კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"გენერალური გეგმა" შესრულდა - 300 ზუგდიდელი მედიკოსი უმუშევარი დარჩა

21 ოქტომბერი, 2008

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი


საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებით "ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის" განსახორციელებლად ზუგდიდში არსებული 4 სამედიცინო დაწესებულება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად _ 1000 აშშ დოლარად შპს "ბლოკ-ჯორჯიას" გადაეცა. მათ შორისაა "ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფო", რომლის აქციათა 10%-ის მფლობელი მედიკოსები არიან. საავადმყოფოს გასხვისების წინააღმდეგ სწორედ ისინი გამოდიან. ექიმებმა საპროტესტო აქცია უკვე ორჯერ გამართეს.

"ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოსა" და "ზუგდიდის რაიონული ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების" 300-მდე მედპერსონალმა  სამედიცინო დაწესებულებები ოქტომბრის ბოლომდე უნდა დატოვოს.

მარინა ჯიქია, ექიმ-გინეკოლოგი: "ორ კვირაში რომ შენობიდან გაგვყრიდნენ, ამის შესახებ განყოფილების გამგემ შეგვატყობინა. მან ეს ამბავი საავადმყოფოს ადმინისტრაციისგან გაიგო. ინფორმაცია კი "ბლოკ-ჯორჯიას" მენეჯერისგან, დავით ფიფიასგან მიუღიათ... ყველანი აღვშფოთდით, სპონტანურად მიტინგი მოვაწყვეთ. მივიღეთ მიმართვები საქ. პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. პასუხი კი არანაირი. აკი, მიხეილ სააკაშვილიც ამბობდა, თითოეული ასეთი შემთხვევა გადახედვას ექვემდებარებაო?! მაგრამ მაშინ არჩევნები იყო და ექიმები, როგორც არასდროს, ისე ვჭირდებოდით."

ექიმები თავადაც აღიარებენ, რომ სავალალო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით საავადმყოფო ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს და კონკურენციას ვერ გაუძლებს, მაგრამ პროფესიონალი კადრების არსებობითა და ინვესტორის კეთილი ნებით მისი შენარჩუნება შესაძლებელია.

მარინა ჯიქია: "ჩვენ ვითხოვთ ერთი კორპუსის შენარჩუნებას მიმდებარე აუცილებელი ტერიტორიით. მთლიანად ტერიტორია კი 4 ჰექტრამდეა. ამიტომაც ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დანარჩენით დაკმაყოფილდეს. ჩვენი სახელფასო დავალიანება 250 000 ლარამდეა. მზად ვართ ეს თანხა საავადმყოფოს რეაბილიტაციას მოხმარდეს. ეს ანგარიშგასაწევი წინადადება არ არის?! ეს არის სტაციონარი, რომელიც შიდა სტანდარტებით მუშაობს და მოსახლეობისთვის დღეს იგი ყველაზე ხელმისაწვდომია. 300-მდე მედპერსონალის უკან კი ოჯახები დგას, ყველაზე ცოტა 1500 ადამიანი."

"ზუგდიდის რაიონული ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების" ხელმძღვანელებისთვის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ცნობილი თავიდანვე იყო. მისი დირექტორი, ვახტანგ კუკავა აცხადებს, რომ ორივე დაწესებულება ფუნქციონირებას ზუგდიდის საავადმყოფო "რესპუბლიკას" სრულ რეაბილიტაციამდე გააგრძელებდა, თუმცა დაკონკრეტებული არ იყო ეს პროცესი რა ფორმით მოხდებოდა. გაერთიანებაში კი 170-მდე ადამიანი მუშაობს, მაგრამ ცვლილება მხოლოდ სათაო პოლიკლინიკაში დასაქმებულ 100-მდე ადამიანს შეეხება, დანარჩენი უბნის ექიმები და სოფლის ამბულატორიის თანამშრომლები კი ადგილებზე დარჩებიან.

