კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონულ გაზეთებს დახურვის საფრთხე ემუქრება

18 სექტემბერი, 2008

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

რეგიონულ მედიას ომის დროს და ომის შემდეგ ისე გაუჭირდა, რომ შესაძლოა, არაერთი გაზეთი უახლოეს მომავალში დაიხუროს. „ჩვენ ყველანაირი რისკი გვქონდა გათვლილი, ომის რისკის გარდა“ - ამბობენ რეგიონული გაზეთების რედაქტორები.

პრობლემებზე, რომლებსაც ისინი მოულოდენელად გადააწყდნენ, ომისა და მშვიდობის გაშუქების ბრიტანული ინსტიტუტის თბილისის ოფისში საუბრობდნენ. მრგვალი მაგიდა IWPR - ში სწორედ იმ მიზნით მოეწყო, რომ ამ პრობლემების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებმაც შეიტყონ. ქაღალდის ფასის ზრდა, დისტრიბუციის მაღალი ფასები, სარეკლამო ბაზრის გაჩერება და დამკვეთების მიერ შეჩერებული კონტრაქტები - ამაზე ყველა კუთხის მედიის წარმომადგენელი ჩივის და გამოსავალს ეძებს.

ომის დროს ფაქტობრივად მთლიანად განადგურდა ტელეკომპანია „თრიალეთის“  აპარატურა გორში:
ტელევიზიის დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი იხსენებს, რომ ტელევიზია ბოლო წუთამდე აპირებდა მუშაობას და მაუწყებლობა არც შეწყვეტილა, სანამ ტელეანძაზე გადამცემები არ ააფეთქეს:
„თან ჩვენს შენობაში მედია-ცენტრი იყო განთავსებული და სანამ შესაძლებელი იყო, ვმუშაობდით. ამ დროს ტელევიზიით ცხადდებოდა, რომ ჯარები ცხინვალში არიანო და სინამდვილეში, უკვე გორში იყვნენ შემოსულები. ისე წამოვედით, yველაფერი იქ დავტოვეთ. დავბრუნდით, მაგრამ აღარაფერი დაგვხვდა. ყველანაირი ტექნიკა, წაღებული დაგვხვდა, გარდა რამდენიმე დაშლილი კომპიუტერის ქეისისა. ჩვენ მივწერეთ სხვადასხვა ორგანიზაციებს დახმარებისათვის და ის თანხა მოვითხოვეთ, რაც ტელევიზიის სასწრაფო აღდგენისათვის არის საჭირო, დაახლოებით 169 000 ლარზეა საუბარი. აქედან ნაწილი დაგვიფინანსეს, 48 000 დოლარის ტექნიკას ყიდულობენ ჩვენთვის და 25 სექტემბერს იქნებ გავიდეთ ეთერში. თუმცა, ცხადია, რომ ეს ის ტელევიზია ვეღარ იქნება“.

პრობლემები შეექმნა გაზეთ „ბათუმელებსაც“. ამ გაზეთის ჟურნალისტი ნესტან ცეცხლაძე ამბობს, რომ ომის პირველივე დღეს გაჩნდა გაზეთის დისტრიბუციის პრობლემა, რადგან „ბათუმელები“ თბილისში იბეჭდება. ერთი ნომერი საერთოდ ჩავარდა:

„დაბნეულებიც ვიყავით, ისე ჩქარა იცვლებოდა მოვლენები. და საერთოდ არ ვიყავით მზად ასეთ სიტუაციაში სამუშაოდ. სტამბამ გაზეთი კი დაგვიბეჭდა, მაგრამ შემცირებული ტირაჟით, ამან ის გამოიწვია, რომ ხელმოწერებიდან ათასს ვერ მივაწოდეთ ახალი ნომერი.
ერთი ნომერი 8 გვერდიანი გამოვეცით, მეორე 12-იანი -  24 გვერდის ნაცვლად. საქმე ისაა, რომ ჩვენი გაზეთი დიდი ხანია ცდილობს არ იყოს გრანტებზე ჩამოკიდებული გამოცემა და ამის გამო საკმაოდ ბევრს ვმუშაობდით რეკლამის მოზიდვაზე, ხელმომწერებთან და ა.შ. სამწუხაროდ, ამ დღეებში გაზეთმა გააკეთა ის, რაც მას არ გაუკეთებია დაარსების (2001) წლიდან. გაზეთი 70 თეთრამდე გაძვირდა, რამაც  შექმნა პრობლემები მკითხველებთან. ხელმომწერების რიცხვი შემცირდა. ვერ ავამუშავეთ ტურისტულ სეზონზე გათვლილი ერთი სომხური პროექტიც. ომის შემდეგ ორჯერ გაძვირდა თბილისიდან ბათუმამდე გაზეთის დისტრიბუციის ფასი.. თუ ვიხდიდით 40 ლარს, ახლა 80 ლარის გადახდა გვიწევს“.
ანუ, „ბათუმელებმა“ გაზეთის ბედი, ფაქტობრივად, მთლიანად მიანდო მკითხველს.

