კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველ ოჯახებს საარსებო შემწეობები მასობრივად შეუწყვიტეს

23 ოქტომბერი, 2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 2007 წელს 82 მილიონი ლარით განისაზღვრა, 2008 წელს 115 მილიონი ლარით. 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი თითქმის ორმაგდება. ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრების ეფექტიანად გამოყენებას ისახავს მიზნად. მიუხედავად ამისა, უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ბევრი ოჯახი სოციალურ დახმარებას ვერ იღებს. ამასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, სოციალური სუბსიდიების სააგენტომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დანიშნული საარსებო შემწეობები მასობრივად შეუწყვიტა.

2003 წლის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 54%-ს აღემატებოდა. 2005 წელს მთავრობამ სიღარიბის გაანგარიშების მეთოდი შეცვალა და შესაბამისად, სიღარიბის პარამეტრები ამ გზით შეამცირა. ანუ, თუ ადრე სიღარიბის დონედ ითვლებოდა ღარიბ შინამეურნეობათა ხვედრითი წილი ყველა შინამეურნეობაში, ახალი მიდგომით, იგი განისაზღვრება როგორც ღარიბი მოსახლეობის ხვედრითი წილი მთელ მოსახლეობაში. სტატისტიკური მონაცემებით, სიღარიბის დონე 35%-ია. სიღარიბის დონის კლების მიუხედავად სიღარიბის დონე, სიღრმე და სიმწვავე ქვეყანაში კვლავაც ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. ექსპერტთა გაანგარიშებით კი, საქართველოში სიღარიბის დონე 55%-ს აღემატება.

სიღარიბის პროგრამაში მოსახვედრად და სოციალური დახმარების მისაღებად რეგისტრაციის გავლა ყველა მსურველს შეუძლია, ვინც თვლის, რომ ღარიბია. ამ კატეგორიის ადამიანებმა განცხადებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უნდა მიმართონ. სპეციალური ანკეტის შევსების შემდეგ სოციალური აგენტი დახმარების მაძიებელი ოჯახის სოციალურ მდგომარეობას ამოწმებს და ოჯახის დეკლარაციას ავსებს. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განისაზღვრება ოჯახის სარეიტინგო ქულა. 57 ათას და მასზე ნაკლებქულიან ოჯახს ეძლევა ფულადი დახმარება. იმ ოჯახს, რომლის ქულათა ჯამიც 70 ათასს არ აღემატება, ეძლევა სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერი და 100 ათას ქულაზე ქვემოთ ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების სახით 1000 ლარი გაიცემა.

როგორც სოციალური სუბსიდიების სააგენტოში განმარტავენ, სააგენტო ყველანაირად ცდილობს, მოქალაქის მიერ განცხადების შეტანიდან, ოჯახისთვის სარეიტინგო ქულის მინიჭებამდე დრო მაქსიმალურად შეამციროს. "მთავრობის დადგენილებით, განცხადების შემოტანიდან ქულის მინიჭებამდე ვადა 4 თვემდე გრძელდება, თუმცა ვცდილობთ, რომ დრო მაქსიმალურად შევამციროთ", - აღნიშნავს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დირექტორის მოადგილე სოსო ბრეგვაძე.

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ამ განცხადებას არ ეთანხმებიან არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრში". ორგანიზაცია 2008 წლის 1 ივლისიდან კახეთის რეგიონში სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის ლია ხუროშვილის თქმით, სოციალური სუბსიდიების სააგენტო ხშირ შემთხვევაში დახმარების მაძიებლების განცხადებებზე რეაგირებას 4 თვის განმავლობაშიც არ ახდენს და აქედან გამომდინარე, მათთვის უცნობია, რაში გამოიხატება სააგენტოს თანამშრომლების ოპერატიული მოქმედება.

"მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომელსაც არანაირი შემოსავალი და საარსებო წყარო არ აქვს, იმ მარტივი მიზეზით ვერ მოხვდა სიღარიბის დაძლევის პროგრამაში, რომ სახლში ძველი, საბჭოთა წარმოების ტელევიზორი, კბილის ჯაგრისი, საწოლი და ჭურჭელი აღმოჩნდა. სიღატაკის დონის განსაზღვრა არ უნდა ხდებოდეს ვიზუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. დეკლარაციის შევსებისას ოჯახის რეალური გაჭირვება უნდა აისახოს და სოციალურმა აგენტებმაც მეტი პასუხისმგებლობა და ყურადღება უნდა გამოიჩინონ. დახმარებების დანიშვნა არ უნდა ხდებოდეს ნათესაობის მიხედვით და პოლიტიკური ნიშნით", - ამბობს იურისტი ლია ხუროშვილი, რომელიც უშულოდ მონაწილეობს სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგში.

მისივე თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა სოციალური სუბსიდიების სააგენტო უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დანიშნულ დახმარებებს უწყვეტს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, ამ პროცესმა მასობრივი ხასიათი, მაგალითად, კახეთის რეგიონში ოქტომბრის თვეში მიიღო.

