კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს სამამულო ომი - რეპორტაჟი გორიდან

18 აგვისტო, 2008
ნინო ტლაშაძე (ჩანაწერები)

ქართული საზოგადოება ძალიან დიდ ხანს გრძნობდა რომ ჩვენს ქვეყანაში დაძაბულობა მატულობდა და ერთ მშვენიერ დღეს ან ღამეს დუღილის ტემპერატურამდე მისულ ქვაბს სარქველი აეხდებოდა.

ბოლო თვეების განმავლობაში “ადამიანის უფლებათა ცენტრი” თითქმის ყოველდღე ავრცელებდა მიმართვებს საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებებისადმი, რომ ხელი შეეშალათ სიტუაციის მომავალი ესკალაციისათვის. მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა...

დიდი ხანია  ყველას სჯეროდა რომ კონფრონტაცია მხოლოდ აფხაზეთში მოხდებოდა; ბოლოდროინდელი მოვლენები ამის სრულ გარანტიას იძლეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით. ცხინვალის რეგიონი ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე ცხელ წერტილად იქცა.

ცხინვალი მიწასთან გასწორდა. რამდენი ადგილობრივი მცხოვრები შეეწირა ქართულ-რუსული დაბომბვებს არავინ იცის (ან იციან და არ ამბობენ). ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი სიტყვა შეესაბამება - გენოციდი. ოღონდ მასში რომელი მხარეა დამნაშავე, რუსული თუ ქართული ან ორივე ერთად, ამას მხოლოდ ისტორია დაადგენს.

ცხინვალის შემდეგ ყველაზე მეტად რეგიონიდან 30 კილომეტრში მდებარე ქალაქი გორი დაზარალდა.

მე გორელი ვარ; გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში დავიბადე და გავიზარდე.
ერთ დილით ინფორმაცია გავრცელდა რუსეთის ავიაცია გორს ბომბავსო. ჩემი ოჯახი, ჩემი უახლოესი ნათესავები გორში არიან. მე თბილისში ვარ.

დაბომბილი და ცეცხლწაკიდებული ქალაქის კადრები გონებას მირევს. მინდა გამოვიცნო რომელი უბანია; გონებაარეული ვცდილობ მივხვდე შეიძლება თუ არა იქ ჩემი ოჯახის წევრები ყოფილიყვნენ, აფეთქების დროს. მგონი გამიმართლა - დავრეკე სახლში და ყველანი კარგად არიან. ჩემი სოფელი გორის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, ცხინვალი კი ჩრდილოეთით და შესაბამისად, იმედი მაქვს რუსული ავიაცია სამხრეთისკენ არ დაბომბავს რაიონს; ისინი ცხინვალის ახლოს მდებარე სოფლებს ანადგურებენ (ადამიანებში ასეთ დროს ცხოველური ინსტიქტი იღვიძებს, მარტო საკუთარ თავზე და მერე უახლოეს ადამიანებზე ფიქრობ).

მიხედავად ყველაფრისა, ადგილს ვერ ვპოულობ. ასეთ დროს მე თბილისში არ უნდა ვიყო. მე ჩემს ოჯახთან უნდა ჩავიდე! ვრისკავ და 12 აგვისტოს გორში მივდივარ.

ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩასვლის მეშინია. მეშინია იმიტომ, რომ არ მინდა ჩემი  ქალაქი დანგრეული ვნახო.

პირველი ელდა ქალაქში შესვლისთანავე მივიღე. ახლადშეღებლი სახლები ნახევრადდამწვარი და დანგრეულია. ზოგიერთი ბინიდან კვამლი ისევ გამოდის. ქუჩები ცარიელია. ქალაქი ყველამ მიატოვა. არანაირი ტრანსპორტი, არანაირი მაღაზია; არც აფთიაქი მუშაობს ცუდად რომ გახდე და წამალი იყიდო. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს აქ სიცოცხლე შეჩერდა.

სოფელში ასულს პანიკაში ჩავარდნილი ხალხი მხვდება. ჩემს სახლში თავად ცხინვალის რეგიონის სოფლებიდან გამოხიზნული ნათესავები მხვდებიან.

ყველა ერთად ვართ და რამენაირად გადავიტანთ გაჭირვებას.

მოჩვენებით სიჩუმეში დროდადრო გვესმის აფეთქებების ხმა; ვცდილობთ გამოვიცნოთ ამჯერად რა დაბომბეს გორში ან მის შემოგარენში.

სადილობის დროს ლუკმა ყელში გეჩხირება შიშისგან; არ იცი სხვა როგორ ანუგეშო, როცა თავად გჭირდება ნუგეში.

