კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებს სოფლებში დაბრუნებას აიძულებენ

5 ნოემბერი, 2008

ნონა სუვარიანი,თბილისი

რუსთავის მე-17 პროფესიულ სასწავლებელში განთავსებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, შენობის დატოვებას 10 ნოემბრამდე აიძულებენ. ქარელის რაიონის სოფელი კნოლევიდან გამოქცეულ დევნილებს დაბრუნების ეშინიათ. მათი თქმით, სოფელში ყოფნა სახიფათოა, რადგან განაღმვითი სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა. გარდა ამისა, სოფელი კნოლევი ოსების მიერ კონტროლირებად ზნაურის რაიონს ესაზღვრება.

საფრთხეების მიუხედავად, მთავრობა დევნილებს საფელში დაბრუნების გარდა სხვა გამოსავალს არ უტოვებს. გაეროს ისედაც მიზერული დახმარება ბოლო დღეების განმავლობაში არ ურიგდებათ. როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში განმარტავენ, ეს დახმარება მათ სოფლებში იგზავნება. დევნილები დარწმუნებულები არიან, რომ ამ გზით რუსთავის მე-17 პროფესიული სასწავლებლის შენობიდან მათ განდევნას ცდილობენ. თუმცა, დევნილების თქმით, მათი გასახლებისთვის უფრო სასტიკ გზასაც მიმართავენ. 

ლედი ბირთველიშვილი, დევნილი კნოლევიდან: „არაფერი გვაქვს. პური რომ პურია, ისიც არ გვაქვს. მოგვისიეს ყაჩაღები, ფარდები დაგვიგლიჯეს. თუ არ წახვალთო, ქუჩაში დარჩებითო. თქვენი პოზიცია უნდა გაამაგროთო. პოზიცია გავამგარეთ უკვე, 7 წელია ჯარს ვემსახურებოდი. 19 წელიწადი ამ ომში ვიყავი, მაგრამ ეხლა პოზიცია მე კი არა, იმ ბიჭებმა უნდა გაამაგრონ, რომლებმაც დაგვარბიეს. თუ ასეთი ბიჭები ჰყავდა საქართველოს, მოსულიყვნენ იქ, სოფელში, დამდგარიყვნენ ჩვენს გვერდით და აქ არ ჩამოვიდოდით“.

როგორც კნოლევის მოსახლეობა გვიყვებოდა, სიტუაცია სოფელში მას შემდეგ უფრო დაიძაბა, რაც იქ ქართული პოლიციური ნაწილები ჩადგნენ.

ნათია ცეცხლაძე, დევნილი კნოლევიდან: „ეხლა უფრო დაუცველები ვართ, რადგან მას შემდეგ, რაც პოლიცია ჩადგა, ოსები პირდაპირ მათი მიმართულებით ისვრიან“.

სამოც წელს გადაცილებული კნოლევის მკვიდრი, დარეჯან ციქუბაძე საკუთარ სოფელში უკვე დაბრუნდა. ამას თავის მოვალეობად მიიჩნევს. თუმცა თავისი შვილის კნოლევში დატოვებაზე სასტიკ უარს აცხადებს.

„ღამე ისვრიან ხოლმე. ჩვენები ხმას არ სცემენ, თუმცა ოსები მაინც არ ჩერდებიან. მე კი ვარ ვალდებული ვიყო ჩემს სოფელში, მაგრამ ჩემს შვილს, გასათხოვარ გოგოს იქ ვერ შევიყვან. ოსები იმუქრებიან, რომ სოფელს ააწიოკებენ. ჩვენი პოლიცია კი არის იქ, მაგარამ ჩვენ ვერ გვშველის, რადგან ოსებთან პირისპირ ვართ, პოლიცია კი ჩვენს უკან დგას. გამნაღმელები ჩვენს სოფელში ჯერ არ შემოსულან. ტრაქტორები ვერ შეგვყავს, მიწას ვერ ვხნავთ“.

დარეჯან ციქუბაძე ამბობს: დევნილებს, რომლებსაც სახლი აქვთ დანგრეული 15 ათას დოლარს სთავაზობენ იმისთვის, რომ ააშენონ. ბევრი ამ თანხაზე უარს ამბობს, რადგან სახლის აშენებას გაცილებით მეტი სჭირდება. ამ შემთხვევაში, მათ მეზობლებთან ცხოვრებას აიძულებენ.

