კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Вива Миша! Russia stop! Путин кмара!

3 სექტემბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

რუსული აგრესიის წინააღმდეგ სრულიად საქართველო გაერთიანდა. 1 სექტემბერს ცოცხალი ჯაჭვი  მთელ ქვეყანას შემოევლო. მასშტაბები გასცდა ოკუპირებული საქართველოს ფარგლებსაც. პატრიოტულმა განწყობამ მსოფლიო მოიცვა. ამ დღისთვის ყველგან, საქართველოს ყველა რეგიონში თავისებურად ემზადებოდნენ. საინტერესო იყო ქუთაისური სამზადისი.

აქ ფაცი-ფუცი დილიდან შეინიშნება. ყველამ იცის, რომ დღეს „დიდი დღეა“, რომ ახლა ყველა ერთად უნდა დადგეს და საქართველო გადაარჩინოს.

„რამდენიმე დღით ადრე გვითხრეს, რომ 1 სექტემბერს, 2 საათზე ყველა სახელმწიფო დაწესებულება მუშაობას დაასრულებს და ხალხი ცოცხალ ჯაჭვს შეუერთდება. მივდივართ და იქ ვაპირებთ დადგომას, სადაც სამშობლოს ჭირდება“, - ამბობს შუახნის ქალბატონი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ პატრიოტებს თანამოაზრეებთან ერთად უერთდება. განწყობა ერთია - ხელიხელჩაკიდებული, ქვეყნის სადარაჯოზე!

ქალაქის ცენტრალური ქუჩები საქართველოს დროშებით მორთულ-მოკაზმული მანქანებით ივსება. დროშები დღეს ძალიან ბევრია, ყველას ეყოფა. ალაგ-ალაგ ჩვენი მეგობარი ამერიკის დროშებიც შეინიშნება. თუმცა, არა იმ ოდენობით, როგორც ხუთჯვრიანები.
„- სანამ ეს დროშები ხელთ გვექნება და მისი ფასი გვეცოდინება, ჩვენი მომრევი არავინ იქნება. რუსეთი კი არა, მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ საქართველო ჩვენია და არავის დავანებებთ.“
„- ეს დღე საჭირო და აუცილებელი იყო. აქამდეც უნდა მოგვეფიქრებინა რაღაც მსგავსი. სხვანაირად რუსეთი არ გაჩერდება.“

 „- ერთსულოვნება ყველა საქმეში მისაღებია. ეს აქციაც მისაღებია და ამიტომაც ვუერთდები. ყოველთვის შევუერთდები, როცა კი საჭირო იქნება. ჩვენ ასე გვესმის ჩვენი ქვეყნის სიყვარული.“

ცენტრალურ მოედანზე, აღმაშენებლის ძეგლთან ცარიელი ტერიტორია ნელნელა მცირდება. შეკრების ცერემონია პიკს აღწევს და პატრიოტთა შორის საპირისპირო აზრიც ჩნდება. ავტორები თავშეყრის ადგილს ნელნელა ეცლებიან და საკუთარ საქციელს გამართლებასაც უმალ უძებნიან: 

„- სიმბოლოები ჩვენი ცხოვრების წესად რომ იქცა, ფაქტია. ალბათ, უკვე დროა სიმბოლოების სამყაროდან რეალობას დავუბრუნდეთ. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და იმ დიდი ორმოდან ერთხელ და სამუდამოდ ამოვიდეთ, რომელშიც ერთ მშვენიერ დღეს ნებით თუ უნებლიედ აღმოვჩნდით. ალბათ არაფერი ისე კარგი არაა, როგორც სიმართლით ცხოვრება. სიმართლე შვებაა.“

„- მომწონს ეს ერთსულოვნება, რაც ხალხშია, მაგრამ საწყენი ისაა, რაც ამ აქციის დასრულებისთანავე იწყება - ურთიერთგაუტანლობა და ორპირობა; წაქცეულის ჩაქოლვა და სხვა ათასი უბედურება. მე მირჩევნია ყველა საკუთარ საქმეს აკეთებდეს და ასე გამოხატავდეს სამშობლოს სიყვარულს.“

„ახლა ქალაქში რომ გაიარო, ყველაფერი დაკეტილი დაგხვდება. მიზეზს არავინ კითხულობს - ხალხი იქაა, სადაც სამშობლოს ჭირდება. იქნებ მე წამალი მჭირდება და აფთიაქამდე ძლივს მივედი. იქ არავინ მხვდება და იმ წუთში ჩემი, ერთი რიგითი ქართველის ჯანმრთელობა არავის ანაღვლებს. ესაა პატრიოტიზმი? ქუჩაში დგომაა პატრიოტიზმი.“
მოკლედ, აზრთა სხვადასხვაობა აქ დილიდან იგრძნობა. ზოგი ბრაზობს, ზოგიც ხუმრობის ხასიათზეა. „ის, ვინც აქციაზე არ წავა, „ნაციონალების“ კრებაზე მწარედ დაისჯება...“

მანქანები გარბიან.  მძღოლები ერთმანეთს გაბმული საყვირებით ეხმიანებიან. ავტობუსებთან ხალხმრავლობა და უჰაერობაა. ყველა ვერ ეტევა და ურჩევენ, სხვას დაელოდონ. სხვას აგვიანდება და ხალხი წუხს. თუმცა, მერე ყველა ერთად მხიარულდება - მანქანების კოლონაში ერთი მინიატურული მოტოციკლი ჩნდება, ფურგუნზე წარწერით Вива Миша!  Russia stop! Путин кмара! ამ რუსულ-ინგლისური ტექსტის ავტორმა, როგორც ჩანს, ძალიან მოინდომა და პატრიოტთა რიგებს ღირსეულადაც შეუერთდა.

ყველა აქაა, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე: ბანკირები, ექიმები, პედაგოგები, სტუდენტები და ბავშვებიც, სათანადო ზომის დროშებით. პატარა პატრიოტები კამერების წინ პოზირებენ, უფროსები ინტერვიუს აძლევენ. ყველა მზადაა ქვეყანა განსაცდელისგან გადაარჩინოს. ესაა ოღონდ, საქართველოს გადარჩენა და, სიყვარული ზოგადად, ყველას სხვადასხვანაირად ესმის. სამშობლოს სიყვარულს ყველა თავისებურად ამტკიცებს. აქ ზუსტად ესმით, რომ ქუთაისური ჯაჭვი მტკიცე და ურღვევი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში მთელს ქვეყანას ვერ შემოევლება.

ახალი ამბები