12 აგვისტოს რუსულ-საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

შვებით ამოვისუნთქეთ.... რუსული ავიაცია აღარ დაგვბომბავს... მაგრამ....

13 აგვისტოს დილით გორის ცენტრში ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობის წინ ბობმი ისევ ჩამოაგდეს. რვა ადამიანი იღუპება, მათ შორის ჰოლანდიელი ჟურნალისტი.

ამ აფეთქების ხმა ისე ახლოს გაისმა სოფელში რომ მეგონა ჩვენს სახლს დაეცა. შიშისაგან გაყინული სახეებით ვუყურებთ ერთმანეთს და არ ვიცით საით გავიქცეთ.

ეს ბოლო დაბომბვა იყო გორში (ყოველ შემთხვევაში დღემდე ასეა). ერთი უბედურება დამთავრდა მაგრამ მეორე დაიწყო.

ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსული ოსები, კაზაკები და ჩეჩნები გორს და მიმდებარე სოფლებს შეესივნენ და მიტოვებული სახლებისა და ოფისების ძარცვა დაიწყეს. თუ ვინმე დახვდათ სახლში და წინააღმდეგობა გაუწია -კლავენ. სახლებიდან მიაქვთ ყველაფერი, რაც ძვირფასია, მათ შორის ადამიანის სიცოცხლეც.

აქამდე მშვიდი სოფელი პანიკაში ვარდება. პირველად ვნახე შიშისაგან დაჩიავებული კაცები როგორ მირბოდნენ მდინარის გავლით და ბოლო ხმით ყვიროდნენ „ხალხო გაიქეცით, ისინი მოდიან!“

ეს იმდენად სულისშემძვრელი სურათი იყო, ცრემლს ვერ ვიკავებდი. შიშს დიდი თვალები აქვსო. ხალხს ეჩვენებოდა ჩრდილო კავკასიელი ბარბაროსები უკვე ხიდისთავში იყვნენ შემოსულები. ზოგი მანქანით, ზოგი ტრაქტორით, ზოგი ურმით, ზოგი კი ფეხით მთისკენ გარბოდა.

ცოტა ხანში უბანი დაცარიელდა. დავრჩით მხოლოდ ჩვენი ოჯახი და მოხუცები.

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დაძაბული საღამო. 13 აგვისტო. მინდა ყველას გავაგებინო თბილისში, რომ მოგვხედონ გორის რაიონის მოსახლეობას. რომ საჭიროა მოქმედება და ამ ბანდიტების შეჩერება.

გვიან ცნობილი ხდება, რომ გორში იგზავნება სპეცრაზმი და საპატრულო პოლიცია, რომ ეს უკანონობა აღიკვეთოს. იმ ღამეს მშვიდად გვეძინა და 14 აგვისტო მორიგი ტყუილით დაგვირგვანდა. გორში შემოსულ ქართველ სამართალდამცველებს რუსულმა ჯარმა გზა გადაუღობა და ისევ უკან გააბრუნა. აგრესორებმა კი კვლავ გააგრძელეს გორის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზების აფეთქება; ცეცხლი წაუკიდეს ყველაფერს რაც იწვოდა.

ხალხი კვლავ პანიკაშია. ქართული ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება უძლურია აღკვეთოს ეს უკანონობა.

14 აგვისტოს საჭირო ხდება ჩემი თბილისში გამგზავრება. ადამიანის უფლებათა ცენტრის თითოეული თანამშრომელი აუქმებს შვებულებას; ახლა სჭირდება ქართველ ხალხს ჩვენი დახმარება.

ხიდისთავიდან თბილისში მხოლოდ მატარებლით თუ წავალ, მაგრამ გამორიცხულია გორის რკინიგზის სადგურზე გასვლა; რუსი სამხედროები და მარადიორები მთელ ქალაქს აკონტროლებენ და გორში შესვლა საშიშია. შესაბამისად, ხიდისთავის პლატფორმაზე დაახლოებით 30 ადამიანი თბილისისკენ მიმავალ მატარებელს ველით. ნიქოზი-თბილისი უკვე ერთი კვირაა არ მოძრაობს. ველოდებით სხვა მატარებელს. ცოტა ხანში ვიგებთ, რომ საქართველოში შეწყვეტილია მატარებლების მოძრაობა.