მას შემდეგ, რაც დევნილებს დახმერაბა შეუწყდათ, ორსულ ლედი ბირთველიშვილს რუსთავის დროებით თავშესაფარში ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, თუმცა სოფელში დაბრუნება მაინც არ უნდა. მას სოფელში მცხოვრები ნათესავებისა და ახლობლებისგან გაგონილი ინფორმაცია აშინებს.

„1 კვირის წინ, ღამის 12 საათზე რომ დაიწყო სროლა, დილის 4 საათამდე გრძელდებოდა. გუშინაც იყო სროლები. ზედ საზღვარზე ვართ. გეტყვით, იმ რუსებს რა ფერის თვალები აქვთ, ისე კარგად ვხედავ. ნუ მოგვცემენ იმ ჩვენი მამაკაცების დახმარებას და ბავშვებს და ქალებს მაინც დაგვეხმარონ... რომ დავინახავთ, სიმშვიდე იქნება, ჩვენი ფეხით წავალთ. რუსთავში რა გვინდა, ერთი ხე არ არის, ხალხმა იმხელა ბაღები დატოვა. 19 წელიწადი იმ ომში ვიყავით, მაგრამ არაფერი მიგვიტოვებია. იქიდან წამოსვლა გვაიძულეს, გამოგვყარეს. ჩვენ სახლებს რომ წვავდნენ და გვაწიოკებდნენ, ქარელის პოლიციაში დავრეკე და ასე მითხრეს, „თქვენს თავს თქვენ თვითონ მიხედეთო“.

სამხარეო პოლიციის უფროსი, ვლადიმირ ჯუღელი, სოფელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას ფლობს.

„კნოლევში განყოფილებაა გახსნილი, პოლიცია იქ არის, სპეცდანიშნულების რაზმი იქ არის და დამკვირვებლები იქ არიან. მსგავსი საშიშროება არ იგრძნობა. ჩვენი პოლიციისთვის თითქმის თვენახევარი არ უსვრიათ. გამნაღმვითი სამუშაოები კი უკვე 10-12 დღეა რაც დასრულებულია. ვინც აქ ცხოვრობს, მათ ასეთი პრობლემა არ ჰქონიათ. თუ ასეთი რამ ხდება და მე არ ვიცი, მაშინ შემატყობინონ. ნებისმიერ ადამიანს თავის სახლში ჩამოსვლა შეუძლია. ვისაც არ უნდა ჩამოსვლა, საშიშროების შესახებ შეიძლება ბოლომდე ილაპარაკოს“.

ლედი ბირთველიშვილის თქმით, მათ, ძირითადად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კოორდინატორი რუსთავში, მერაბ გელაშვილი უპირისპირდება და დევნილებს შენობის დაცლას აიძულებს.

მერაბ გელაშვილი, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ გუშინ დავუკავშირდით, ამბობდა, რომ ამ დევნილების სოფლეში დაბრუნება, შესაძლოა შეაჩერონ, რადგან ეს მართლაც საშიშია. ის დარწმუნებული იყო, რომ საკითხი დევნილთა სასარგებლოდ გადაწყდებოდა. თუმცა დღეს მან საპირისპირო გადაწყვეტილების შესახებ შეგვატყობინა: დევნილებს კნოლევში აბრუნებენ, რადგან იქ ცხოვრება უსაფრთხოა.

„საერთოდ, მითითება იყო, სიაში შეტანილი ყველა სოფლის მოსახლეობა საკუთარ სახლებში უნდა დაბრუნდეს და საკუთარი სახლების აღდგენაში თავად მიიღოს მონაწილეობა. კნოლევში ცხოვრება სახიფათოა, მაგრამ ყველა სოფელში არის სირთულეები. მაშინ ყველას შეუძლია იმის თქმა, რომ საკუთარ სოფელში აღარ დაბრუნდება“.

როგორც მერაბ გელაშვილმა გვითხრა, დევნილებს რუსთავის მე-17 პროფესიული სასწავლებლის შენობიდან არავინ გამოყრის. თუმცა გაეროს დახმარებას იქ აღარ მიიღებენ. დევნილებს არჩევანის წინაშე ტოვებენ: ან დანაღმულ და სახიფათო სოფელში დაბრუნდნენ ან უსაფრთხო რუსთავში იშიმშილონ.

ახალი ამბები