კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარაში რადიო „თავისუფლება“ აღარ მაუწყებლობს

30 ივლისი, 2008

გელა მთივლიშვილი, ბათუმი

მეოთხე კვირაა აჭარაში რადიო „თავისუფლება“ აღარ მაუწყებლობს. გადაცემების ტრანსლირების შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად, აჭარის ტელერადიო დეპარტამენტში ხელშეკრულების არ არსებობას ასახელებენ. ტელერადიოდეპარტამენტის დირექტორის თეა ცეცხლაძის განცხადებით, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია, აჭარის რადიოს მეშვეობით, რადიო „თავისუფლების“ გადაცემები იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობისათვის აჭარის ტელერადიოდეპარტამენტის პირობები მისაღები იქნება.

აჭარის ტელერადიოდეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აჭარის რეგიონში რადიო „თავისუფლების“ მაუწყებლობის შეწყვეტას, რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს დირექტორი მარინა ვაშაყმაძე ადასტურებს. „ამჟამად მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. დანამდვილებით ვერ გეტყვით, აღდგება თუ არა რადიო „თავისუფლების“ მაუწყებლობა აჭარაში“, - აცხადებს მარინა ვაშაყმაძე.

თეა ცეცხლაძე, აჭარის ტელერადიოდეპარტამენტის დირექტორი: რადიო „თავისუფლებასა“ და აჭარის ტელერადიო დეპარტამენტს შორის ურთიერთობების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა რამდენიმე წლის წინ, ანუ მანამდე, სანამ მე ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელად დავინიშნებოდი. თითქმის ორი წლის განმავლობაში რადიო „თავისუფლებიდან“ არავინ შემოგვხმიანებია. მხოლოდ მას შემდეგ დაგვიკავშირდნენ, რაც მაუწყებლობა შეწყდა. აღმოჩნდა, რომ „თავისუფლებას“ ჰქონდა ხელშეკრულება, რომელიც აჭარის ტელერადიოდეპარტამენტის არქივში ვერ მოვიპოვეთ.

- რა შემთხვევაში აღადგენს აჭარის ტელერადიოდეპარტამენტი რადიო „თავისუფლების“ გადაცემების ტრანსლირებას?

- ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე შეთანხმების შემთხვევაში. რადიო „თავისუფლების“ დილის გადაცემებს ეთერში ვუშვებდით იმ დროს, როცა აჭარის რადიოს დილის პროგრამა ღია ეთერში მაუწყებლობდა, რის გამოც ვწყვეტდით აჭარის რადიოს კორესპონდენტების მიერ მომზადებულ გადაცემას.

- ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებში რას გულისხმობთ?

- რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი გვთავაზობს ჩვეულებრივად გაგრძელდეს თანამშრომლობა „თავისუფლებასა“ და აჭარის ტელერადიოდეპარტამენტს შორის, ისევ კეთილი ნების საფუძველზე, კომერციული ინტერესი არ არის. გადაცემების ტრანსლირებისათვის რადიო „თავისუფლებას“ ჩვენთვის თანხა არასდროს გადაუხდია და ამაზე საუბარი არც ახლა ყოფილა. მე მიმაჩნია, რომ ვზარალდებით, როცა რადიო „თავისუფლების“ დილის გადაცემების ტრანსლირების გამო, პირდაპირ ეთერში წყდება აჭარის რადიოს დილის გადაცემა. ჩვენ, რადიო „თავისუფლების“~ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელს, აჭარის რადიოს ეთერში მათი გადაცემების სხვა დროს გაშვება შევთავაზეთ, რაზედაც უარი მივიღეთ. რადიო „თავისუფლებისთვის“ სასურველი დრო კი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის უჩა ნანუაშვილის აზრით, აჭარაში რადიო „თავისუფლების“ მაუწყებლობის შეწყვეტა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას უკავშირდება. „კერძო საინფორმაციო საშუალებების უმეტესობას ხელისუფლება აკონტროლებს. ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება რეგიონებშია. განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, მმართველ პარტიას არ აწყობს აჭარაში ისეთი მედიასაშუალება მაუწყებლობდეს, როგორიც რადიო „თავისუფლებაა“, ობიექტური, დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაციით“, - აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.

აჭარაში რადიო „თავისუფლების“გადაცემების ეთერში გაშვების შეწყვეტას, თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლად აფასებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მურმან დუმბაძე. „ტვ 25“-ს თუ არ ჩავთვლით, რომელიც მხოლოდ აჭარის რამდენიმე რაიონში მაუწყებლობს, ცენტრალურ და რეგიონულ ტელეკომპანიებს ხელისუფლება უკვე აკონტროლებს. ბეჭდური მედიიდან რამდენიმე გაზეთი ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მაგრამ მატერიალური გაჭირვების გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი პრესას ვერ ეცნობა. ელექტრონულ ფოსტა შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ კონტროლდება. მე ამის გამოცდილება მაქვს. ამჟამად რადიოს ზღუდავენ, „თავისუფლების“ გადაცემებს აჭარაში ვეღარ ისმენენ. რადიო „მწვანე ტალღასაც“ შეზღუდავენ. რაც უფრო მოახლოვდება აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, თავისუფალი მედია რეგიონში მითუფრო შეიზღუდება. ვფიქრობ, რომ „ტვ 25“-ს საერთოდ დახურავენ, ყოველ შემთხვევაში წინასაარჩევნოდ, რადგან ეს არის რეგიონული ტელეკომპანია, რომლის ჟურნალისტებიც სიმართლეს ამბობენ“, - ამბობს დუმბაძე.

ახალი ამბები