კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უმწეო ოჯახები სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უპირისპირდებიან

5 აგვისტო, 2008

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ზუგდიდის რაიონში მცხოვრები უმწეო ოჯახები, რომლებმაც ფულადი დახმარების მიღების უფლება ვერ მოიპოვეს, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უპირისპირდებიან. განსაკუთრებით მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ადამიანები სოციალურ აგენტებს არაობიექტურობაში ადანაშაულებენ. მათ უმრავლესობას თანხის მისაღებად 2-3 ქულა დააკლდა. ამ დროისათვის სოციალურად დაუცვლი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სამეგრელო-ზემო-სვანეთს რეგიონიდან 5 500-მდე ოჯახია რეგისტრირებული, თუმცა მათი რაოდენობა დღითიდღე კლებულობს.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭაქვინჯში, დიდობერას უბანში მცხოვრები რობინზონ გაბლიანის ხუთსულიანი ოჯახი ერთ-ერთი მათგანია, რომლის სოციალური მდგონარეობა აგენტების მიერ 60 000 სარეიტინგო ქულით შეფასდა. 30 ლარიანი დახმარების მისაღებად გაბლიანების ოჯახს მხოლოდ ორი ქულა დააკლდა.

2006 წლის 6 სექტემბრიდან რობინზონ გაბლიანის ოჯახი 69 000 სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით დღემდე მხოლოდ სამედიცინო დახმარების ბარათით სარგებლობს. თუმცა მედიკამენტების შესაძენად ეს შეღავათი არ ვრცელდება. ძვირადღირებული სამედიცინო პრეპარატები პირველ რიგში 10 თვის მურმანისთვის სჭირდებათ, რომელიც დღენაკლული დაიბადა და რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.

გაბლიანები სოფელ ჭაქვინჯში 22 წლის წინ, მას შემდეგ  დასახლდნენ, რაც მესტიის რაიონის სოფელ მულახიდან სტიქიური უბედურების შედეგად ხელისუფლებამ ისინი იძულებით გადმოასახლა. მთიდან ჩამოწოლილმა ზვავმა და მეწყერმა მათი საცხოვრებელი სახლი მიწასთან გაასწორა, ხოლო რობინზონ გაბლიანი და მისი ოთხი ძმის ოჯახი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

მეწყერთან ბრძოლა გაბლიანების ოჯახს ბარშიც მოუხდა. სოფელ ჭაქვინჯში ისინი კვლავ მეწყერსაშიშ ზონაში დასახლდნენ. პერიოდული დამეწყვრის შედეგად მათი საცხოვრებელი ეზოს ტერიტორია დღითიდღე მცირდება. ერთოთახიანი ფიცრული სახლი კი ავარიულ მდგომარეობაშია.

ლარისა ტიბუა-გაბლიანი: "სახლი ყოველდღე იხრება, სახურავი თავზე გვენგრევა, "შიფერი" ჩატეხილია, გვათოვს და გვაწვიმს. ერთ ოთახში ხუთი სული: მე, ჩემი მეუღლე, ვაჟი, რძალი და შვილიშვილი ვცხოვრობთ. სივიწროვეს ვინღა ჩივის, ჭერი რომ გვივარგოდეს და შემინული ფანჯრები რომ გვქონდეს. ზამთარში ცელოფნით აკრული ფანჯრებიდან შემოსული სიცივე ძვალსა და რბილში გვატანს. გაუსაძლის პირობებში ვართ."

გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებთან ერთად გაბლიანებს მინიმალური საარსებო პირობებიც არ გააჩნიათ. ოჯახის დედა მარცხენა თვალით უსინათლო და შრომისუუნაროა. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ოჯახის სხვა წევრებიც ფიზიკურ დატვირთვას ვერ უძლებენ.

ლარისა ტიბუა-გაბლიანი: "მე მხოლოდ 47 წლის ვარ, მაგრამ 70 წლის დედაბერს ვგავარ. საპენსიო ასაკი მე და ჩემს ქმარს ჯერ არ გვიწევს და თუ ასე გაგრძელდა ჩვენი ყოფა, მანამდეც ვერ მივაღწევთ. ნახევრად მშივრები ვართ. მთელი ოჯახი ბავშვზე ვზრუნავთ. თხილის მცირე მოსავლიდან მიღებულ ფულს მხოლოდ შვილიშვილის გამოსაკვებად ვზოგავთ. ზოგჯერ მეზობლები გვაწვდიან ლუკმა-პურს".