ამბავი #1

ავთვისიებიანი სიმსივნის მძიმე ფორმით დაავადებული, I ჯგუფის უსინათლო ინვალიდი ნათელა თამაზაშვილი საცხოვრებელ სახლში უმუშევარ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს. 2007 წლის 10 აგვისტოს გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობით, ოჯახის სარეიტინგო ქულა 54850-ით განისაზღვრა.

"ფულადი დახმარება არ მიმიღია. მხოლოდ სამედიცინო დახმარების ბარათით ვსარგებლობდი. 2008 წლის მარტში ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში ღია ჭრილობით მიმიყვანეს, მაგრამ ექიმებმა სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე უარი მითხრეს, იმ მიზეზით, რომ ბარათი ძალაში აღარ იყო. აღმოჩნდა, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ სამედიცინო დახმარების ბარათით სარგებლობის უფლება შემიწყვიტა და ჩვენი მიმართვის გარეშე განმეორებითი გადამოწმების შემდეგ, სარეიტინგო ქულად 99590 მომანიჭა, რასაც არ ვეთანხმები, იმიტომ რომ სახლიდან რაც გვქონდა, ყველაფერი გავყიდეთ და საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო გაგვიუარესდა. ვიცი, რომ ავთვისიებიანი სიმსივნის მე-4 სტადია მაქვს და მალე მოვკვდები, მაგრამ იქნებ დამეხმაროთ და სამედიცინო ბარათით სარგებლობის უფლების აღდგენის შემთხვევაში, სიცოცხლე რამდენიმე კვირით მაინც გავიხანგრძლივო", - აღნიშნავს ნათელა თამაზაშვილი.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტების ჩარევის შემდეგ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ თამაზაშვილის ოჯახი განმეორებით გადაამოწმა და ოჯახის სარეიტინგო ქულად 33480 განისაზღვრა. ოჯახს საარსებო შემწეობა დაენიშნა 42 ლარის ოდენობით, მაგრამ სამედიცინო ბარათით სარგებლობის უფლება არ აღუდგა. თამაზაშვილის ოჯახმა ფულადი დახმარება მხოლოდ ერთ თვეს მიიღო. სარეიტინგო ქულა უცვლელია, მაგრამ საწოლს მიჯაჭვული ქალბატონი და მისი მეუღლე დახმარებას ამ დრომდე ვეღარ იღებენ. მიზეზი უცნობია.

ამბავი #2

მოქალაქე ნუნუ ჯაჭვაძე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიასთან ერთად სოციალურ დახმარებასაც იღებდა 22 ლარის ოდენობით, რომელიც სოციალური სუბსიდიების სააგენტომ მას სიღარიბის დაძლევის სახლმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღების შემდეგ შეუწყვიტა.

"როდესაც განცხადებით მივმართე სოციალური სუბსიდიების სააგენტოს, შემამოწმეს და რადგან 42 420 ქულა მივიღე, ფულადი დახმარება დამინიშნეს. მითხრეს, რომ ორივე დახმარებას ერთდროულად ვერ მივიღებდი და 22 ლარიანი დახმარება შემიწყვიტეს. რამდენიმე კვირაში ისევ გადამამოწმეს და ქულების გაზრდის მიზეზით, სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში დანიშნული დახმარებაც შემიწყვიტეს. საერთოდ შემწეობის გარეშე ვარ დარჩენილი. არაერთხელ მივმართე სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების ხელმძღვანელს, მაგრამ არ მომისმინა. ჩემს მდგომარეობაში სხვაც ბევრია", - ამბობს გაჭირვებული ქალბატონი.

ამბავი #3

შრომისუუნარო ინვალიდი, 79 წლის მიშა ხიმშიაშვილი, რომელიც 1941 - 1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით არის დაჯილდოვებული, 3 კვადრატული მეტრის ფართში, რკინის ჯიხურში ცხოვრობს.

მოხუცმა დახმარებისათვის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიმართა, თუმცა სოციალურმა აგენტებმა რკინის ჯიხური მუდმივ საცხოვრებელ ადგილად არ ჩათვალეს და მოხუცისთვის ოჯახის დეკლარაციის შევსებაზე უარი განაცხადეს. მოხუცს წასასვლელი არსად აქვს და საარსებო შემწეობის გარეშეა დარჩენილი.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების განცხადებით, დახმარებები ისეთ ოჯახებს დაუნიშნეს, ვისაც მათზე მეტი შესაძლებლობა აქვს, რასაც სოციალური სუბსიდიების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ოთარ სესიკაშვილი უარყოფს. "რამდენიმე ასეთი შემთხვევა შესაძლოა, მართლაც იყოს, მაგრამ ბევრი არა", - აღნიშნავს სესიკაშვილი.

- ბატონო ოთარ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებები მასობრივად შეუწყდათ და ეს პროცესი ამ დრომდე გრძელდება. რატომ?

- დახმარებების მასობრივად შეწყვეტა არ მომხდარა. სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან მოსული გვაქვს სოციალურად დაუცველი ოჯახების სია, ახალი გენერაციები, რომელთა სოციალური მდგომარეობის განმეორებით გადამოწმებას ვახდენთ. ახალი სარეიტინგო ქულის განსაზღვრამდე სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ვერ მიიღებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობების მასობრივად შეწყვეტას ადასტურებენ "ადამიანის უფლებათა ცენტრში".

ახალი ამბები