კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსებმა ,,დამოუკიდებლობა“ ქართველების დაწიოკებით აღნიშნეს

29 აგვისტო, 2008

საბა წიწიკაშვილი,გორი

დევნილების თბილისიდან გორში დაბრუნების პროცესი შეჩერდა. როგორც გორის მუნიციპალიტეტის სოციალურ განყოფილებაში გვითხრეს, დიდი რაოდენობით დევნილების მიღების საშუალება გორის მუნიციპალიტეტს აღარ აქვს. თბილისიდან გორში გადაადგილებული  დევნილებიდან ზოგი რუსების მიერ ოკუპირებულ სოფლებში: შინდისი, ფხვენისი, ვარიანი, ტყვიავი, მერეთი, მარანა, ძევერა, შერთული... დააბრუნეს. სოფელში დაბრუნებულ მოსახლეობას ოსმა მოროდიორებმა ახალი ძალით შეუტიეს.

თბილისიდან გორის რაიონში დაბრუნებული დევნილები ისევ დევნილებად იქცნენ.  სოფელ კარალეთიდან ხალხს მეორეჯერ მოუხდა გამოქცევა, რადგან 26 აგვისტოს ოსებმა ,,დამოუკიდებლობა“ აღნიშნეს და ქართველები დააწიოკეს.

სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარების ღამეს მთვრალი ოსები სოფელ მეღვრეკისშიც შევიდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობა დაარბიეს. შეშინებული ხალხი დილით გორში ფეხით ჩამოვიდა.  წინა საღამოს მოროდიორები ზემო ნიქოზშიც შევიდნენ. მოსახლეობამ სახლები მიატოვა და ქვემო ხვითისკენ დაეშვა. იქ ისინი რუს ჯარისკაცებს გადაეყარნენ და ყველაფერი დეტალურად უამბეს. რუსებმა რამდენიმე მათგანი "ბეტეერზე" დაისვეს და ნიქოზისკენ მოროდიორების დასასჯელად გაეშურნენ, თუმცა მათ ვეღარ მიაგნეს.

სულ სხვა სიტუაციაა პატარა ლიახვის ხეობაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ბელოთში 82 წლის მოშე ჩიფჩიურის სახლი დაწვეს და მოხუციც შიგ მოჰყვა. მისი შვილი ზურა ჩიფჩიური, ზედმეტსახელად ,,გრაფა" ზურგშია დაჭრილი და რუსთავში იმყოფება. როგორც ჩანს, ოსებმა ეს შურისძიების მიზნით გააკეთეს. ამის შესახებ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა" მოშე ჩიფჩიურის დისშვილისგან მამუკა წიქარიძისგან შეიტყო. მოროდიორებმა პატარა ლიახვის ხეობის ქართული სოფლებიდან 300-400 სული საქონელი გაირეკეს და წაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლში გართულებული მოვლენების დროს კონფლიქტის ზონის გარეთ მცხოვრები არც ერთი მშვიდობიანი, ოსი ეროვნების ოჯახი არ დაზარალებულა. უფრო მეტიც, რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ის ოსებიც გარბოდნენ, რომლებმაც წლების განმავლობაში ქართველებთან მშვიდობიანად თანაცხოვრება შეძლეს. სოფელ შინდისის მკვიდრი გერონტი თვალიაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალიდან მასობრივად დაბომბვების დროს სოფელი ოსებმაც დატოვეს და თბილისისკენ მათთან ერთად წავიდნენ.

,,უნდა გითხრათ, რომ დღეს ქართველებს არ გაგვჩენია ისეთი ზიზღი ოსების მიმართ, როგორც ეს 16 წლის წინ იყო. მაშინ ოსები თავიანთ სოფლებში მცხოვრებ ქართველებს აწიოკებდნენ და ქართველები - ქართულ სოფლებში მცხოვრებ ოსებს. დღეს ქართულ სოფლებში ოსები არ დაჩაგრულან. ჩვენი სახლები და ოჯახები რუსებმა და კაზაკებმა გადაქელეს", - ამბობს სოფელ შინდისში მცხოვრები გერონტი თვალიაშვილი.

სოფელი შინდისი ნიქოზი-გორის გზაზე მდებარეობს. სოფელში სახლები ნიქოზიდან გამოტყორცნილი ჭურვების შედეგად დაზიანდა. შინდისი ფაქტობრივად პოლიგონად იქცნა. სოფელში შემოსულ კაზაკებს და ჩეჩნებს დაცარიელებული ტერიტორია დახვდათ. მშრომელი ხალხით დასახლებულ სოფელში თითქმის ნახევარზე მეტი შეძლებულად ცხოვრობდა. სწორედ ამიტომ კაზაკებს და ჩეჩნებს აუარება ნადავლი დარჩათ.

ოსები გორშიც უსაფრთხოდ ცხოვრობენ. წმინდაწყლის დასახლებაში ე.წ. ,,ბარაკებში“ ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, დაახლოებით 51 ოსი ეროვნების ოჯახია.

 

 

 

ახალი ამბები