კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არადამიანურად მოპყრობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოსთვის ამზადებენ

29 ოქტომბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

სიღნაღის რაიონული პროკურორის მოადგილემ იოსებ გულოშვილმა მოქალაქე გელა კუტიბაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურორი დადგენილებაში მიუთითებს, რომ სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილეს ოთარ დიღმელაშვილს გელა კუტიბაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. გულოშვილის მტკიცებით, კუტიბაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს მიიღო, რასაც დაზარალებული კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, პოლიციის უფროსის მოადგილემ მას სახე მანქანის ძარაზე რამდენჯერმე დაარტყმევინა, რის შედეგადაც დაინვალიდდა.

ინციდენტი სიღნაღის რაიონის სოფელ წნორში 2008 წლის 1 მარტს მოხდა. საღამოს, გზაზე მიმავალ მიკროავტობუსს საპირისპირო მხრიდან მოძრავმა ავტომანქანამ მაშუქები აუნთო. მიკროავტობუსი, რომელსაც სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მცხოვრები გელა კუტიბაშვილი მართავდა, არ გაჩერდა, რის გამოც უცნობი მანქანა მას გამოედევნა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბენზინგასამართ სადგურზე შეჩერებულ კუტიბაშვილს შორიახლოს გაჩერებული მანქანიდან დაუძახეს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს.

"მანქანასთან მივედი და ვიკითხე, ვინ იყვნენ და ჩემს დოკუმენტებს რატომ ითხოვდნენ. მძღოლის გვერდით მჯდომმა პირმა კითხვა იუკადრისა და ხელიდან საფულე გამომგლიჯა, სადაც საბუთების გარდა ფულიც მქონდა. მე მას საფულის დაბრუნება მოვთხოვე. ვუთხარი, რომ თუ საბუთები აინტერესებდა, საფულიდან ფულს ამოვიღებდი და ისე მივაწვდიდი. რამდენიმე წუთში უცნობმა გახსნილი საფულე მომაწოდა და მკითხა, აბა, ფული სად არისო და თან იცინოდა. მალევე უცენზურო სიტყვებით გინება დამიწყო, რასაც მეც გინებით ვუპასუხე. ამ დროს, მოულოდნელად, მანქანის ძარაზე თავი დამარტყმევინა. ოთხი კბილი მაშინვე ამომვარდა. რამდენიმე კი ტუჩის არესთან, ხორცში გაიჭედა. სახეც გამისკდა და ყბის ძვალი გამიტყდა", - აღნიშნავს კუტიბაშვილი.

დაუმორჩილებლობის მიზეზით პოლიციის თანამშრომლებმა კუტიბაშვილი დააკავეს. სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამაზ ჯალიაშვილმა ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 7 დღე – ღამით პატიმრობა შეუფარდა.

"მოსამართლე თამაზ ჯალიაშვილთან რომ მიმიყვანეს, თავპირიდან სისხლი მდიოდა. სახეზე კბილები მქონდა მიჭყლეტილი და არ უკითხავს ამ მდგომარეობაში როგორ აღმოვჩნდი. პოლიციელების ცრუ ჩვენება ირწმუნა, თითქოს დაზიანებები წაქცევის შედეგად მივიღე და პატიმრობა შემიფარდა", - ამბობს მოქალაქე გელა კუტიბაშვილი.

ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, კუტიბაშვილი, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, სიღნაღის რაიონული სასამართლოდან პირდაპირ შს სიღნაღის რაიონული სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. "იქ მომიყვანეს საავადმყოფოს მთავარი ექიმი, რომელმაც ყოველგვარი გაყუჩების გარეშე ამომიღო კბილები. სათანადო სამედიცინო დახმარება რომ არ გამეწია, ჭრილობაში ინფექცია შეიჭრა და ჩირქი მდის. დაზიანებების მიღებიდან მხოლოდ 18 საათის შემდეგ გადამიყვანეს წნორის საავადმყოფოში, სადაც ჩემი ხარჯით გავდიოდი მკურნალობას. მთლიანად დავკარგე ათი კბილი, ვერ ვიღებ საკვებს და წყალსაც დამხმარე მილის საშუალებით ვსვამ", - ამბობს კუტიბაშვილი, რომელსაც მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების მიხედვით, 21 207 ლარი სჭირდება.

