კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ხელმძღვანელობას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ

24 ივლისი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ყოფილი თანამშრომლები საწარმოსგან სახელფასო დავალიანებების გადახდას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ნატალია ნიბლაძემ, ზაურ მღებრიშვილმა და სხვებმა თელავის რაიონულ სასამართლოსაც მიმართეს. მოსამართლემ ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" მოსარჩელეების სასარგებლოდ თანხის გადახდა დააკისრა, თუმცა იმ მიზეზით, რომ კომპანია გაკოტრების პროცესშია, კახეთის სააღსრულებო ბიურო იძულებით აღსრულებას ვერ ახდენს.

ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიმართ გაკოტრების საქმე თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 აგვისტოს განჩინებით გაიხსნა. საწარმოს გაკოტრების განცხადებით სასამართლოს 2005 წლის 26 ივლისს თელავის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა გიორგი შაშურიშვილმა მიმართა. "ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" 2005 წლის 26 ივლისის მდგომარეობით ბიუჯეტის წინაშე ერიცხება დავალიანება 5 858 800 ლარის ოდენობით. თელავის საგადასახადო ინსპექციის გარდა საწარმოს ჰყავს სხვა უამრავი კრედიტორი, რომელთა მიმართაც "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" გააჩნია დიდი დავალიანება. საწარმოს ქონება არსებული მონაცემების მიხედვით შეადგენს 2 752 483 ლარს, რაც ვეღარ ფარავს მის ვალდებულებებს", - აღნიშნულია გაკოტრების შესახებ საგადასახადო ინსპექციის განცხადებაში.

გაკოტრების საქმის გახსნის შემდეგ ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გაკოტრების მმართველმა ზურაბ ჯანჯღავამ, კომპანიიდან არაერთი თანამშრომელი გაათავისუფლა. ერთ-ერთი მათგანმა ზაურ მღებრიშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ კუთვნილი ხელფასის გადახდის მოთხოვნით კომპანიას არართხელ მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 2007 წლის 20 თებერვალს მღებრიშვილმა სარჩელით თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართა და მის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის 1696 ლარის გადახდა მოითხოვა. მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ენერგოკომპანიას მღებრიშვილის სასარგებლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდა დააკისრა.

სასამართლომ ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციიდან" გათავისუფლებული თანამშრომლის ნატალია ნიბლაძის სასარჩელო მოთხოვნაც დააკმაყოფილა. ენერგოკომპანიას ამ შემთხვევაშიც მიუღებელი ხელფასის გადახდა დაეკისრა, მაგრამ უშედეგოდ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროდან ნიბლაძეს აცნობეს, რომ ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიმართ იძულებითი აღსრულება შეჩერებულია გაკოტრების საქმის დამთავრებამდე.

"კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გურჯაანის სერვის – ცენტრიდან ისე გამათავისუფლეს, რომ არც კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლება მომცეს და არც კომპენსაცია. გათავისუფლების მიზეზად ენერგოკომპანიის ხელმძღვანელებმა საწარმოს რთული ფინანსური მდგომარეობა დაასახელეს, არადა ელექტროენერგიის რეალიზაციის გეგმა მთლიანად სრულდებოდა, უფრო მეტიც, შემოსავლები დაგეგმილს აჭარბებდა, მაგრამ ხელფასებს არ გვაძლევდნენ. მას შემდეგ რაც სასამართლომ კომპანიას ჩემს სასარგებლოდ თანხის გადახდა დააკისრა, "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" იურისტმა დავით სულიაშვილმა განმიცხადა, რომ კუთვნილ ხელფასს გაკოტრების საქმის დამთავრებისთანავე მივიღებდი. გაკოტრების პროცესი უკვე მესამე წელია რაც გრძელდება და მას არავინ აკონტროლებს. მე, როგორც ენერგოკომპანიის ყოფილი მოლარე, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" ფაქტობრივად ერთ-ერთი მომგებიანი ორგანიზაციაა. სრულად ხდება მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ამოღება და საწარმოს აქვს დამატებითი შემოსავლებიც. ამას ისიც ადასტურებს, რომ კონკრეტულად ენერგოკომპანიის გურჯაანის სერვის – ცენტრში და როგორც ვიცი, სხვა განყოფილებებშიც, 2007 წელს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელ პირებზე პრემიების სახით დიდი ოდენობით თანხები გაიცა. ვფიქრობ, რომ გაკოტრების პროცესს შეგნებულად აჭიანურებენ. ალბათ, იმის გამო, რომ კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები არ გადაიხადოს", - აღნიშნავს ნატალია ნიბლაძე.

ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ამჟამინდელი ხელმძღვანელი ზურაბ დიღმელაშვილი უარყოფს. მისი თქმით, გაკოტრების პროცესი რამდენიმე თვეში დასრულდება და ყოფილმა თანამშრომლებმა შესაძლოა, კუთვნილი ხელფასები მიიღონ.

 

ახალი ამბები