კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არ გვინდა სანაგვეში სიკვდილი“

17 სექტემბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისს დევნილთა ერთერთი კოლექტიური ცენტრის მცხოვრებლებმა მიმართეს. დევნილები ზემო აფხაზეთიდან უმძიმეს საცხოვრებელ პირობებს უჩივიან და დახმარებას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ითხოვენ. როგორც თვითონ ამბობენ, ადგილობრივი ხელისუფლების იმედი, კარგა ხანია, აღარ აქვთ.

„ყველა უბედურებასთან ერთად ისიც დაგვემატა, რომ კანალიზაციის ნაგავი გვახრჩობს. მოვიწამლეთ სუნით და პატრონი არავინაა. პირის დაბანის საშუალებაც არ გვაქვს. ჩვენს თავს არ დავეძებთ, ბავშვები დაიტანჯნენ. მილიონჯერ მივმართეთ ამის შესახებ ადგილობრივ მთავრობას, მაგრამ ამაოდ. იქნებ თქვენ შეხვიდეთ ჩვენს მდგომარეობაში და საშველი გამოძებნოთ, არ გვინდა სანაგვეში სიკვდილი“, - ამბობენ ქუთაისის ავტომექანიკურ კოლეჯში განთავსებული დევნილები.

მათი საცხოვრებელი პირობები, როგორც თვითონ ყვებიან, დღითიდღე უარესდება. შენობაში, სადაც 20 ოჯახი ცხოვრობს, არც წყალია და არც საკვების მომზადების არანაირი პირობა. ყველაზე უფრო ბავშვებიან ოჯახებს უჭირს. უწყლობის გამო, ისინი შესაძლოა, ეპიდემიის მსხვერპლნი გახდნენ.

„იქ თავიდანვე არ უნდა მომხდარიყო დევნილთა შესახლება. არანაირი საცხოვრებელი პირობები ავტომექანიკური კოლეჯის შენობაში არ არის. არ შეიძლება შენობა სანახევროდ დევნილებს ეჭიროთ და დანარჩენ ნაწილში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდეს. გასაგებია, რომ დევნილთა ყოფა, ზოგადად,  ხან ცუდია და ხან შედარებით გაუმჯობესებული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ადამიანები არიან. მეტსაც გეტყვით, მათი დევნილობის პირველ დღეებში რომ არა არასამთავრობო ორგანიზაციები, ქალაქში ჩამოსული ჰუმანიტარული დახმარებები დაურიგებელი დარჩებოდა.  ქუთაისის მერიამ ზოგიერთი ტვირთი, რომ ვერ დანაწილდა,  უკან გაუშვა. ამის შემდეგ, ალბათ, ყველაფერი ნათელია“, - აცხადებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ ხურციძე.

თავად ლტოლვილთა და განსახლების იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი დავით აფციაური კი, აღნიშნულ პრობლემაში თავად დევნილებს ადანაშაულებს.
„ჩვენ მათ გაუმჯობესებული პირობები შევთავაზეთ და მტკიცე უარი მივიღეთ. ვაპირებდით ეს ხალხი სამტრედიაში, გაცილებით კეთილმოწყობილ შენობაში გადაგვეყვანა, მაგრამ არ ისურვეს. ასევე, ვფიქრობდით და შევთავაზეთ კიდეც ვარციხის სამთავრობო რეზიდენციაში დაბინავება. აქაც არ ისურვეს. როგორც ჩანს, მათ მაინცდამაინს ქუთაისში სურთ ცხოვრება და იცხოვრონ. აბა, მე რა ვქნა. სხვათაშორის, პოლონელები რომ იყვნენ ჩამოსული, სწორედ მაგ დევნილებმა შესჩივლეს, სამი დღეა პური არ მიგვიღიაო. არადა, პური მათ ყოველდღიურად მიეწოდებათ. ვერ გავიგე ამ ადამიანების, არ ვიცი რა უნდათ“, - ამბობს აფციაური.

აღნიშული დაწესებულების მსგავსად, დევნილთა სხვა კოლექტიურ ცენტრებშიც არანაკლებ სავალალო მდგომარეობაა. ქუთაისის შვიდივე კოლექტიური ცენტრის მცხოვრებნი გაუსაძლის პირობებზე ჩივიან. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი, აცხადებენ, რომ შენობებს ერთი უბრალო მიზეზის გამო ვერ შეაკეთებენ -  ეს არ არის დევნილთა მუდმივი საცხოვრებელი. 

 

ახალი ამბები