კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კარვების ქალაქი

21 აგვისტო, 2008
ეკა ქევანიშვილი, თბილისი

მოშიშვლებულ ადგილას გაშლილ უზარმაზარ კარავს მისი გამართვიდან რამდენიმე საათში ერთ-ერთი სვეტი გამოეცალა და კარავი იქ შეხიზნულ მოსახლეობას თავზე დაემხო. ცხინვალის რეგიონიდან გამოქცეულ 11 წლის ბიჭს ეგონა, რომ აქაც ბომბავდნენ, თბილისში.

დევნილების ნაკადი, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და სკოლებსა და ბაღებში აღარ ეტევა,  დროებით კარვების ქალაქში დაასახლეს, თბილისშის გარეუბანში, ორხევის დასახლებაში. ბევრი უნდა ეცადო, რომ იქაურობას მიაგნო.და მერე იქედან გამოაღწიო. მოშიშვლებულ ადგილას სულ ქარია. მტვერი ჰაერში ისე ტრიალებს, გარეთ გაჩერება და პირის მიწით ამოვსება ერთია. დაახლოებით რვა კარავი ერთმანეთის გვერდითაა გაშლილი, მიწაზე. კარავში 30, 40 გასაშლელი რკინის საწოლი დგას. ბავშვები ქალები, კაცები, უცნობები, ნაცნობები, ყველა ერთად წვანან - ტანსაცმლიანად. ნახევრად უძილოები. აქ არც ძილი უნდა ვინმეს, არც ჭამა.

კარვების პირდაპირ სახელდახელოდ მოტანილი ტუალეტის ბოქსებია ჩამწკრივებული. იქვე რამდენიმე ხის საშხაპე. მოშორებით რაღაც შენობის ნანგრევებია. აქ ნაწილდება მათთვის მოტანილი ჰუმანიტარული დახმარება.

“ირმა, ქალებისთვის არიგებენო რაღაცას, გადი, ნახე, ისე არ დარჩე”.
ირმა გარბის.
ის ტყვიავიდან დევნილია.
აქ თავის 11 წლის ბიჭთან ერთადაა. ნათესავთან მხოლოდ ორი დღე გაჩერდა და წამოვიდა. როგორც ბევრი მისი სოფლელი, ქალაქელი, ნათესავი, მეგობარი. ყველა: “რამდენი ხანი შეეხიზნები ნათესავს?”.

ნანგრევებში ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებენ.
შენობის ერთ ყოფილ ოთახში ტუალეტის ქაღალდის გორებია. მეორეში ქალის და ბავშვების ჰიგიენური საფენები. სველი ხელსახოცები.

მესამეში მინერალური წყალი, გაზიანი სასმელები.
მეოთხეში ცივი საკვები. შედარებით დიდ ოთახში თეთრეული და ადეალები რიგდება.
ერთ-ერთ მოხალისეს, რომელიც პირველადი დახმარების დარიგებაში ეხმარება დევნილებს, შუბლიდან ოფლი წურწურით ჩამოსდის და ხმას უწევს:

“ ხომ არ შეიძლება ყველაფერი ერთმა კარავმა წაიღოს? დამაცადეთ!!!”.
“ორი დღეა აქ ვარ და გაქცევაზე ვარ. პირველ კარავს ჰგონია, რომ მერვეს უფრო მეტს ვაძლევთ”.
რა გასაკვირია. ხალხი თითო ხელი ტანსაცმლითაა სახლიდან გამოქცეული. უფულოდ. ამბები ისევე ჰგავს ერთმანეთს, როგორც მათი ახალი საცხოვრებელი კუთხე. ერთნაირი თეთრეული, ერთნაირი საკვები.

კარვების გვერდით ტანსაცმლის გორა ნელ-ნელა თხელდება. ახლა მთავარია, გამოცვლა მაინც შეძლონ. ერთმა ქალმა რომ გამოიცვალოს, კარვიდან ათი კაცი უნდა უნდა გავიდეს და ასე მორიგეობით.

ტყვიავიდან დევნილი ირმა გარეთ,  მანქანასთან დგას. “დაიცა, გავიხსენო როგორ იყო”, - ამბობს და რამდენიმე წუთი დუმს. რა დაავიწყებდა სამი დღის წინ გამოვლილ გზას, მაგრამ მაინც ძალების მოკრეფა სჭირდება მოსაყოლად:

“გორსა და ტყვიავში ვცხოვრობდი. ჩემი მშობლები სოფელში იყვნენ, მე გორში ვმუშაობდი და ბინაც მქონდა. სოფლიდან ჯერ დედაჩემი გამოვიყვანეთ. მერე მამაჩემი. იქ უკვე ხალხი საშინელებებს ყვებოდა რუსებზე. მე მაინც გორში ვრჩებოდი. იმ დღეს, რიცხვი აღარ მახსოვს, კორპუსი აფეთქდა. ხალხი დაწიოკდა. დაიღუპა.. ერთი ოჯახი სულ ამოწყდა. ქაოსი იყო. მერე ცოტა დავწყნარდით, მაინც გვეგონა, რომ  მთავრობა თავს გაართმევდა ამ ამბავს. ვერ ვიჯერებ, რომ ეს სინამდვილეა, რომ უნდა დატოვო სახლი და წახვიდე. ახლა ზუსტად მესმის აფხაზეთიდან დევნილების. ვუძლებდით, სანამ მასიური დაბომბვა არ დაიწყო.
11 წლის ბიჭი მყავს და უნდა გენახათ, როგორ იკავებდა თავს, არ იმჩნევდა შიშს ბოლომდე. მაინც ბიჭია და ეტყობა მაგიტომ. ისე კი, ტანსაცმელი ჩალაგებული გვქონდა და ვისხედით ასე. ყოველ წამს ვხტებოდით და ცას შევყურებდით.

