კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილს სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება

22 სექტემბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ზემო აფხაზეთიდან დევნილ ნიკიფორე სამსიანს მძიმე ავადმყოფობის გამო უკვე რამდენიმე დღეა გადაადგილება უჭირს. ძველი კოოპერატივის შენობაში შეხიზნულ შუა ხნის კაცს იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლების ყურადღების ღირსი გახდება.  სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობაში, რომელიც სექტემბრის დასაწყისშია გაცემული, მითითებულია, რომ სამსიანი გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს. 

ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რაგიონალურ ცენტრში გაცემული სამედიცინო ცნობის მიხედვით, ნიკიფორე სამსიანი წელიწადზე მეტია ავადაა. მას თიაქრის ოპერაცია სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს.
„ეს ადამიანები, ვგულისხმობ ზოგადად დევნილებს, ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობენ. ელემენტარული პირობები არა აქვთ, ხელვიწროდ არიან. განსაკუთრებულს არაფერს ითხოვენ, მხოლოდ ყველაზე აუცილებელს. ეს კაციც უკმაყოფილოა თავისთავად. მე მათი მოთმინების უნარით გაოცებული ვარ. მიუხედავად შექმნილი პრობლემებისა, არ არიან გაბოროტებული. პირიქით, თუ ვინმე მცირეოდენ პატივსაც კი სცემს, ათას მადლობას უხდიან. გასაჭირ მაქსიმალურად ითმენენ. რაღაც მიზერულ დახმარებას გვიწევენ და ისიც არ მოაქვთ, მობრძანდით და თვითონ წაიღეთ, ასე გვეუბნებიანო. აქ სასიცოცხლოდ აუცილებელ რამეზეა საუბარი, თორემ ფუფუნებას არავინ ითხოვს. ამას ისიც ემატება, რომ დევნილთა შორის არიან ისეთები, ვინც მკურნალობას საჭიროებს. ნიკიფორე სამსიანი ერთ-ერთი ასეთია. შესაძლოა მის ავადმყოფობას გართულება მოჰყვეს. შეიძლება ჩაეჭედოს და სასწრაფოდ გახდეს საავადმყოფოში გასაქანებელი. თიაქარი არ არის რთული ოპერაცია. მთავარია, დროული მკურნალობა“, - ამბობს „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ ექიმი ნინო თალაკვაძე.

„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა“  სამედიცინო და სამართლებრივი კუთხით დახმარება არაერთ დევნილს გაუწია. ორგანიზაციის თანამშრომელთა თქმით, იძულებით გადაადგილებულთა უმრავლესობას ძირითადად, სამედიცინო (ფსიქოლოგიური) დახმარება ესაჭიროება. მსგავს დახმარებას კი, როგორც თვითონ ამბობენ, მოკლებული არიან.

„ტელევიზიით ათას რაღაცას გვპირდებიან. მათ შორის სამედიცინო გამოკვლევასაც, მაგრამ ჩვენამდე ჯერ არავინ მოსულა. რაღაც წამლები კი დაგვირიგეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საცხოვრებელ პირობებზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ. გვიჭირს, მაგრამ ვითმენთ. ნეტავი, ავად არ ვიყო, თორემ სხვას არ დავეძებ. არავის შევაწუხებდი“, - ამბობს ნიკიფორე სამსიანი.
ლტოლვილთა და განსახლების იმერეთის რეგიონულ სამმართველოში აცხადებენ, რომ დევნილებს სამედიცინო დახმარება არაერთხელ ჩაუტარდათ და კვლავაც ჩაუტარდებათ.

„ფაქტია, ამ ადამიანს მკურნალობა არ ჩატარებია.  ერთადერთი დახმარება ის იყო, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ, მიმართვის საფუძველზე, სამსიანი ქუთაისის საოჯახო მედიცინის ცენტრში გააგზავნა. ახლა ეს ადამიანი საოპერაციოა და ყურადღება სჭირდება. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მხოლოდ ლაპარაკი ვერ უშველის“, - ამბობს „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ იურისტი ანა ჩაფიძე.

აღნიშნული ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროში, სამკურნალო თანხის გამოყოფის მოთხოვნით, მიმართვის გაგზავნას აპირებს. ასეთივე მიმართვა  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაც გაეგზავნება.

ახალი ამბები