მძიმე ვითარებაა სამცხე ჯავახეთში, სადაც გამომავალ ქართულ-სომხურენოვან გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ საერთოდ გადაეკეტა სასიცოცხლო არტერია - ინტერნეტი. არადა, ამ გამოცემას, რომელიც არ იყიდებოდა და ხელმომწერების საშუალებით ვრცელდებოდა, გავრცელების საკმაოდ აწყობილი სისტემა ჰქონდა.

ლელა ინასარიძე, „სამხრეთის კარიბჭე“: „ თუ ქართულ გაზეთს სჭირდება ერთი კორექტორი, ერთი თარჯიმანი და ყველაფერი თითო-თითო, ჩვენ ყველაფერი გაორმაგებული გვინდა, რადგან სომხურიდან ქართულად უნდა ითარგმნოს და პირიქით. ინტერნეტის გარეშე კი ეს შეუძლებელია. ჩვენ დავთვალეთ და დავასკვენით, რომ სამწუხაროდ, რაც უნდა ღირდეს გაზეთი, დისტრიბუციის თანხას მიაქვს მისი შემოსავლის 90%. რჩება 10 % რაც ტელეფონის ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს. თუკი ვინმესთან არსებობდა რაიმე ტიპის შეთანხმება - რეკლამაზე, დღეს ყველა უარს აცხადებს თანამშრომლობაზე.  მაგალითად, ჩვენ გვქონდა რამდენიმე ადგილობრივ მეწარმესთან მოლაპარაკება მათი მაღაზიების რეკლამირებაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ომის შემდეგ  საგადასახადო დაადგა თავზე და ამ დროს შენ რომ რეკლამაზე მიდიხარ, წარმოუდგენელია მათთან დალაპარაკება. უკვე ხალხიც თავს იკავებს გაზეთის ხელმოწერაზე. იმიტომ კი არა, რომ  რომ მას გაზეთი არ აინტერესებს, მათ მაქსიმალურად შეამცირეს ხარჯები და  საკვების მარაგს აკეთებენ. ამ პირობებში გაზეთის პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია და დანაშაული იქნება „სამხრეთის კარიბჭის“ თუნდაც სომხური ვერსიის დახურვა, რადგან ჯავახეთის მოსახლეობას სხვა წყარო – ქართული, ინფორმაციის მიმწოდებელი რეალურად არ ჰყავს“.
 
გაზეთ „გურიის მოამბის“ ვებ გვერდი ომის დროს ჰაკერული შეტევის მსხვერპლი გახდა. გაზეთის რედაქტორი ლადო მენაბდე ამბობს, რომ „გურიის მოამბე“ ერთადერთი გაზეთი იყო, რომელმაც პერიოდულობა გაზარდა, თუმცა, ამას მოგება ცხადია, არ მოუტანია:

„საათებში იცვლებოდა სიტუაცია და გაზეთის კვირაში ერთხელ გამოსვლა უაზრობა იყო. გვქონდა ქაღალდის პრობლემაც და 8 გვედრის ნაცვლად 4 გვერდიანს ვბეჭდავდით.
დღეს ყველა მოლოდინის რეჟიმშია და ასე არიან ბიზნესმენებიც. სანამ არ გაირკვევა რა ხდება ქვეყანაში, არ გადადგამენ თამამ ნაბიჯებს და ჩვენც, ალბათ, ამ რეჯიმში მინიმუმ 4 თვე მაინც მოგვიწევს მუშაობა. თუმცა, თუ დღესვე არ მივიღეთ რაიმე ზომები, შეიძლება ოთხი თვის შემდეგ უარესი განცხადებები გავაკეთოთ. თავად განსაჯეთ - ჩვენი გაზეთის ფასი 30 თეთრია და ერთი ნომრის გამოშვება 280 ლარი ჯდება და რამდენი უნდა გაყიდო, რომ ეს თანხა დაფარო?“
ამ მხრივ უკეთესი ვითარება არც კახეთშია.

