კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის ახლადაშენებული ციხე რემონტშია

6 ნოემბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება ქუთაისში 2005 წლის 20 დეკემბერს, საკმაოდ პომპეზურ ვითარებაში გაიხსნა. ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება იმთავითვე ციხის მაღალ სტანდარტებსა და იქ არსებულ საუკეთესო პირობებზე ალაპარაკდა. მას შემდეგ მხოლოდ ორი წელი და რამდენიმე თვე გავიდა და ციხე უკვე რემონტშია.

„ეს დაწესებულება ერთი წლის განმავლობაში შენდებოდა. აქ მაქსიმალურად  დაცულია ყველა პირობა, როგორც პატიმრებისთვის, ისე მომსახურე პერსონალისთვის. აქ ყველა ნიუანსი მიახლოებულია ევროსტანდარტებს. გამოგიტყდებით, მსგავსი საყოფაცხოვრებო პირობები, რაც ამ დაწესებულებაშია, მე სახლშიც არ მაქვს“,- ასეთი განმარტება გააკეთა მაშინ ციხის პრეზენტაციაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბაჩო ახალაიამ.

თუმცა, პატიმართა ბუნტმა ციხის ცინცხალი კედლებიდან მალევე გაჟონა და იქ არსებულ მძიმე საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის პირობებზე სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა. ციხეში - პატიმართა, ციხის გარეთ კი მათი ახლობლების პროტესტი ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიამაც დაადასტურა. ახლადშექმნილი მონიტორინგის ჯგუფის წევრთა განცხადებები იმთავითვე კრიტიკული გახდა.

„მორიგი მონიტორინგის დროს არასრულწლოვანთა განყოფილებაში გახლდით შესული. ერთ-ერთ საკანში ისე წვიმდა, როგორც გარეთ. პატიმრებს ცალ ხელში ჯამი ეჭირათ, რომლითაც წყალს აკავებდნენ, ცალი ხელით კი ულუფას მიირთმევდნენ. ეს შენობა თავიდანაა ასაშენებელი, ისევე როგორც წყალგაყვანილობა თავიდანაა გასაკეთებელი. აქ, როგორც ჩანს, მშენებლობის დროს უამრავი შეცდომაა დაშვებული. ფაქტიურად, ეს სამუშაოები თავის დროზე უხარისხოდ ჩატარდა. ამ დაწესებულებაში კედელს ვერ ნახავთ, ბზარი რომ არ ჰქონდეს. ის, რომ შენობაში წვიმს და მოშლილია საშხაპეები, პრობლემას უქმნის არა მხოლოდ პატიმრებს, არამედ თვითონ ადმინისტრაციასაც. არამგონია, ვინმეს სურდეს, ციხეში ხელოვნურად შექმნას უარყოფითი მუხტი, რომელმაც მომავალში შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს“,- ეს იყო ციხის საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის თავმჯდომარის მანანა მანაგაძის პირველი კრიტიკული შეფასება.

მას შემდეგ დღემდე თითქმის არაფერი შეცვლილა. შეფასებები უფრო და უფრო გამწვავდა. პატიმართა პროტესტმაც არაერთხელ უშედეგოდ ჩაიარა.

„რამდენჯერ ატყდა ბუნტი, რამდენჯერ განვაცხადეთ ჩვენც, პატიმართა ოჯახის წევრებმა იქ არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ის არ კმარა, რომ პატიმრები შიმშილით იხოცებიან? მაგრამ აქ ერთი სიმართლეა, ამ ხალხს ადამიანებად არ თვლიან და ამ ქვეყნის ხელისუფლებისთვის სულერთია, მათ რა დაემართებათ“,- ამბობს 18 წლის პატიმრის დედა. 

„ციხის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე მომხდარი პატიმართა ბუნტი სწორედ აღნიშნული პირობების გამო იყო გამოწვეული. იქ თავიდანვე არ იყო ნორმალური საყოფაცხოვრებელი პირობები. წვიმის და დაზიანებული (უფრო სწორად, თავის დროზე უხარისხოდ გაკეთებული) წყალგაყვანილობის შედეგად, თითქმის ყველა კედელი ჩამოიშალა და შენობის რეკონსტრუქცია გარდაუვალი გახდა. იმედია, ამჯერად მაინც ისე გააკეთებენ, რომ ორ-სამ წელში კვლავ სარემონტო არ გახდება“,- ამბობს მანანა მანაგაძე.

ქუთაისის ციხეში, სადაც დღეის მდგომარეობით, 1800-ზე მეტი პატიმარი იხდის სასჯელს, სარემონტო სამუშაოები B და C კორპუსებს უტარდება. შესაბამისად, პატიმრები სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში არიან გადაყვანილი. თუმცა, მათი დიდი ნაწილი ადგილზე რჩება, რაც საერთო მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ადვოკატები აცხადებენ, რომ 4 კაციან საკნებში 6-8 პატიმარი იმყოფება და ხშირ შემთხვევაში, მათ დაძინების საშუალება არ ეძლევათ.

 

ახალი ამბები