კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა

10 ნოემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის 125-ე და 15 მაისის 327-ე განკარგულებებით, სიღნაღის, ლაგოდეხის, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე, ადგილობრივ ბიუჯეტში 6 805 200 ლარი ჩაერიცხა. აქედან სიღნაღის რაიონს 1 891 200, ლაგოდეხს - 1 550 000, საგარეჯოს 1 392 000 და გურჯაანს - 1 972 000 ლარი. ამ თანხით მუნიციპალიტეტებში სასმელი წყლის სისტემების და შიდა გზების სარეაბილიტაციო, სოფლების გაზიფიცირების, მრავალსართულიანი სახლების ფასადების, სახურავების შეკეთების და სხვა სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. მიღება – ჩაბარების აქტებში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მაღალი ხარისხით შესრულდა, მაგრამ ლაგოდეხში ხიდები უკვე ჩაინგრა, მრავალსართულიან სახლებს ქარმა სახურავი გადახადა, მოსახლეობა კი დღემდე უწყლოდ არის დარჩენილი.

მთავრობის 327-ე განკარგულებით, ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებს სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელების უფლება მიეცათ. ექსპერტების თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ სამუშაოების შესრულებაზე ტენდერებისა და კონკურსების გამოცხადების შემთხვევევაში, პროექტების დაწყება არჩევნებამდე არ მოესწრებოდა.

უფრო დეტალურად, რა სამუშაოები უნდა შესრულებლიყო აღნიშნული თანხით; რა შესრულდა, როდის და ვინ, რომელმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა შეასრულა და რის საფუძველზე; გათვალისწინებული სამუშაოებიდან რა ვერ შესრულდა და რატომ; ვის ევალებოდა სამუშაოების შესრულებაზე კონტროლი - ამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, სიღნაღის, ლაგოდეხის, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების გამგებლებს რამდენიმე კვირის წინ მივმართეთ. კითხვებზე პასუხები მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ლაბუჩიძემ მოგვაწოდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ინდ.მეწარმე „ნოდარ ფალავანდიშვილს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, „ნოდარ ფალავანდიშვილმა“ გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის წყალმომარაგების მიზნით საჭირო სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად გამგეობისგან 70 ათასი ლარი მიიღო. ხელშეკრულება 2008 წლის 20 მაისს არის გაფორმებული, თუმცა როგორც ვეჯინელები აცხადებენ, სამუშაოები რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დამთავრების შესახებ მხარეებს შორის მიღება – ჩაბარების აქტი 2008 წლის 2 ივნისით თარიღდება. აქტში აღნიშნულია, რომ შესრულებული სამუშაო მაღალხარისხიანია და შეესაბამება ხელშეკრულების მოთხოვნებს. სინამდვილეში, სოფელ ვეჯინის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლის სასმელი წყლით უზრუნველყოფაც უნდა მომხდარიყო, დღემდე უწყლოდ არის დარჩენილი. ადგილობრივების თქმით, წყლის ახალი ჭაბურღილი კი მოეწყო, მაგრამ უხარისხოდ და რამდენიმე დღეში დაზიანდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და სააქციო საზოგადოება „გურჯაანგაზს“ შორის 2008 წლის 6 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების საგანი, ქ. გურჯაანში გაბაშვილის ქუჩის 41-ე, 43-ე, 50-ე ბინების და სოფელ ჭანდრის ღვინის ქარხნის უბნის გაზმომარაგების სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფაა. ამისათვის ს.ს „გურჯაანგაზმა“ 11 199 ლარი მიიღო, არადა სოფელ ჭანდარში, ღვინის ქარხნის უბანში, გაზიფიცირება ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯებით განხორციელდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ელექტროტექნიკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიას 89 828 ლარი გადაერიცხა. შპს „ელექტროტექნიკას“ ქ. გურჯაანში რუსთაველის, ქოროღლიშვილის, სარაჯიშვილის, ჭავჭავაძის ქუჩებზე და სოფელ კაჭრეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე განათების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება დაევალა. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისათვის ქ. გურჯაანში, რუსთაველის და სარაჯიშვილის ქუჩებზე გარე განათება შეუფერხებლად ფუნქციონირებდა.

ამავე კომპანიასთან გაფორმებული კიდევ ერთი ხელშეკრულებით შპს „ელექტროტექნიკამ“ 249 980 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ქალაქ გურჯაანში თამარ მეფის, აღმაშენებლის, ფარნავაზის, კოსტავას, 9 აპრილის, სანაპიროს, ვაჟა ფშაველას, თაბუკაშვილის, წმინდა ნინოს, გურამიშვილის, თაყაიშვილის, რუსთაველის I ქუჩებზე გარე განათების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ვალდებულება აიღო. 2008 წლის 19 მაისს, მხარეების მიერ შედგენილი მიღება – ჩაბარების აქტიდან გამომდინარე, სამუშაოები ხელშეკრულების პირობების დაცვით შესრულდა. სინამდვილეში, 9 აპრილის, წმინდა ნინოს და გურამიშვილის ქუჩებზე გარე განათება ზემოთაღნიშნული სამუშაოების შესრულებამდეც მუშაობდა, ამჟამად კი ქალაქ გურჯაანში, გარე განათება მხოლოდ იოსებ ნონეშვილის, თავისუფლების და რუსთაველის ქუჩებზე ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში ოთხი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის რაიონში რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებს „გოგიტა აბრამიშვილს“ (67 958 ლარი) და „გურგენი აბრამიშვილს“ (51 871 ლარი) აქვთ შესრულებული, მაშინ, როცა იგივე სამუშაოებს გურჯაანში მოქმედი არაერთი სამშენებლო ორგანიზაცია ასრულებს.

