კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არ გვიფიქრია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა „სტუდ-ნიუსსაც“ თუ შეეხებოდა“

1 აგვისტო, 2008

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ზეწოლასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ. II კურსის სტუდენტების გაზეთ „სტუდ-ნიუსს“ დახურვით, ხოლო გაზეთის რედაქტორს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტით დაემუქრნენ. სტუდენტებმა აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველს, სოზარ სუბარსაც აცნობეს.

„სტუდ-ნიუსი“ სტუდენტებში საკმაოდ პოპულარულია, _ ამბობს გაზეთის ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე - ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ იგი ეხმაურება ყველა იმ პრობლემას, რომელზეც მანამდე უნივერსიტეტში გამომავალ არც ერთ გაზეთს არ დაუწერია (უნივერსიტეტში კიდევ ორი გაზეთი და ერთი ჟურნალი გამოდის). ამ გაზეთის საშუალებით, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ღიად გამოხატონ თავიანთი აზრი“.

სწორედ მათი მხრიდან უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გაშუქებას „აბრალებენ“ იმ ზეწოლას, რაც გაზეთის ჟურნალისტებს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტებს შეექმნათ: „არ უნდა გახმაურებულიყო ის ფაქტი, რომ აუდიტორიებს კვირაში ერთხელ ალაგებენ, რადგან უნივერსიტეტში რამდენიმე დამლაგებელია და ისინიც მინიმალურ ხელფასზე მუშაობენ; არც ის უნდა გახმაურებულიყო, ზოგიერთ ლექტორს ლექციის წაკითხვა პირდაპირი მნიშვნელობით რომ ესმის.

დღეს საქართველოში სიტყვის თავისუფლება რომ იზღუდება კი ვიცოდით, მაგრამ არ გვიფიქრია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა „სტუდ-ნიუსსაც“ თუ შეეხებოდა“, აღნიშნავს ღოღობერიძე.

გაზეთ „სტუდ-ნიუსის“ რედაქტორი ტარიელ ცეცხლაძე უნივერსიტეტის ახალი რექტორის, ალიოშა ბაკურიძის სტუდენტებთან შეხვედრას იხსენებს. შეხვედრის გაშუქებას კი მასზე მუქარა მოჰყვა: "ახალი რექტორის, ალიოშა ბაკურიძის და სტუდენტების ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ, სტუდენტებმა უკმაყოფილება გამოთქვეს უნივერსიტეტში მოსალოდნელი ცვლილებების გამო. ცვლილებები ის იყო, რომ სტიპენდიები გაუქმდებოდა და უნივერსიტეტში გამომავალ გაზეთები გაერთიანდებებოდა, რაც "სტუდ-ნიუსში“ დავბეჭდეთ. შემდეგ უნივერსიტეტის პრესცენტრში დამიბარეს და მითხრეს, რომ რექტორზე ასე ლაპარაკი არ შეიძლება; რომ ყველაფრის დაწერა არ შეიძლებოდა და თუ ასე გავაგრძელებ, შეიძლება, სტუდენტის სტატუსი შემიწყდეს".

"სტუდ-ნიუსის" ენთუზიაზმზე მომუშავე ახალბედა ჟურნალისტებს, უნივერსიტეტის მხრიდან ბევრი პრობლემა გვაქვს“, ამბობს რედაქტორი. „არ გვეძლევა საშუალება ვისარგებლოთ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტში არსებული დიქტოფონითა და კომპიუტერით. უნივერსიტეტში მანამდე გამომავალ არც ერთ გაზეთში არ იყო ის თემები და რუბრიკები, რაც მოგვწონდა. "სტუდ-ნიუსი" ისეთია, როგორიც სტუდენტებს გვჭირდება. უნივერსიტეტი კი ხელს არანაირად არ გვიწყობს, სამთვიან დაფინანსებას თუ არ ჩავთვლით“.

„სტუდ-ნიუსის“ წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველ სოზარ სუბარსაც ესაუბრნენ ბათუმში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე. სუბარი მათ დახმარებას დაპირდა.

გაზეთის პირველი ნომერი 2008 წლის მარტში გამოვიდა. გაზეთი თვეში ერთხელ, 500 ტირაჟით იბეჭდება და 50 თეთრი ღირს. პირველი სამი ნომერი სტუდენტურმა თვითმმართველობამ დააფინანსა. სექტემბრიდან კი გაზეთი  სპონსორის იმედად რჩება: „ვიმედოვნებთ, "სტუდ-ნიუსი" იპოვის დამფინანსებელს და უნივერსიტეტიც, თუ არ დაეხმარება სტუდენტურ გაზეთს, არ შეზღუდავს მაინც მას“.

 

ახალი ამბები