კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხის მონიტორინგის კომისიები მუშაობას აგრძელებენ

4 აგვისტო, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიებს გასული წლის 21 დეკემბერს სამუშაო ვადა ამოეწურათ. ისინი ორი წლით იყვნენ არჩეული. ვადის გასვლის შემდეგ უნდა მომხდარიყო მათი გადახალისება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ უფლებამოსილება შეუჩერდათ. მიუხედავად ამისა, აღნიშნული კომისიები ციხის მონიტორინგს დღემდე ახორციელებენ.

ამ და სხვა საკითხებზე, ზოგადად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ქუთაისის №2 საპყრობილის საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის თავმჯდომარეს მანანა მანაგაძეს ვესაუბრეთ.

-   საზოგადოებრივი კონტროლის კომისიების შექმნის დღიდან არის საუბარი იმაზე, საბოლოოდ როგორი სახე უნდა ჰქონდეს მათ. ჩვენ ცოტა ხნის წინ შეხვედრა გვქონდა იუსტიციის საბჭოს გენერალურ ინსპექციასთან. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, აღნიშნულ საბჭოებს გენერალური ინსპექცია ზედამხედველობს. თავად იუსტიციის სამინისტროში მოხდა ცვლილებები და აქედან გამომდინარე კოორდინაციის საკითხებიც, საბჭოებთან მიმართებაში, შეიცვალა.  საზოგადოებრივი კონტროლის კომისიებს უფლებამოსილება არ შეჩერებია. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ.  უბრალოდ, ამ ეტაპზე საუბარია დებულებასთან მიმართებაში და საერთოდ, ამ კომისიებთან მიმართებაში ცვლილებების განხორციელებაზე. ანუ, უნდა გადაწყდეს, მომავალში რა ფორმით იმუშავებენ ეს კომისიები. გააგრძელებენ საქმიანობას იმავე ფორმით და იქნებიან კვლავ იუსტიციის სამინისტროს წინაშე ანგარიშვალდებული, თუ გარდაიქმნებიან დამოუკიდებელ ორგანიზაციად, რომელიც დაექვემდებარება სახალხო დამცველის აპარატს.

არის საუბარი იმაზეც, რომ საზოგადოებრივი კონტროლის კომისიები იყოს სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. თუკი ეს იქნება სახალხო დამცველის აპარატის შემადგენელი ნაწილი, ფაქტობრივად, იგი გაიგივებული იქნება სახალხო დამცველთან და რეალურად დაკარგავს დამოუკიდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ძალიან აქტიურად იღებენ მონაწილეობას იმ საკითხების მოგვარებაში, რაც ციხეს და უშუალოდ, პატიმრებს ეხება, მონიტორინგის საბჭოებს აბსოლუტურად სხვა ფუნქციები აქვს. სახალხო დამცველი პატიმრებისთვის მაინც სახელმწიფო სტრუქტურად ასოცირდება. ანუ, მათი მხრიდან ჩვენს მიმართ დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვაა. მე არ ვიტყვი, რომ საბჭოები იდეალურად მუშაობენ. ვერც იმუშავებენ, რადგან ეს არის სრულიად ახალი ორგანიზმი ჩვენს რეალობაში. კომისიის საბჭოს წევრთა შერჩევაც თავის დროზე არაპროფესიული ნიშნით მოხდა. არადა, აქ მთავარი პროფესიონალიზმია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო და არცთუ ადვილი სამუშაო. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს ძალიან ფაქიზ საქმესთან, დახურული ტიპის დაწესებულებებთან და იმ ადამიანების ბედთან, რომლებიც იქ არიან. საზოგადოებრივი კონტროლის ჯგუფებში ისეთი ადამიანები უნდა იყვნენ, ვინც სრულფასოვნად შეძლებს მონიტორინგის განხორციელებას.

თუმცა, არსებობს  საზოგადოებრივი კონტროლის ჯგუფების და უშუალოდ, ჩვენი მუშაობის პოზიტიური მხარეებიც და ამის არდანახვა შეუძლებელია. ჩვენ გვაქვს ახლო დამოკიდებულება პატიმრებთან. იმდენად, რომ როცა გადაჰყავთ სხვა დაწესებულებებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის შექმნილი მონიტორინგის საბჭოები, იქედან მირეკავენ და მეუბნებიან, როგორ ეტყობა აქაურობას რომ მონიტორინგის საბჭოები არ არსებობს, ისეთი ცუდი მდგომარეობააო.
 
- თქვენი განმარტების მიუხედავად, პატიმრების, მათი ოჯახის წევრების და ადვოკატების მხრიდან ხშირად არის პრეტენზიები ციხეში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. რატომაა ეს ხალხი უკმაყოფილო, რა ვერ შეძელით, რამ შეგიშალათ ხელი?