კომპანია „აი. პი. აი“-ს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სათავე – ნაგებობების, შიდა ქსელებისა და სანაკალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისათვის, გამგეობასთან 2008 წლის 14 აპრილს და 3 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე 397 ათასი ლარი აქვს მიღებული. დოკუმენტებში არ არის მოცემული კომპანია „აი. პი. აი“-ს კონკრეტულად მუნიციპალიტეტების რომელ სოფლებში უნდა მოეხდინა სასმელი წყლის სათავე-ნაგებობების, შიდა ქსელებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია. რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის ჭაბურღილები, რომლებიც წლების განმავლობაში უთავსახუროდ იყო დარჩენილი, მართლაც შეაკეთეს და დახურეს, მაგრამ დროებით. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო სასმელი წყლის ჭაბურღილები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისევ ღიაა და ბინძურდება. ქალაქის ტერიტორიაზე კი სასმელ წყალს კვლავ ფეკალური მასები ერევა.

რაც შეეხება ლაგოდეხის, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მთავრობის განკარგულებით შესასრულებელ სამუშაოებს, ამის შესახებ ლაგოდეხის და სიღნაღის გამგებლებმა გია გოზალიშვილმა და გია ჩალათაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოფიციალური მოთხოვნიდან რამდენიმე კვირა გავიდა, საჯარო ინფორმაცია საერთოდ არ მოგვაწოდეს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი გვითხრა და ეს იმით ახსნა, რომ ჩვენი მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებული არ არის ამომწურავი და ვრცელი განმარტებებით უზრუნველყოს დაინტერესებული პირი და ერთგვარი ანგარიში გადასცეს მას. თქვენს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები წარმოადგენს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაცული საფინანსო საქმეების დოკუმენტების დედან ეგზემპლიარებს, რომელთა გადაცემაც დაინტერესებული პირისთვის დაუშვებელია“, - აღნიშნულია გამგეობის გადაწყვეტილებაში.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები მიზნობრივად არც სიღნაღის, ლაგოდეხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში გაიხარჯა.

ლაგოდეხში მრავალსართულიანი სახლების ფასადებისა და სახურავების შესაკეთებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარია გასული, მაგრამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლაგოდეხში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სამ სახლს ქარმა სახურავი გადახადა. 100 ათას ლარიანი პროექტის ფარგლებში აღდგენილი ხიდები კი სოფლებში ნინიგორსა და გელათში უკვე ჩაინგრა. სოფელ მშვიდობიანში კი ხიდის მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა. სამშენებლო კომპანია „თუთისანის“ დირექტორის თენგიზ თუთისანის განმარტებით, სახელშეკრულებო თანხიდან, რომელიც 50 ათას ლარს შეადგენს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მას მხოლოდ 15 ათასი ლარი გადაურიცხა, დანარჩენის გადახდაზე კი უარს ამბობს. „ლაგოდეხის გამგებელს გია გოზალიშვილის წერილით რამდენჯერმე მივმართე და ხიდის მშენებლობის დასასრულებლად თანხის გადახდა ვთხოვე, მაგრამ უარი მივიღე. ჩინოვნიკები დარჩენილი თანხის გადარიცხვას იმ შემთხვევაში დამპირდნენ, თუ ნახევარს მათ მივცემ, რაზედაც უარი განვაცხადე“, - აცხადებს თენგიზ თუთისანი.

ოფიციალური ინფორმაციით, ლაგოდეხის რაიონში სასმელი წყლის პრობლემების მოსაგვარებლად გამოყოფილი 270 ათასი ლარიდან, 70 ათასი ლარი სოფელ მაწიმში ჭაბურღილის მოსაწყობად გაიხარჯა. ლაგოდეხის გამგეობამ სამშენებლო კომპანიისგან ობიექტი ჩაიბარა, მაგრამ მაწიმის მოსახლეობა სასმელ წყალს დღემდე კილომეტრებით დაშორებული მეზობელი სოფლებიდან ეზიდება.

მთავრობის 327-ე განკარგულებაში ცალკეა მოცემული მუნიციპალიტეტების კეთილმოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოებისათვის საჭირო თანხები, სიღნაღში – 124 ათასი, ლაგოდეხში 201 ათასი, საგარეჯოში 500 ათასი და გურჯაანში 744 050 ლარის ოდენობით. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში გვითხრეს, ამ თანხების მიზნობრივად ხარჯვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების კეთილმოწყობა ყველა ვარიანტში უნდა ასახულიყო, რაც არ მომხდარა.

ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთის საოლქო პროკურატურა საარჩევნოდ გამოყოფილი თანხების ხარჯვის კანონიერებით დაინტერესდა. იმ დროისათვის პროკურატურის წარმომადგენლები რამდენიმე გამგეობაში დოკუმენტაციის ამოსაღებად შევიდნენ კიდეც, თუმცა საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის 125-ე და 15 მაისის 327-ე განკარგულებებით გამოყოფილი თანხების ხარჯვის კანონიერებასთან დაკავშირებით, პროკურატურა გამოძიებას არ აწარმოებს.

ახალი ამბები