კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა მოხდა ზემო აფხაზეთში და რატომ დაცარიელდა კოდორის ხეობა ქართველებისგან?!

22 აგვისტო, 2008
                                                       
ნანა ფაჟავა, ზუგდიდი
ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არავის გაუცია - საქართველოს ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები ამ დრომდე დუმილს არჩევენ. დუმილს ჯერჯერობით არც კოდორის ხეობის მოსახლეობა არღვევს, რომელიც რუსულ ბომბდამშენებს პირველი დარტყმებისთანავე გამოექცა. თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც - რამდენიმე სვანი, რომელიც გულწრფელად ყვება ხეობიდან გახიზვნის დეტალებზე და პარლამენტარი პაატა დავითაია, რომელსაც ხეობის დაკარგვის თაობაზე თავდაცვის მინისტრისთვის მხოლოდ კითხვები აქვს შემონახული. 12 აგვისტოდან ზემო აფხაზეთის ტერიტორიას აფხაზურ-რუსული სამხედრო შენაერთები აკონტროლებენ, კოდორის ხეობა კი ქართველებისგან დაცარიელდა. 1600-მდე დევნილმა ზუგდიდამდე გაეროს სამშვიდობო მისიისა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დახმარებით ჩამოაღწია.

"მაინტერესებს, რა მოხდა კოდორის ხეობაში, რატომ აიღეს სეპარატისტებმა და რუსებმა ხეობა უბრძოლველად და რატომ არის კოდორის ხეობა ამჟამად დაკარგული?!" - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, პაატა დავითაიმ საკანონმდებლო ორგანოში, 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე გააკეთა. იმავე განცხადებაში მან აღნიშნა ისიც, რომ რუსული და აფხაზური შენაერთების მიერ კოდორის ხეობის აღებასთან დაკავშირებით კითხვები თავდაცვის მინისტრთან დავით კეზერაშვილთან აქვს, რომელსაც მას პარლამენტის დახურულ სხდომაზე დაუსვამს და რომლის გამართვასაც იგი საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მოითხოვს.

20 აგვისტოს, "ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის" მიცემულ ინტერვიუში პაატა დავითაია აცხადებს, რომ იკვეთება აშკარა ბრალეულობა იმ ადამიანებისა, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ კოდორის ხეობის დაცვასა და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. ამ საკითხებთან დაკავშირებით იგი მომავალში საგამოძიებო კომისიის შექმნასაც მოითხოვს.

პაატა დავითაია, პარლამენტის წევრი: "იყო მხოლოდ ოთხი შეტევა ზემო აფხაზეთზე, რომელიც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და შსს დანაყოფებმა ღირსეულად მოიგერიეს. ხეობის ადვილად აღება შეუძლებელი იყო. ამისათვის სეპარატისტებს დიდი მსხვერპლი დასჭირდებოდათ. რეალურად კოდორის ხეობა უბრძოლველად ჩაბარდა. მე ჯერჯერობით ბრალს არავის ვდებ, ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ სერიოზული კითხვები მაქვს. რატომ ამბობენ ხეობიდან გამოსული ჯარისკაცები იმას, რომ უკან დახევაზე ბრძანება ჰქონდათ მიღებული?! ითქვა ისიც, რომ პრეზიდენტს არ გაუცია ბრძანება საჯარისო ნაწილების გამოყვანის თაობაზე და რომ იგი აღშფოთებული იყო იმით, რაც მოხდა. მით უარესი, თუ ბრძანება არ ჰქონდათ სამხედროებს და თვითნებურად დატოვეს ხეობა. ამ შემთხვევაში ხომ გასაგებია პასუხი ვინც უნდა აგოს?!"

პაატა დავითაია ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის სხდომაზე ამგვარი განცხადებების შემდეგ მასზე რამდენიმე სატელეფონო მუქარა განხორციელდა, რომლის ავტორი პარლამენტარს კოდორის ხეობასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებას არ ურჩევდა.

პაატა დავითაია: "სატელეფონო მუქარის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს დაუყონებლივ ვაცნობე, მაგრამ მისი ზარის ავტორის ვინაობა ნამდვილად არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ კოდორის ხეობის თემას არ შევეშვები. ის ხომ ბოლოსდაბოლოს ჩემი კუთხეა, გულირიფშის რაიონში დავიბადე. ზემო აფხაზეთს ხომ ჩვენი ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. მტკივა გული იმიტომაც, რომ მის შესანარჩუნებლად არ გვიბრძოლია. მე ახლა ციფრს ვერ დავასახელებ გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ დანამდვილებით ვიცი ის, რომ იქ ქართული შენაერთების საკმარისი ძალა იყო იმისათვის, რომ მტერი მოგვეგერიებინა. იყო ძალები იმისათვის, რომ ხანგრძლივი შემოტევებისათვის გაგვეძლო. მაშინ რა მოხდა?!"

