კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ადამიანების წამებისთვის პოლიციელებს არ სჯიან

22 სექტემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

არასრულწლოვანი თ. გ. დაკავებისას ძირს დააგდეს და პოლიციის ოთხი თანამშრომელი 10 წუთის განმავლობაში ფეხებითა და ხელებით ურტყამდა გვერდებსა და სახეში. დაკითხვის შემდეგ დაკავებულ არასრულწლოვანს პოლიციის ერთი თანამშრომელი ცემითა და გინებით აიძულებდა ბოლო ორი თვის განმავლობაში მომხდარი ძარცვის ფაქტებიც ეღიარებინა.

დაკავებულის მხრიდან უარის შემდეგ პოლიციელმა მას ფეხზე ელექტროსადენების მავთული მოახვია და დენის ჩართვით დაემუქრა, რის შემდეგაც მისი ცემა გააგრძელა. წამებით გამოსძალეს აღიარებითი, ცრუ ჩვენება ალექსი ბახუტოვსაც. შს თელავის სამმართველოს ნაფარეულის განყოფილებაში, პოლიციელებმა მას თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს და ხელკეტებით იქამდე ურტყეს, სანამ ბახუტოვმა ცოცხალი კაცის განზრახ მკვლელობა არ დაიბრალა. სახალხო დამცველის მოთხოვნის მიუხედავად, ადამიანების წამებისთვის პოლიციელები ამ დრომდე არავის დაუსჯია.

წამებას საერთაშორისო სამართალთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობაც კრძალავს, თუმცა როგორც საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აღნიშნავს, იგი მაინც რჩება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად.

"სხვა ფაქტორებთან ერთად, პრობლემას წარმოადგენდა საკანონმდებლო მხარის მოუწესრიგებლობაც. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი, რომელიც კრძალავდა წამებას, აბსოლუტური იყო და საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს შეზღუდვას არ ექვემდებარებოდა, ხოლო მე-18 მუხლი დამატებით მიუთითებდა, რომ "დაუშვებელია დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება“. მოცემული აკრძალვა შესაძლებელი იყო, შეზღუდულიყო საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროსაც, რაც ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
2004 წლის მოხსენებაში რეკომენდაციით მივმართე საქართველოს პარლამენტს, შესულიყო შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში და აღმოფხვრილიყო საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა ზემოაღნიშნული რეკომენდაცია გაითვალისწინა და 2006 წლის 27 დეკემბერს კონსტიტუციაში ცვლილება განხორციელდა.

- ბატონო სოზარ, თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში წამება კვლავაც არის ერთ - ერთი სერიოზული პრობლემა. სახელწიფო თუ ცდილობს თავად წამების პრევენციისათვის გარკვეული ღონისძიებების გატარებას?

- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, 2007 წლის 20 ივნისს, შეიქმნა ადამიანთა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სახალხო დამცველის წარმომადგენელიც არის გაერთიანებული. საომარი მოქმედებების გამო საბჭოს დღემდე არ უმუშავია, თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ საბჭო აქტიურად დაიწყებს მუშაობას, რადგან ამ სფეროში გასაკეთებელი ზალიან ბევრია.

- როგორც ვიცით, 2005 წლიდან სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს ახორციელებს დახურული ტიპის დაწესებულებებში. აღსანიშნავია, რომ უფრო მეტად აქცენტი კეთდებოდა პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებსა და განყოფილებებსა, ასევე პენიტენციურ სისტემაზე, ხოლო შემდეგ ყველა სხვა დანარჩენ დაწესებულებებზეც. რატომ?