ვახტანგ კუკავა: "ჩემთვის გასაგებია კოლექტივის წუხილი, რომელიც სამუშაოს დაკარგვას უკავშირდება. მესმის საუბრები, რატომ არის ადმინისტრაცია ჩუმად, განზე, რატომ არ იცავს თანამშრომლის ინტერესებს, მაგრამ მე რეფორმის წინააღმდეგ ვერ წავალ. ვფიქრობ, ეს რეფორმა აუცილებელია, საჭიროა. იმედი მაქვს, რომ კონკურსი გამჭვირვალედ ჩატარდება და ვინც მას წარმატებით გაივლის, დასაქმდება."

"ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების" დირექტორი ხაზგასმით იმასაც აღნიშნავს, რომ ძველმა სისტემამ ჭარბი კადრები დატოვა. რეაბილიტირებული სამედიცინო ცენტრი კი ამ რაოდენობით ადამიანს ვერ დაასაქმებს, თუმცა ვახტანგ კუკავა იმასაც არ უარყოფს, რომ გაერთიანება წლების განმავლობაში დიდ საქმეს აკეთებდა, რაიონში პირველადი ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელობდა.

"ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს" ხელმძღვანელი ქეთევან ზარქუაც რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს. იგი თანამშრომლების ინტერესების დაცვას მომავალ კონკურსში შეეცდება.

ქეთევან ზარქუა: "კოლექტივს აქვს მოთხოვნა, რომ დარჩეს სტაციონარი, მაგრამ ასეთ პირობებში მუშაობა შეუძლებელია და მათ ეს კარგად იციან. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოძველებულია. პროგრამები თითქმის არ გვაქვს. ერთადერთი ბავშვთა პროგრამა 0-დან 3 წლამდე გაგვიყო საავადმყოფო "რესპუბლიკამ" _ 2 100 ლარი. ეს ყოველთვიურად, ქვეკონტრაქტის სახით ხდებოდა. ქირურგია და რეანიმაცია შედა სტანდარტებით მუშაობს, აქ არანაირი პროგრამა არ მოქმედებდა. ბოლოს სადაზღვევო კომპანიებიც შემოვიდა ბაზარზე, შეკვეთებსაც ვასრულებდით, მაგრამ კონკურენციას ვეღარ ვუძლებთ" .

ადმინისტრაციებისგან განსხვავებით, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განადგურებას მიზანმიმართულ პროცესად აფასებენ, რადგან 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ინვესტორის  რწმუნებულების საავადმყოფოში ვიზიტის დროს მედპერსონალმა დახმარებისა და მხარდაჭერის პირობა მიიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში ექიმების მხრიდან საპასუხო პირობა სოციალურ აფეთქებაში გამოიხატებოდა.

მარინა ჯიქია: "ბლოკ-ჯორჯიას", მას შემდეგ, რაც მასზე გასხვისდა ჩვენთვის ყურადღება არ მოუქცევია. ჩვენთვის უცნობია ისიც, თუ რა ვალდებულებები აიღო ინვესტორმა, მამუკა ჯანაშვილმა საჩუქრის სანაცვლოდ, მაგრამ როცა საავადმყოფოს სახურავის შესაკეთებლად თანხა მოვითხოვეთ, ჯანაშვილის მამა დაგვპირდა, პირობა კი არ შეასრულა. თვითონ მამუკა ჯანაშვილი არასოდეს გვინახავს. ერთადერთი შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრის, კვიტაშვილის ძალისხმევით მაშინ მოხდა, როცა საავადმყოფოს გვერდით მდებარე რესტორანში ნაქეიფარი ჯანაშვილი ქუთაისიდან მოაბრუნეს, თუმცა იმ შეხვედრას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია".

შპს "ბლოკ-ჯორჯიას" ხელმძღვანელი მამუკა ჯანაშვილი ზუგდიდიში 18 ოქტომბერს, "წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრის" გახსნაზე ჯანდაცვის მინისტრ, ალექსანდრე კვიტაშვილთან ერთად გამოჩნდა. "ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის" მიცემულ ინტერვიუში მამუკა ჯანაშვილი აცხადებს, რომ "ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს" პირობებში პაციენტის მიღება დანაშაულად ითვლება.