- არ მინდა გადავაჭარბო, თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ ამ საბჭოების შექმნა, ეს იყო ჩატეხილი ხიდის გამთელება პატიმრებსა და ციხის თანამშრომლებს შორის. მონიტორინგის საბჭოებმა ამ კუთხით საკმაოდ პოზიტიური როლი შეასრულეს. იმ გახმაურებული ბუნტის შემდეგ იყო საკმაოდ რთული და ცხელი პერიოდი, როცა ნდობის ფაქტორი პრაქტიკულად ნულამდე იყო დასული. ჩვენი ვიზიტებით ციხეზე, ჩვენი ურთიერთობით ამ ხალხთან დამოკიდებულება შეიცვალა. ის, რომ საბჭო არსებობს, ვიღაცას აღარ აძლევს რაიმე ნეგატიურის ჩადენის უფლებას. ყოველშემთხვევაში, არსებობს სიფრთხილის მომენტი, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ აგრესიის გაქრობაში დავეხმარეთ ორივე მხარეს, პატიმრებსაც და ადმინისტრაციასაც. ამას ვერცერთი მხარე ვერ უარყოფს. არსებობდა უნდობლობა, რომელიც, ვერ ვიტყვი, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრა, თუმცა, პროგრესი არის. მე არ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი დამსახურებაა. არა, დრო გადის და ეს ყველაფერი ნელ-ნელა იხვეწება.

- თუ ეს ყველაფერი ისეა, როგორც თქვენ საუბრობთ, მაშინ რას მივაწეროთ ის უკმაყოფილება და გამუდმებული ჩივილი იმაზე, რომ ციხეში აუტანელი ვითარებაა? დავაკონკრეტებ, პატიმარი რამაზ გოგია უკვე თვეებია მძიმე მდგომარეობაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ურთულესია. მას დღესაც არ აქვს შეხორცებული ჭრილობა, რომელიც დაკავებისას სამართალდამცავებმა მიაყენეს. ეს ერთერთი ფაქტია, რომელიც დღემდე რეაგირების გარეშე რჩება.

- პირდაპირ გეტყვით, მას შემდეგ, რაც სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ შევიდა ამ დაწესებულებებში, ნაცვლად იმისა, რომ პატიმართა მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, გაუარესდა. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ პატიმრები არიან უკმაყოფილო, არამედ, ყველა სუბიექტი, ვინც დაკავშირებულია ამ სისტემასთან. არ არის საკმარისი რაოდენობის მედიკამენტები; არ არსებობს პატიმართა რიგითი შემოწმებები, რომელიც მანამდე ხორციელდებოდა. ეს შემოწმება დღეს ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს. ანუ, ამ მიმართულებით პროგრესი არ მოხდა. ამ სისტემამ არ გაამართლა ის მოლოდინები, რაც იყო. ამ მხრივ ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთიდაიგივე მდგომარეობაა. მაინცდამაინც ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს ხომ არ უნდა მიმართონ პატიმრებმა, რომ მათ ჯანმრთელობას ყურადრება მიაქციონ? მაინცდამაინც კონტროლზე ხომ არ უნდა იქნას აყვანილი პატიმრის მდგომარეობა, რომ ამას რეაგირება მოჰყვეს? არ უნდა იყოს საჭირო ჩემი მიმართვა. რეაგირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, პატიმრის პირველსავე განცხადებაზე. ჩვენ ვამზადებთ ანგარიშს და აუცილებლად დავსვამთ ამ საკითხს რეკომენდაციის სახით. ის, რომ ციხეზე არ იყოს მედიკამენტები და არც ხდებოდეს მისი შეტანა გარედა, ეს ნიშნავს ადამიანების გაწირვას.

- გარდა ამისა, არსებობს სხვა სახის პრობლემებიც. კერძოდ, ის,  რომ ქუთაისის ციხის საკნები გადაჭედილია; 6  საწოლიან საკნებში 8-10 პატიმარი ჰყავთ; რომ  ისინი რიგრიგობით იძინებენ; ახალმიყვანილ პატიმრებს არასაკმარისი ადგილის გამო მთელი ერთი თვის განმავლობაში კარანტინში ამყოფებენ?

- ციხეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული მსგავსი პრობლემები იყო. პატიმრები გადაყვანილი ჰყავთ სხვა კორპუსებში ან სულაც, სხვა დაწესებულებებში.

მაგრამ რემონტამდეც იყო ეს პრობლემები.

- იყო, რა თქმა უნდა. ციხეში, რომელიც 1500-1700 პატიმარზეა გათვლილი. შეიძლება ჰყავდეთ 2000-მდე პატიმარი. თუმცა, აქ უკვე იმ 300 პატიმრის უფლება ირღვევა... როცა პატიმარს ევროსტანდარტებით აღჭურვილ საპყრობილეში საკუთარი საწოლი არ გააჩნია, ისიც ახალაშენებულში, ეს პირდაპირ მისი უფლებების დარღვევაა.

- ეს და სხვა სახის პრობლემებიც, რომლებიც პრაქტიკულად ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ხშირად სავალალო შედეგით სრულდება. დამეთანხმებით, ბოლო დროს გახშირდა პატიმრის გარდაცვალების ფაქტები. არ ფიქრობთ, რომ ამაზე ყურადღება მეტად უნდა გამახვილდეს?  

- მე მაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან აპრილის ჩათვლით ოთხ ფაქტს ჰქონდა ადგილი. აქედან სამი იყო სუიციდი. ერთი  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული. ეს, რა თქმა უნდა, მძიმე სტატისტიკაა.

 

ახალი ამბები