- აღნიშნული განპირობებული იყო იმ მიზეზით, რომ პოლიციის მიერ დაკავებული ყველა პირი, გამონაკლისის გარეშე, ხდებოდა ცემისა და წამების მსხვერპლი. ეს იყო დამკვიდრებული წესი, ჩვევა, რომელიც პოლიციელებს ტრადიციად ჰქონდათ ქცეული. ამავე დროს, წამებით ჩვენების გამოძალვა იყო პოლიციის მუშაობის უმთავრესი მეთოდი. წამების მეთოდები მრავალფეროვანი იყო - ელექტროდენზე შეერთება, ელექტროშოკით წამება, თავზე აირწინაღის ან პოლიეთილენის პარკის ჩამოცმა, საათობით ხელებით ან ფეხებით ჩამოკიდება და სხვა. ხშირი იყო ნაწამები პირების გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი საქმეები გამოუძიებელი რჩებოდა.

- რა შედეგი გამოიღო მონიტორინგმა?

- ინტენსიურმა მონიტორინგმა სერიოზული შედეგი გამოიღო. ცემა - წამება, რაც ადრე პოლიციის განყოფილებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულთან მოპყრობის ტრადიციული ფორმა იყო, დღეს ფაქტობრივად, იშვიათად გვხვდება. თუმცა, შემდგომ პერიოდში ძალადობამ ქუჩაში გადაინაცვლა. პოლიციელები დაკავების დროს სცემდნენ პირს, შემდეგ კი აფორმებდნენ, თითქოს მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

- არაერთხელ მოითხოვეთ წამების ფაქტებზე რეაგირება, გენერალურ პროკურატურას შესაბამისი მასალებიც გადაუგზავნეთ. საინტერესოა, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება და როგორ?

- ჩვენ თვალყურს ვადევნებთ თუ როგორ მიმდინარეობს საგამოძიებო ორგანოებში დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში დაფიქსირებულ სხეულის დაზიანების ფაქტებზე რეაგირების მოთხოვნით გაგზავნილი საქმეების გამოძიება. პრკურატურიდან და შს ორგანოებიდან მოწოდებული მასალებით გამოიკვეთა რამდენიმე ტენდენცია, რის საფუძველზეც შეიძლება ვიმსჯელოთ საგამოძიებო ორგანოების დამოკიდებულებაზე ცემის, წამების და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. პროკურატურა ზოგიერთ შემთხვევაში  ზერელედ უდგება პატიმართა ცემის ფაქტების გამოძიების საკითხს. გამოძიება ატარებს ფორმალურ ხასიათს და ხშირ შემთხვევაში მთავრდება საქმის შეწყვეტით, პოლიციელთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ ცემის საქმეებზე, უმეტეს შემთხვევაში არ ჩატარებულა სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რაშიც იგულისხმება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რათა საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს. ხშირ შემთხვევაში არ ხდება სხეულის დაზიანების ხასიათის და სიმძიმის ხარისხის დასადგენად სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დანიშნვა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტარდება ექსპერტიზა, შემდეგ ხდება გამოძიების მხრიდან არალოგიკური და არადამაჯერებელი ვერსიების შეთხზვა, რათა ახსნან დაკავებულის სხეულზე არსებული დაზიანების წარმოშობის მიზეზი.
პოლიციელთა მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის გაბათილება ხდება თავად პოლიციელთა ჩვენებებით. როგორც წესი, დაკავებულის მიერ ხდება მისი თავდაპირველი ჩვენების გადათქმა პოლიციელთა სასარგებლოდ, რაც მის დაუცველობაზე და პოლიციის მხრიდან დიდ წნეხზე მიუთითებს. პროკურატურა ყველნაირად ხელს აფარებს და თვალს ხუჭავს პოლიციელთა მიერ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე. პოლიციელთა არაპროფესიონალიზმი იმაშიც ვლინდება, რომ მათი ქმედება მიმართულია არა დანაშაულის თავიდან აცილებისკენ, არამედ სავარაუდო დამნაშავე პირისთვის ბრალის კიდევ უფრო მეტად დამძიმებისკენ.
წამების ფაქტების არაადეკვატური და არაეფექტური გამოძიება, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის სერიოზულ პრობლემას ქმნის.

ახალი ამბები