მამუკა ჯანაშვილი: "ასეთ პირობებში ჩვენ სტაციონარს ვერ დავტოვებთ. არცერთი სამედიცინო ცენტრი არ დაიხურება მანამ, სანამ კადრების გადამზადება არ მოხდება. კონკურსის საფუძველზე კი ბევრი დასაქმდება. ვერ გეტყვით რამდენი, ვინაიდან ცენტრის მართვაში ინგლისური კომპანია შემოდის, რომელიც წესებს ჩამოაყალიბებს, მანმადე კი ჩვენ არანაირ ქმედებებს არ განვახორციელებთ. ზუგდიდის რაიონისათვის 150- საწოლიანი საავადმყოფოც საკმარისია, ისიც ბოლომდე არ იტვირთება. ასე, რომ რამდენიმე ცენტრი ვერ იარსებებს."

შექმნილ ვითარებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფრო ოპტიმისტურად აფასებს და მედპერსონალს დასაქმებას ჰპირდება.

ალექსანდრე კვიტაშვილი: "კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეს საავადმყოფო გარკვეული პერიოდი იფუნქციონირებს, მაგრამ უმუშევარი არავინ დარჩება, არავის გაყრიან. იქნება სხვა პროექტებიც... ისინი ახლა უმუშევრები არ არიან, რა უნდა გააპროტესტონ?! მათი დასაქმების პრობლემა არ იქნება."

ზუგდიდელი ექიმები ალექსანდრე კვიტაშვილის ერთ-ერთ სტუმრობას იხსენებენ, როდესაც მინისტრმა ნანახის შემდეგ მედიკოსებს საავადმყოფო "აჩუქა."

მარინა ჯიქია: მინისტრმა მაშინ "გვაჩუქა" საავადმყოფო, როცა ავუხსენით, რომ რასაც ხედავდა საკუთარი ხელებით შევქმენით, ოჯახის წევრებთან ერთად გავარემონტეთ საომარი მოქმედებების დროს გადამწვარი შენობები. მან გვითხრა, თქვენ ღირსი ხართ, საკუთრებაში გქონდეთო. კონფლიქტის ზონის დატოვება ერთადერთი სტაციონარის ამარა შეიძლება?! როცა აგვისტოს მოვლენების დროს გართულდა სიტუაცია და სამეგრელოს ოკუპაცია მოხდა, მაშინ კი მოვიდნენ და საწოლები დაითვალეს, მზადყოფნაში მოგვაყვანინეს. საჭირო ყოფილა?!"

10% აქციის მფლობელი ექიმები სარჩელის შეტანას სასამართლოშიც გეგმავენ. ზუგდიდელი ექიმები ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვითაც იმუქრებიან, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვის სახეს მიიღებს...

თუმცა მანმადე 150- საწოლიანი ზუგდიდის საავადმყოფო "რესპუბლიკა" მზადყოფნაშია, მაგრამ როგორც ინვესტორი ჯანაშვილი ამბობს, დაუტვირთავი. რატომ?! _ ამ კითხვაზე პასუხი იქვე რამდენიმე მეტრში მოიძებნა _ ქალბატონი "წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრის" გახსნას თვალს შორიდან ადევნებდა. "ამ საავადმყოფოში ბევრი ვერ მიდის, უფრო სწორად, ვერ მიდიან სანამ სიკვდილის პირს  არ მიადგებიან. თუ სადაზღვევო პოლისი არ გაქვს, იმხელა თანხას ვინ გადაიხდის, გამოკვლევას ვინ ჩაიტარებს?! ბევრი ექიმიაო, რომ ამბობენ, აბა ნახეთ, დღეში რამდენი დაჭრილი, დაშავებული მოჰყავთ და მიმღებში ქირურგები არ ყოფნით, სამი კაცის მიღება ერთდროულად არ შეუძლიათ. ღამით რომ დაგჭირდეს გადაუდებელი დახმარება, ოჯახმა ცალკე ანესთეზიოლოგი და ცალკე რენტგენოლოგი უნდა მოიძიოს, შინიდან უნდა გამოიყვანოს. ვერაფერს იტყვი, "რეფორმა გატარებულია!"

ახალი ამბები