მერე ჩვენს კორპუსთან რეზერვისტები განალაგეს. იქ ისროლეს ბომბი. მეტის გაძლება შეუძლებელი იყო. რაც გვეცვა, იმით გამოვიქეცით. იმ ჩალაგებული ტანსაცმლის წამოღებაც დაგვავიწყდა. მე შემთხვევით ვიღაცის “მარშრუტკა” შემხვდა, თბილისში მოჰყავდა ცოლ-შვილი, ფული გადავუხადე და წამოვედით.

სულ ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ სიტუაცია დაწყდნარდებოდა. ჩემები, მშობლები, ვიცი, რომ გორში არიან, ჩემს ბინაში.. აქ კი უკვე მოვიდა დახმარება, დასაწოლი მაინც არის, მაგრამ ისე ძალიან ძნელია აქ გაჩერება, საჰარასავითაა აქაურობა, ქარი, მტვერი..”

ქიწნისელ ნინოს ახლა უკვე ის ადარდებს, ქარმა კიდევ ერთხელ არ წააქციოს კარვები:

“გუშინაც ჩამოწვა, ბოძი გამოეცალა და აი, ხო ხედავთ, როგორც არის დამაგრებული. ჩემს ექვსი წლის ბიჭს ეძინა და დაფეთებული წამოხტა ხმაურზე. ბავშვებს ეგონათ, რომ აქაც გვბომბავდნენ. ისეთი სტრესის ქვეშ ვართ, მართლა ყველაფერი გვაშინებს. თვალები სულ გზისკენ გვიჭირავს”.

ნინო თავის ორ შვილთან ერთად ცხინვალთან ახლოს, სოფელ ქიწნისში ცხოვრობდა. მისი მშობლები და დედამთილი დღემდე კონფლიქტის ზონაში რჩებიან და მათზე არაფერი იცის.
“რა ძნელი ყოფილა ქალაქში ცხოვრება. ვაშლი მოუნდათ ბავშვებს, ქუჩაში დაინახეს, იყიდებოდა, იქ ყველაფერი იქვეა, ეზოში, აქ კი ყველაფერი უნდა იყიდო..”
ახსოვს, რომ:

"ფანჯრებმა ზანზარი დაიწყო. აღარ მახსოვს როგორ გამოვრბოდით. ვიღაცამ გამოგვიყოლა მანქანით, ჯერ კასპში ჩავედით.. რაც მოვასწარი, ბავშვების ტანსაცმელი ჩავყარე. ჩვენთვის კი საერთოდ არაფერი. ერთი სამ წლის მყავს, მეორე ექვსის, სკოლაში უნდა წასულიყო წელს.

საჭმელს გვაძლევენ აქ, მაგრამ გაზი არ არის და ცხელს ვერ ვამზადებთ, არადა, კონსერვი გუშინ რომ მოგვცეს, ცხარე იყო და ვერც ძეხვს ვაძლევ პატარას, მეშინია, არ მომეწამლოს, დღეს მარტო ჩაიზე არიან. რაზე ვიფიქრო, ვეღარ ვიგებ. დაქსაქსულები ვართ. როგორ აშორებს, თურმე, ომი”.
საუბარი არ დაგვიმთავრებია, ერთი კარავი ისევ დაიშალა. ქარი კი უფრო ძლიერდება. სათვალის გარეშე გარეთ დგომა წარმოუდგენელია. ხალხის ნაწილი ისეა გადაღლილი, რეაქციაც აღარ აქვს და წვანან.  ნაწილი ისევ თავიდან იწყებს კარვის გამაგრებას.

ნინელი დოლოაშვილი სოფელ ახალშენიდანაა. ისიც ნაწყვეტ-ნაწყვეტ იხსენებს მომხდარს. უჭირს ლაპარაკი.

“მოსახლეობას გამუდმებით არბევდნენ. ვხედავდით სოფლებს ცეცხლს როგორ უკიდებდნენ, ყველაფერს წვავდნენ. ჩვენ გვეგონა ტყუილი იყო ამას რომ ამბობდნენ და ჩვენი თვალით ვნახეთ ყველაფერი. თრასის პირა სოფლებში შემოვიდნენ, დაიწყეს შუშების ლეწვა და სახლებში თავხედურად შემოსვლა. საქონელს დაერივნენ.. ხალხის ნაწილი მთაში გაიქცა. ზოგი ტრასაზე ჩავედით და ვისაც რითი შეეძლო, გამოვიქეცით. თუ ვინმე გაუძალიანდებოდა რუსებს, კლავდნენ. მე 4 ბავშვი აქ მყავს, თბილისში,  3 კი გორის რაიონის სოფელ ზერდში...”.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 200 000 დევნილია. აქედან 70 000 რეგისტრირებული. ყველა მათგანს სახლშო დაბრუნება სურს. და რაც შეიძლება მალე. ამბობენ, რომ ყველაფრის აშენებას თავიდან დაიწყებენ, ოღონდ დაბრუნდნენ.

ახალი ამბები