მზექალა გაბლიანი, რძალი: "სოციალური აგენტები რომ მოვიდნენ, თვითონვე გაუკვირდათ, გვითხრეს: "აქ როგორ ცხოვრობთო." მდგომარეობა კი მაღალი ქულებით შეაფასეს. აქ ნანახის და განცდილის შემდეგ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება მიიღო?! ამიტომ არ გვჯერა მათი. ფულად დახმარებას ისინი ისეთ ოჯახებს უწევენ, რომლებიც მას მართლაც არ საჭიროებენ. აგენტების მოსვლამდე სამი დღით ადრე ცლიან სახლებს, რომ მოჩვენებითი ღარიბული გარემო შექმნან. ჩვენ ღარიბები კი არა ღატაკები ვართ. რაღა ვიფიქროთ, ალბათ აგენტები სანაცვლოდ ქრთამს იღებენ."

სახლის გადახურვის თხოვნით გაბლიანებმა ადგილობრივ ხელისუფლებაში ყველა ინსტანცია მოიარეს. სამეგრელო-ზემო-სვანითის სამხარეო ადმინისტრაციისა და რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან კი პასუხი დღემდე ვერ მიიღეს. რაიონის გამგეობის სოციალურმა სამსახურმა სამშენებლო მასალის გამოყოფის პირობა ოჯახს უკვე მისცა, მაგრამ მისი შესრულება ბიუჯეტის დამტკიცებას დაუკავშირა, რომელიც აგვისტოს ბოლოს უნდა დამტკიცდეს.

რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობიდან 10 მეტრში მდებარე 4 სართულიან საცხოვრებელ სახლში კიდევ ერთი უმწეო ერთსულიანი ოჯახი ცხოვრობს. სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან ფულადი დახმარება ვერც ციცინო ხვიჩიამ მიიღო. მარტოხელა ქალი 54 წლისაა და ასაკობრივი პენსია მასაც არ ეკუთვნის. მისი სოციალური მდგომარეობა კი სოციალურმა აგენტებმა 104 000 ათასი ქულით შეაფასეს.

ციცინო ხვიჩია: "ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობ, ორი ფანჯარა აქვს და მინის ნაცვლად ორივე პოლიეთილენით მაქვს შეფუთული. კედლებზე 50 წლის წინ გაკრული შპალერია, იატაკი აყრილია. ორი რკინის საწოლი და ერთი კარადა გამაჩნია, ერთი თეთრეული მაქვს... გაზი და ღუმელი ჩემთვის არ არსებობს. გახარჯული ელექტროენერგიის საფასური 1 წლის განმავლობაში ვერ გადავიხადე და დავალიანებამ 472 ლარს მიაღწია. ენერგოკომპანიამ ჩემი მდგომარეობა აქამდე გაითვალისწინა, მაგრამ 10 დღის წინ დენი ჩამიჭრა. ახლა მეზობლები მეხმარებიან. ისინი ჩაის მიდუღებენ, წყალს მითბობენ, ზოგჯერ კერძსაც მაწვდიან. მეორე დღეა არაფერი მიჭამია, პურის ფულიც არ მაქვს. რაიონის გამგეობა ყოველწლიურად 50 ლარით მეხმარება, მაგრამ ეს თანხა როგორ მეყოფა. ნევროზით ვარ დაავადებული, ქუჩაში შიშისაგან მარტო ვერ გავდივარ, ავადმყოფობისა და შიმშილისაგან დაუძლურებული ვარ."

სოციალურად დაუცველი ორივე ოჯახი ფიქრობს, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოში მიღებული სარეიტინგო ქულების გასაჩივრებას აზრი არ აქვს, ვინაიდან არაფერი შეიცვლება. ცვლილებებს კი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ზუგდიდის განყოფილებაში დღემდე ელოდებიან. მთავარი სპეციალისტის, ინგა კოღოშვილის განცხადებით, შესაძლოა უახლოეს მომავალში ფულადი დახმარების მისაღებად საკმარისი სარეიტინგო ქულის რაოდენობა გაიზარდოს და 65 000 მიაღწიოს. გაბლიანებისა და ხვიჩიების ოჯახები ფულად სოციალურ დახმარებას მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებენ.

სოციალური აგენტების არაობიექტურობაში კი ხელმძღვანელობას ეჭვი არ ეპარება, ვინაიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობა მონაცემთა ბაზაში იმ სიზუსტით აისახება, რომელიც აგენტს ასეთი ოჯახის ერთ-ერთი პირის თანდასწრებით ანკეტაში შეაქვს.

 

 

ახალი ამბები