გაზეთ „სპექტრის“ რედაქტორი მაია ყალაბეგაშვილი: „კახეთში პანიკამ კულმინაციას მიაღწია ომის პერიოდში. იქედან გამომდინარე, რომ მთელი თბილისი და დასავლეთ საქართველოს დევნილებიც დაიძრნენ და კახეთში ჩამოვიდნენ. ოჯახი არ მეგულება, რამდენიმე სტუმარი რომ არ მიეღოს. მოსახლეობას ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოეწურა. ამას ისიც დაემატა, რომ შეშინებული ხალხი ყიდულობდა 30 ტონა ფქვილს, 20 ლიტრ ზეთს, კბილის პასტებსაც კი. და ამ ფონზე როცა გაზეთის გამოწერისათვის მიდიხარ მათთან, ჩვენ ვგრძნობთ უკვე უხერხულობას.

დღეს, მაგალითად, სტამბის დირექტორმა გამომიცხადა, რომ ძველ ფასში ვეღარ დამიბეჭდავს გაზეთს და ერთ თვეში, თუ ქაღალდს არ შემოიტანს, საერთოდ შეწყვეტს მუშაობას.

რეკლამის მომცემები კი კახეთში პირდაპირ ამბობენ, რომ თუ რამე წასაღები იყო, სახელმწიფომ წაიღოო. ეს ეხება როგორც მსხვილ, ასევე წვრილ მეწარმეებს. მაგალითად, „ბეგი კომპანიმ“, რომელიც მთელწლიან რეკლამაზე იყო ჩვენთან შეთანხმებული, ეს დრო ოთხ თვემდე შეამცირა..

უარესი ვითარება იყო იმერეთში, სადაც ერთ-ერთი ცნობადი გამოცემა: „ახალი გაზეთი“ საერთოდ ვერ გამოვიდა ომის პერიოდში და დღემდე გაჩერებულია:
მაია მეცხვარიშვილი, „ახალი გაზეთი“: „ჩვენ ექვსთვიანი კონტრაქტები გვაქვს ჩვენს ხელმომწერებთან  და აგვისტოს დასაწყისში ორკვირიან შესვენებას ვაკეთებთ ხოლმე და შემდეგ ვაახლებთ. ომის დროს კი ვეღარ გავაგრძელეთ. ამას ისიც დაემატა, რომ ჩვენი დამკვეთები არიან ბანკები და კი იცით, ამ მხრივ  რა ხდებოდა ქვეყანაში. ჩვენც თბილისში ვბეჭდავთ გაზეთს და რადგან გზა ჩაკეტილი იყო, ფიზიკურად ვერ მივიღებდით. ახლა გვაქვს ერთ-ერთი გრანტიდან დარჩენილი მცირე თანხა, რომელიც რამდენიმე ნომრის გამოცემას ეყოფა, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია. ვფიქრობ, რომ ისევ ონლაინ მედიის განვითარებაზე ხომ არ ვიზრუნო, რადგან გაზეთის ფასი იზრდება კატასტროფულად, მკითხველის მყიდველუნარიანობა დაბალია...

გაზეთ„კახეთის ხმის“ რედაქტორი მაია მამულაშვილი კი ამბობს, რომ ბოლო დღეებში „საქპრესამ“ საერთოდ დახურა რამდენიმე ჯიხური თელავში. ანუ აღარ არსებობს სტაბილური ადგილი, სადაც პრესა გაიყიდება.
ერთადერთ გამოსავლად რეგიონული გაზეთების ჟურნალისტები სარეკლამო ბაზრის დარეგულირებას ასახელებენ. თუმცა, მათ ძირითად დამკვეთ ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს და სხვა ადგილობრივ მეწარმეებს ვერავინ დააძალებს გაზეთში რეკლამის ჩადებას.

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ რეცეპტის დადება - თუ რამ უნდა გადაარჩინოს რეგიონული პრესა, დღეს ძალიან ძნელია. ერთადერთ რეალურ იდეად, რომლის განხორციელებამაც, შესაძლოა, პრობლემა ნაწილობრივ გადაჭრას, ასახელებს რამდენიმე წვრილი პოლიგრაფიული ბაზის შექმნას საქართველოში. ამ ბაზების გაკეთება გაზეთებმა უნდა ითავონ და რაც მთავარია, ასეთი სტამბა არ უნდა იყოს ერთ გაზეთზე მიბმული.

ახალი ამბები