დავითაიას ცნობით, აფხაზეთის მხრიდან კოდორის ხეობასთან დამაკავშირებელი ლათას გვირაბიც არ აუფეთქებია ქართულ შენაერთებს, რომელიც დანაღმული იყო. ხოლო აფხაზურმა სამხედრო ფორმირებებმა ზემო აფხაზეთში ბილიკებით შეაღწიეს. რუსული საბრძოლო ტექნიკა კი ხეობაში ზუგდიდიდან, დაბა ჯვარის გავლით შევიდა. პარლამენტარის განცხადებით დაბომბვების შედეგად კოდორის ხეობის მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის. მსხვერპლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ადასტურებს, რომელიც ქუთაისში ჩასვლამდე ზუგდიდში შეჩერდა.

ჭუბერში თავმოყრილი დევნილების მეორე ნაკადი გაეროს მისიამ 18 აგვისტოს ჩამოიყვანა. 200-მდე ადამიანი ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის ეზოში გააჩერეს და ქუთაისის მიმართულებით გასამგზავრებლად გაამზადეს. დევნილები სხვადასხვა სახის სატვირთო თუ სამგზავრო მანქანებიდან ყვითელ, ჰოლანდიურ ავტობუსებში გადასხეს. უსაფრთხოების მიზნით გაეროს მისიას ისინი იმერეთის რეგიონში დაღამებამდე უნდა ჩაეყვანა.

დევნილებში თითქმის ყველა ასაკის ადამიანი იყო. მათ გამოქცევასთან დაკავშირებული თითქმის ყველა ისტორია ერთმანეთს ჰგავს. მონათხრობების მთავარი შინაარსი კი ის არის, რომ მშობლიური კერა დატოვეს და რუსულ ჭურვებს გამოექცნენ. მაგრამ ამბობდნენ იმასაც, რომ ხეობა მხოლოდ ქართული შენაერთების კვალზე დატოვეს.

ბექა გერლიანი, 18 წლის, ნაჰარედან: "ჩემს სოფელში 6 ოჯახი ცხოვრობს და ყველა გამოექცა დაბომბვებს. მე მშობლებთან ერთად, ღამის 2 საათზე გამოვაღწიე. დილით კი ნაჰარეში აფხაზები შევიდნენ. თავი ჭუბერს შევაფარეთ..."

იზოლდა გერლიანი, 30 წლის, აჟარადან: "ხეობა იბომბებოდა, მაგრამ მაინც გვეგონა, რომ მხოლოდ გვაშინებდნენ. ჭურვების მასიური ჩამოყრა რომ დაიწყო მხოლოდ მაშინ გამოვიქეცით, იქნებ გადავრჩეთ-თქო. იმედიც აღარ გვქონდა, რომ გამოვაღწევდით. გვიკვირდა გზას რომ არ ბომბავდნენ, ვფიქრობდით, რომ კორიდორს გვიხსნიდნენ გასაქცევად... არტილერიიდან და ავტომატური იარაღიდან სროლა არ ყოფილა. ამბობენ, რომ სროლები მხოლოდ წინა ხაზზე იყოო. ჭუბერში ჩვენი ჯარისკაცები დაგვხვდნენ, რომლებიც ჩვენს გახიზვნას ცდილობდნენ. მერე ჭუბერის დაბომბვაც დაიწყო და ქართველმა მეთაურმა იქ აღარ გაგვაჩერა..."

ლეილა სუბელიანი, 28 წლის ჩხალთადან: "ნათესავის დაკრძალვაზე ვიყავით დაბომბვა რომ დაიწყო. სასაფლაოდან ერთი წუთის გამოსული ვიყავით, საფლავებზე ჭურვები რომ ჩამოყარეს. მე მხოლოდ იმ ტანსაცმლით ვარ, რაც ზედ მაცვია, შინ მისვლა ვერ მოვასწარი. რძალი და შვილიშვილი "უაზით" წამომეწია... ახლომახლო ჭურვები ცვიოდა. მანქანა ისე ზანზარებდა, გვეგონა გასკდებოდა. ეს ყველაფერი 9 აგვისტოს ხდებოდა..."

შარდენ გერლიანი, 80 წლის გვანდრადან: "ჩემი სოფელი დაიბომბა, გენწვისიც, ომარიშარაც. ყველაფერი დავტოვეთ და გამოვიქეცით... აქ ჩემს ცოლთან, დებთან, რძალთან და შვილიშვილებთან ერთად ვარ. საკუთარ სახლში მშვიდ სიკვდილსაც ვერ ვეღირსე. უკვე ღმერთმაც კი არ იცის რა გველოდება..."

სილიბისტრო გუჯეჯიანი, 82 წლის ომარიშარადან: "მე, ჩემი ცოლი, ჩემი მეზობელი, 85 წლის იროდი ქალდანი და მისი ვაჟი "უაზით" გამოვედით ხეობიდან. მარტო დაბომბვების ხმა გვესმოდა, სხვა იარაღიდან სროლის ხმა არავის გაუგია. სოფლიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოვედით, რაც გაქცეული ჩვენი ჯარისკაცები და "შტაბნიკები" ვნახეთ. იქამდე მათი იმედით ვიყავით, მათი დახევის შემდეგ ჩვენს გაჩერებას რა აზრი ჰქონდა, ვის, ან რით გავმკლავებოდით?!"

ახალი ამბები