კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხეში გაუსაძლისი პირობების გამო ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი გარდაიცვალა

24 ოქტომბერი, 2008

 

 ალინა თარაშვილი

ნონა სუვარიანი, თბილისი

პატიმარი ილია თარაშვილი ციხის საავადმყოფოში შესაბამისი დახმარების გარეშე გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ილია თარაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის გამო ოჯახის წევრები და ადვოკატები საქმის გადავადებას ითხოვდნენ, სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და მას 8 წელი და 7 თვე მიუსაჯა.

ილია თარაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სიღნაღის პროკურატურამ 2003 წელს ძროხების ქურდობის ბრალდებით აღძრა. ილია თარაშვილი ირწმუნებოდა, რომ ქურდობა მას არ ჩაუდენია, დანაშაულის საკუთარ თავზე დაბრალება კი დედოფლისწყაროს გამომძიებელმა სანდრო  კუტიბაშვილმა სთხოვა. გამომძიებელი თარაშვილს დაპირდა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სასამართლო მას სასჯელს გადაუვადებდა. თუმცა სასამართლომ თარაშვილის მძიმე მდგომარეობა არ გაითვალისწინა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შალვა მჭედლიშვილმა თარაშვილს 8 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გარდაცვლილის მეუღლემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ილია თარაშვილს ქურდობის ჩადენა არ შეეძლო, რადგან იმ პერიოდში მას გადაადგილება უჭირდაო.
„2002 წელს  ქსნის კოლონიიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს. გამოდის, რომ 2002 წლის 10 თებერვალს გაათავისუფლეს და 2003 წლის 12 თებერვალს დანაშაული ჩაიდინა. ამ ერთ წელიწადში ასეთი ავადმყოფი ისე როგორ უნდა გამოჯანმრთელებულიყო, რომ ძროხები მოეპარა.

პირველი სასამართლო პროცესი რომ მიმდინარეობდა, მოსამართლეს პრეტენზიები ჰქონდა, რომ გიბარებთ, სასამართლო პროცესს რატომ არ ესწრებითო? აბსოლუტურად ყველა გამოძახებაზე ექიმის ცნობას წარვადგენდით, რომ მძიმე მდგომარეობაში იყო და ამიტომ სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა. ერთხელ ბადრაგირებითაც მიიყვანეს სასამართლოზე. მოსამართლემ ბადრაგს ჰკითხა, წინააღმდეგობა ხომ არ გაუწევიაო. არაო, პირიქით, დიდი მადლობა გვითხრა, მე ტრანსპორტირების საშუალება არ მაქვს და რომ მოხვედით და წამომიყვანეთო“.

ადვოკატები ილია თარაშვილის სასჯელის გადავადებას ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაზე ითხოვდნენ. 2008 წლის მაისში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ილია თარაშვილი არ იყო მძიმე ავადმყოფი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა როგორც „პროგნოზულად მძიმე“. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს სასჯელის გადავადება ან სასჯელის მოხდისაგან განსასჯელის გათავისუფლება შეეძლო. თუმცა სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნა არ გაიზიარა და ილია თარაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დამნაშავედ სცნო და 8 წელი და 7 თვე მიუსაჯა. ეს განაჩენი „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თუმცა ილია თარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არც სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენი ძალაში დატოვა. 

პატიმარი ფილტვების ფიბროზულ - კავერნოზული ტუბერკულოზით იყო დაავადებული, ფილტვებიდან სისხლდენა ჰქონდა და სუნთქვა უჭირდა. ასევე მარჯვენა დიდი წვივის ირიბი შეუხორცებელი მოტეხილობა ჰქონდა, რის გამოც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა. მიუხედავად ამისა, მას საპყრობილეში ინჰალატორის და ხის ჯოხის შეტანის უფლებას არ აძლევდნენ.

ალინა თარაშვილი, გარდაცვლილი მსჯავრდებულის მეუღლე: „ქსანში სამჯერ რომ ვნახე, ფეხები მუხლებამდე დასიებული ჰქონდა. მეორედ რომ ვნახე, მითხრა, ვატყობ ხელები, სახე და ტუჩებიც მისივდებაო. მთხოვდა, დააჩქარებინეო გადავადება, იქნებ ჩემს შვილებთან მაინც მოვკვდეო“.
გაუსაძლისი პირობების გამო პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესებაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი, ნინო ანდრიაშვილიც საუბრობს.

„მასთან პაემანზე შესვლის დროს მე გავარკვიე, რომ პატიმარი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა, პაემანზე ბადრაგის დახმარებით მოვიდა. ძლიერი სისხლდენა ჰქონდა და სუნთქვა უჭირდა. პატიმარმა მითხრა, რომ არ აძლევდნენ ყავარჯენს. როდესაც ინჰალატორი მოითხოვა, მას მსუბუქი ინჰალატორი დაუნიშნეს, რომელიც არ შველოდა.

სასჯელაღსრულებით დეპარტამენტს განცხადებით მივმართე, ილია თარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი სტაციონირება ვითხოვე.  სასჯელაღსრულებითმა დაწესებულებამ ამაზე რეაგირება არ მოახდინა, ამის შემდეგ სახალხო დამცველს მივმართე. რამდენიმე დღეში  გავარკვიე, რომ ილია თარაშვილი ქსნის ტუბდისპანსერში გადაიყვანეს. თუმცა მე ვითხოვდი მის გადაყვანას ციხის საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ჩვენი ორგანიზაცია ადვოკატის სტატუსით მხოლოდ აპელაციის ეტაპზე ჩაერთო. ჩვენი აზრით, 2003 წელს მომხდარ დანაშაულზე 2008 წელს განაჩენი არ უნდა დამდგარიყო. ეჭვი გვიჩნდება, რომ სასამართლომ და პროკურატურამ იცოდნენ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ და დროს განზრახ აჭიანურებდნენ, თითქოს ილია თარაშვილის დაღუპვას ელოდებოდნენ “. 

 „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ და  თარაშვილის ადვოკატის გურამ გოგიძის მოთხოვნების მიუხედავად, ილია თარაშვილიოსთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე არავის უფიქრია. მისი პატიმრობის მეოთხე თვის მიწურულს ილია თარაშვილი ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ქსნის კოლონიიდან ექსპერტიზის ჩასატარებლად გადმოიყვანეს.

 

ახალი ამბები