ოფიციალური ინფორმაციით, გელა კუტიბაშვილის სხეულის დაზიანების ფაქტზე წინასწარი გამოძიება სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში იმავე დღეს დაიწყო. როგორც პროკურატურის დადგენილებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფძვლად პროკურატურის პროკურორის დავით დუღაშვილის მოხსენებითი ბარათი დაედო, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ სიღნაღის შს სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ნანახი იქნა დაკავებული, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მცხოვრები გელა კუტიბაშვილი, რომელსაც სახის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. კუტიბაშვილის განმარტებით, დაზიანებები პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს.

დაზარალებულის ძმის ნოდარ კუტიბაშვილის თხოვნით, ინციდენტიდან მესამე დღეს, გელა კუტიბაშვილის ინტერესების დაცვას შეეცადა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი ლია ხუროშვილი.

პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც წნორის საავადმყოფოში იმ პალატასთან პატრულირერებდნენ, სადაც დაზარალებული იყო მოთავსებული, იქ მისულ ადვოკატსა და მის თანაშემწეს, დაცვის ორდერის გაცნობის შემდეგ კუტიბაშვილთან შეხედრის საშუალება მისცეს, თუმცა დაახლოებით სამ წუთში გარეთ გამოაძევეს. `ადამიანის უფლებათა ცენტრის~ კახეთის რეგიონულ კოორდინატორთან საუბარში სამართალდამცავებმა აღნიშნეს, რომ ადვოკატის პალატიდან გამოძევების ბრძანება სიღნაღის პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან, იოსებ გულოშვილისგან მიიღეს. მომხდარის შემდეგ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" რეგიონული კოორდინატორი ტელეფონის მეშვეობით პროკურორ გულოშვილს დაუკავშირდა და სთხოვა, განემარტა, რატომ არ აძლევდა ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის საშუალებას, რაზედაც გულოშვილმა გინებით უპასუხა.

წინასწარი გამოძიების დროს სიღნაღის პროკურატურამ დაზარალებულის და მისი ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროკურატურამ დაზარალებული არც სამოქალაქო მოსარჩელედ სცნო. ამ და სხვა ფაქტორების გამო გელა კუტიბაშვილმა და მისმა ადვოკატმა საჩივრით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართეს და და სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიებისათვის, საქმის გათხოვა მოითხოვეს.

"გელა კუტიბაშვილს ავტომანქანის ძარისთვის თავი არ ჩამოურტყამს. თვითნებურად ჩამორტყმისას ასეთი დაზიანების მიღება აბსოლუტურად შეუძლებელია. საქმეში მოყვანილი მოწმეები არიან პოლიციის თანამშრომლები, რის გამოც ეჭვს გარეშეა ისინი ვერ მისცემენ გამოძიებას ობიექტურ ჩვენებებს, რადგან ოთარ დიღმელაშვილი პოლიციის უფროსის მოადგილეა და მოწმეებს უშუალოდ ხელმძღვანელობს. რაიონულ პროკურატურას ვთხოვეთ, ეშუამდგომლა შს სიღნაღის რაიონული სამმართველოს უფროსთან, დიღმელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რაც არ დაკმაყოფილდა. დაზარალებულის განმარტებით, ინციდენტის დროს პოლიციის უფროსის მოადგილე ნასვამ მდგომარეობაში იყო, რაც რაიონულმა პროკურატურამ არ გამოიკვლია. გარდა ამისა, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, დიღმელაშვილს სხვა დროსაც ჰყავს ნაცემი ადამიანები და არცერთ ფაქტზე რეაგირება მომხდარი არ არის", - აღნიშნულია საჩივარში.

2008 წლის 27 ივნისს დაზარალებულს და მის წარმომადგენელს საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, რომ საჩივარი, სადაც ისინი გამოძიების მიმდინარეობის ტენდენციურობაზე და იმ ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობაზე მიუთითებენ, რომელსაც სინამდვილეში ჰქონდა ადგილი, რეაგირებისათვის კახეთის საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა.

ამავე წლის 19 ივლისს კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ვაჟა მაღრაძე გელა კუტიბაშვილს და მის ადვოკატს ატყობინებს, რომ მათი საჩივრის საფუძველზე შეისწავლეს შს სიღნაღის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე და დაასკვნეს, რომ ჩატარებულია სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება.

2008 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით, სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის მოტივით შეწყვიტა.

კუტიბაშვილის ადვოკატი პროკურატურის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა ამბობს, რომ საჩივრის დაკმაყოფილების იმედი არ აქვს. ადვოკატის განცხადებით, საქართველოში სავალდებულო პროცედურების ამოწურვის შემდეგ, საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 

ახალი ამბები