაროს მონიტორინგი, იმიტომ, რომ მათ მიიღეს უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობები“.

ამჟამად, საპყრობილეებში მონიტორინგის წარმოების უფლება მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატს და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს გააჩნიათ. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების უფლებამოსილება 20 ივლისამდე ჰქონდა.
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ ბათუმის #3 საპყრობილედან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭოს სამი დეპუტატი: პეტრე ზამბახიძე, რაულ თავართქილაძე და ბეჟან გობაძე, ბათუმის საპყრობილეში 2004 წლიდან დღემდე, მხოლოდ ოთხჯერ იმყოფებოდნენ.


ახალი ამბები