კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რას ეძებს სამეგრელოს პოლიცია და რატომ ჩხრეკენ დევნილთა ოჯახებს?!

26 სექტემბერი, 2008

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

8 სექტემბერს სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა "დოსააფის" შენობებში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ოჯახები გაჩხრიკეს. დაკავებულია აფხაზეთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი მაველი საჯაია, რომლის ბინაშიც ჩხრეკის შედეგად ნაპოვნია ავტომატური იარაღის 2 მჭიდი. დევნილების განმარტებით, პოლიცია ახლომდებარე შსს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოდან გატაცებულ საბრძოლო მასალას ეძებს. შსს ეს მნიშვნელოვანი ობიექტი ცნობილი მოვლენების დროს რუს სამხედროებს ჰქონდათ დაკავებული. მოსახლეობისთვის გაუგებარია რატომ ეძებს პოლიცია დამნაშავეებს დევნილებში და არა სამმართველოს მეთაურებში, რომლებმაც ბაზა რუსების ოკუპაციამდე უმეთვალყურეოდ დატოვეს და დიდი ხნით მიიმალნენ.

პოლიციამ კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებში ჩხრეკა 8 სექტემბერს, დილის 5 საათიდან დაიწყო. ერთდროულად, საჯაიების, ჩაჩხიანების, პერტახიების, ფიფიების, ფარულავებისა და ერშბას ოჯახები გაჩხრიკა. დაკავებულია მხოლოდ მაველი საჯაია, რომლის ბინაშიც პოლიციამ ამერიკული წარმოების 5,56 მმ. კალიბრის ავტომატური იარაღი, 56 ცალი საბრძოლო ვაზნა ორი მჭიდით აღმოაჩინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის ადვოკატის, თემურ ქარდავას განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკა კანონის უხეში დარღვევით ჩაატარეს. არ არსებობს ჩხრეკის ორდერი და შესაბამისი ოქმები. საქმეში მხოლოდ ერთი, საჯაიას ბინაში განხორციელებული ჩხრეკის ოქმი დევს. მასიურ ჩხრეკას არც დამსწრეები ჰყავს.

ელისო საჯაია, მაველი საჯაიას მეუღლე: "კარი ისე სწრაფად გაგვაღებინეს, რომ მე და ჩემმა მეუღლემ ჩაცმა ვერ მოვასწარით. სამმა პოლიციელმა მაველი პირდაპირ ოთახში შეიყვანა, ერთი კი ხელმარჯვნივ მდებარე პატარა საძინებელ ოთახში შევიდა. ერთიც მე დამადგა თავზე, რომელსაც ვუსაყვედურე პატივი ეცა ქალისთვის, რომელიც ლოგინში ნახევრადშიშველი იწვა და ჩაცმის საშუალება მიეცა. ცინიკურად გვეპყრობოდნენ, გვამცირებდნენ. ჩვენ მხოლოდ გაფორმებული 2 სანადირო თოფი გვქონდა ბინაში. ის არც კი მოუთხოვიათ. სამაგიეროდ იმ პოლიციელმა, რომელიც პატარა საძინებელში შევიდა, საბნის ქვეშ ორი მჭიდი აღმოაჩინა. დარწმუნებული ვარ, რომ დრო იხელთა და იქ მოხერხებულად ჩადო."

საჯაიების ბინაში ჩატარებულ ჩხრეკას დამსწრეები არ ჰყავდა. ისინი უბრალოდ არავის მოუწვევია, ან უბრალოდ, მოსაწვევიც არავინ დარჩა დასახლებაში, ვინაიდან ჩხრეკა ყველგან მიმდინარეობდა. ინფორმაციის მიღებას პოლიცია სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა.

ინდირა საჯაია: "მაშინ, როცა პოლიცია ჩემს ბინაში ჩხრეკას ატარებდა, ერთ-ერთმა თანამშრომელმა, გვარად კაკულიამ მკითხა: გეცოდინება შენმა მეზობლებმა ამ დღეებში იარაღი ან სხვა რაიმე საგნები მოიტანეს თუ არაო, ან იქნებ იცი ბოლო ხანებში ვინ რა იშოვაო. ალბათ, ფული ჰქონდა მხედველობაში, რადგან იარაღზე ცალკე მკითხა. მე საიდან უნდა ვიცოდე_მეთქი. შენი ქმარი მეზობლებში დადის და იქნებ საუბარში ვინმეს რამე წამოცდაო. ჩემს სახლში "ვერაფერი" აღმოაჩინეს. ასე, "იქნებ-ვინმე და რამეს" ძებნაში მთელი ოჯახები გადააყირავეს".

დევნილები ამბობენ, რომ ერშბების ოჯახი დიდ უსიამოვნებას შემთხვევით გადაურჩა. 22 წლის გოგიტა ერშბამ პოლიციელებს ბინაში ნარკოტიკების შეგდების საშუალება არ მისცა.

გოგიტა ერშბა: "ყველა ჩხრეკას სამხარეო პოლიციის გამომძიებელი ლაშა ყოლბაია ხელმძღვანელობდა. ჩხრეკას დამსწრეები ჩემთანაც არ ჰყოლია. ერთ-ერთი პოლიციელი დივანზე ჩამოჯდა, რომ ადგა სიგარეტის "ვინსტონის" კოლოფი დატოვა. მე მაშინვე შევამჩნიე და ვუთხარი სიგარეტი არ დაგრჩეთ- მეთქი. მან იუარა, ჩემი არ არისო. როგორ, ახლახან ხელში გეჭირა, ჩემს ოჯახში მაგ სიგარეტს არ ეწევიან- მეთქი. ისიც შევნიშნე, რომ იმ კოლოფში სიგარეტის ნაცვლად ხმელი ბალახი ეყარა, ალბათ "მარიხუანა" იყო. ატყდა ხმაური. მე ჯიუტად ვუმტკიცებდი, რომ სიგარეტის კოლოფი მან დატოვა. მოკლედ, ვერ მომაკუთვნეს, მაგრამ პოლიციაში მაინც წამიყვანეს. ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი ყოლბაიამ ჩამომართვა, მითხრა, იქნებ დაგვჭირდეო. მობილური ტელეფონიც ჩამომართვეს და ორი დღის შემდეგ დამიბრუნეს".

შსს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს დისლოკაციის ადგილიდან გატაცებული საბრძოლო მასალის რაოდენობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია როდის მოხდა მისი გაძარცვა _ რუსების ოკუპაციამდე თუ მათი გასვლისას. ფაქტია ის, რომ სწრაფი რეაგირების ბატალიონმა ბაზა მანამდე დატოვა, სანამ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები განლაგდებოდნენ.

თემურ ქარდავა: "რუსების შემოსვლამდე ხომ უპატრონოდ მიატოვეს ობიექტები. რა იციან, მოსახლეობამ წაიღო თუ რუსებმა, ვინ ნახა, ყველა გაქცეული იყო. რატომ სდებ ბრალს საკუთარ მოქალაქეებს, როდესაც რუსმა ყველაფერი წაიღო?! დანაშაული ბატალიონის მეთაურებმა ჩაიდინეს, რომლებმაც გაქცევამდე ბაზიდან საბრძოლო მასალა არ გაიტანეს. თუკი რუსების შემოსვლამდე მოსახლეობას ჰქონდა იქ შეღწევის საშუალება, მათ რატომ არ გადამალეს?!"

ახალი ამბები