კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეწყერმა გლეხები მოსავლის გარეშე დატოვა

4 აგვისტო, 2008

გულო კოხოძე, ადიგენი

19 ივლისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში მდინარე ოცხეს ნაპირას გაშენებული ნათესები დაიტბორა. მიზეზი ვარხნისა და ხევაშენს შორის მდგარი მთის ჩამოშლა გახდა.

,,ხევაშენის მოსახლეობა, სოფელ აბასთუმნიდან მომავალ სარწყავ არხს აკეთებდა, როგორც ჩანს წყალი გამოექცათ, რამაც მთის ჩამოშლა გამოიწვია, ამას წვიმებიც დაემატა”, - საუბრობს სოფელ ვარხნის მკვიდრი ჯემალ მინაძე.

მდინარე ოცხემ კალაპოტი შეიცვალა და გლეხების ნათესებზე გადმოვიდა.     
ჯემალ მინაძეს მეწყერმა სათიბი და ხეხილის ბაღი მთლიანად გაუნადგურა.

,,გათიბვაც ვერ მოვასწარი, არადა ერთ მანქანა თივას ვიღებდი. 1600 მეტრი მიწა  მთლიანად დაიტბორა, წყალმა მრავალწლიანი ნარგავებიც ამოთხარა და წაიღო”, - ამბობს იგი.

ძნელია დაიჯერო, რომ დატბორილ ადგილებზე რამდენიმე დღის წინ ნათესები და ხეხილის ბაღები იყო გაშენებული.

,,ახლა ხელოვნური ტბა გვაქვს”, - ამბობენ ვარხნელები.

მეწყერმა სოფელ ვარხანში მცხოვრები 15 ოჯახი დატოვა მოსავალის გარეშე.

სიმინდის, ლობიოს, კარტოფილის, წიწაკის, პომიდვრის, კიტრის ნათესები ჰქონდათ სულიკო მურჯიკნელის, ამირან გუბელაძის, ნონა სახამბერიძის ოჯახებს. 

ზამთრის სარჩოს გარეშე დარჩა მარტოხელა პენსიონერი გოგონა ნატრიაშვილიც, რომელსაც ნაკვეთზე კარტოფილი ეთესა.

,,ძირიანად მიჰქონდა ტალახსა და სილაში არეულ ადიდებულ მდინარეს კარტოფილი, საცოდავი სანახავი იყო”, -  ამბობენ მეწყერის შემსწრე ვარხნელები.

,,სიმინდი მალე ტაროს გაიკეთებდა. ამხელა ღეროები მოვარდნილმა ღვარცოფმა სულ წალეკა. მწვანე ყანები უცებ გადაშავდა. ჯერ იყო და ყინვამ მოსპო მოსავალი, მერე გადაუღებელმა წვიმებმა დაალპო, ახლა კიდევ ეს მეწყერი დაგვემატა. გლეხის საშველი არაა”, -  ამბობს ნელი მინაძე.

მოსახლოებას იმედი აქვს რომ ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს აუნაზღაურებს. ამავდროულად, სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი დამეწყერილ ადგილზეც.

,,ხელისუფლებიდან იყვნენ, დატბორილი ადგილები დაათვალიერეს. ზარალს აგინაზღაურებთო გვითხრეს და ვნახოთ. თან სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ იმ ადგილებზე ტრაქტორი ვერ უდგება, გამოდის, რომ ნათესებზე უნდა გადმოვიდნენ და მდინარეს კალაპოტი აქეთ გაუკეთონ”, - საუბრობს ჯემალ მინაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბადრი მათოშვილის განცხადებით, მეწყერის ადგილის დათვალიერების შემდეგ შედგა კომისია, რომელიც ამ პრობლემაზე მუშაობს: ,,ამჯერად, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, შემდეგ დაიდება დასკვნები, აღირიცხება ზარალის ოდენობა და მონაცემები ცენტრს გადაეგზავნება”.

გამგებელის თქმით, გლეხებზე გასაცემი კომპენსაციების ასანაზღაურებლად ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა არ არის: ,,ზუსტად ორი დღის წინ ვიყავი სამინისტროში და ეს საკითხი მუშავდება”.

ახალი ამბები