ისევ პანიკაში ვვარდებით. რა გზით უნდა ჩავაღწიო თბილისში. საბედნიეროდ, ჩვენი თანასოფლელი ახალგაზრდა კაცი დაგვთანხმდა კასპამდე ჩაგვიყვანოს მარშუტკით ოღონდ შემოვლითი გზებით. მარშუტკა ისე გაივსო ფეხზე დასადგომიც კი არ არის. ძირითადად ქალები და ბავშვები მიდიან თბილისში. მამაკაცები სოფელში დარჩნენ.  მივდივართ სოფელ-სოფელ, მთებში. ამ გზას დაახლოებით 50-60 წლის წინ იყენებდნენ. ის კასპის რაიონის სოფლებზე გადის. გავიარეთ დოესი, გრაკალი, მეტეხი და კასპიდან ცენტრალურ მაგისტრალზე გავდივართ იგოეთთან.

შემოვლითი გზა ძალიან მძიმე აღმოჩნდა. გრაკალში ქართველი ჯარისკაცები დავინახეთ. ისინი ორღობეებში, ბაღებსა და ყანებში იმალებოდნენ. აუტანელია როცა ხედავ შენი ქვეყნის არმია საკუთარ ტერიტორიაზე როგორ იმალება მხოლოდ იმიტომ, რომ აგრესორები არ გააღიზიანონ და შეტაკებები თავიდან არ დაიწყოს. ბიჭები ალბათ მშივრები იყვნენ. რამდენიმე მათგანი სიმინდის ტაროებს ტეხდა - ეგღა დარჩათ საკვებად. “მარშრუტკაში” მსხდარი ქალები ჩუმად ლოცულობენ ამ ბიჭების გადარჩენისათვის. ზოგიერთმა პირჯვარიც კი გადასახა მათ შორიდან, ჩუმად. „მშვიდობით დააბრუნე ღმერთო ეს ვაჟკაცები თავიანთ ოჯახებში,“ ბუტბუტებს ჩემს წინ მჯდომი ახალგაზრდა ქალი.

ჯარისკაცები თვალებით თითქოს ბოდიშს გვიხდიან, „გვაპატიეთ ასეთ დღეში რომ ჩაგყარეთო.“ მაგრამ ისინი ამაში დამნაშავენი არ არიან.

კასპში ჩასულებს არანაირი ტრანსპორტი არ გვხვდება. ისევ ჩვენმა მძღოლმა გადაწყვიტა თბილისამდე ჩაგვიყვანოს და შვებით ამოვისუნთქეთ-უკან აღარ დავბრუნდებით.

იგოეთთან ქართული ჯარისა და საპატრულო პოლიციის საკმაოდ დიდი არმია გვხვდება. გავჩერდით, რომ გავიგოთ რას აპირებენ. რომ გაიგეს გორიდან მოვდიოდით, კითხვები დაგვაყარეს: „რა ხდება იქ? როგორ ხართ რუსების აგრესიის ქვეშ? ძალიან გავიწროვებენ?“ ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ჩვენი გამხნავება სცადა: „ნუ გეშინიათ მალე შევალთ გორში და გავაძევებთ მაგ ბარბაროსებს.“ მაგრამ მისმა სიტყვებმა უფრო შეგვაშინა. მსხვერპლი დიდია, უზარმაზარი, მაგრამ თუ ახლა ქართული ჯარი ისევ შევა გორში და ცეცხლს გახსნიან, ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდან დაიწყება სისხლისღვრა და დაბომბვა. გვირჩევნია აქ გავჩერდეთ, ამ ტკივილზე, ამ ცრემლზე. ავიტანოთ რუსი და კავკასიელი მარადიორების თარეში, ვიდრე თავიდან დაიწყოს ისევ ყველაფერი.

თბილისამდე არცერთი მანქანა არ შეგვხვედრია. ცენტრალური მაგისტრალი სრულიად ცარიელია. მოსახლეობა სახლში ყოფნას ამჯობინებს. დღეს ყველას სიცოცხლე საფრთხეშია, მიუხედავად იმისა, კახეთში ცხოვრობს, იმერეთში თუ შიდა ქართლში. არავინ იცის ზუსტად რომელ ქალაქს ან სოფელს მიადგებიან დღეს რუსი ოკუპანტები.

დღეს 17 აგვისტოა. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო ერთმანეთისაგან გათიშულია. დილა რომ თენდება იმედი გვაქვს ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ მალე ისევ ახალ-ახალ უბედურებებს იგებ.

ქართველი ხალხის მოთმინება უსაზღვრო ყოფილა. ბრაზს გულში ვიკლავთ და ველოდებით როდის შერცხვება რუსეთის საზოგადოებას საკუთარი ქვეყნის ჯარის საქციელი და კატეგორიულად მოთხოვენ საკუთარ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაიყვანონ ისინი საქართველოს ტერიტორიიდან.


ახალი ამბები