კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად გადაცემის წაყვანაზე უარი თქვა

10 ნოემბერი, 2008

პარლამენტის წევრი "შავებთან" კავშირს არ უარყოფს

 

 მარინა გოგოლაძე

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ჟურნალისტმა მარინა გოგოლაძემ პროტესტის ნიშნად ტელეკომპანია "ლაგოდეხის" ყოველკვირეული გადაცემა "სტუდია - დიალოგის" წაყვანაზე უარი თქვა. როგორც გოგოლაძემ განაცხადა, პროტესტის ძირითადი მიზეზი ტელეკომპანიის ხელმძღვანელის მიერ გადაცემის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა გახდა.

ჟურნალისტის თქმით, ტელეკომპანიის დირექტორი ლალი ხუბულავა მისგან დაჟინებით მოითხოვდა, კითხვები გადაცემაში სტუმრის მიწვევამდე ერთი დღით ადრე მაინც შეედგინა და მასთან შეეთანხმებინა. "სტუმართან მხოლოდ გადაცემის თემაზე ვთანხმდებოდით. ტელევიზიის დირექტორი ჩემგან მოითხოვდა კითხვები წინასწარ ჩამომეწერა და რესპონდენტთან ერთად მისთვისაც გამეცნო, რასაც არ დავთანხმდი. ხუბულავა სტუმრისთვის არასასურველი კითხვების დასმას კრძალავდა. გარდა ამისა, ბოლო დროს არსებული ზეწოლების გამო, ხუბულავა მუდმივად აცხადებდა, რომ ჩემი იქ ყოფნის გამო პრობლემები აქვს. ამგვარად მუშაობა ჩემთვის მიუღებელია", - აღნიშნავს მარინა გოგოლაძე.

ტელეკომპანია "ლაგოდეხის" დირექტორის ლალი ხუბულავას თქმით, მისთვის უცნობია რატომ თქვა უარი მარინა გოგოლაძემ გადაცემის წაყვანაზე. ხუბულავას განცხადებით, ის არც გადაცემის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ერეოდა.

"სტუდია - დიალოგი" ლაგოდეხის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ყოველ ორშაბათს 20 საათზე გადიოდა.

აღსანიშნავია, რომ მარინა გოგოლაძეზე მუქარა, ცოტა ხნის წინ, გადაცემის მიმდინარეობისას განხორციელდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ევა ლომთაძე, ჟურნალისტს საქმის გარჩევით პირდაპირ ეთერში დაემუქრა. ლომთაძის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ გადაცემის წამყვანმა მაყურებლების არცერთი შეკითხვა არ დაბლოკა. ამავე დროს გადაცემის მსვლელობისას ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც ლაგოდეხის მაცხოვრებლები პარლამენტის წევრს, ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატს გურამ კაკალაშვილს მკვეთრად აკრიტიკებდნენ.

მომხდარის შემდეგ ტელეკომპანიის დირექტორს მარინა გოგოლაძის გათავისუფლება პარლამენტის წევრმა გურამ კაკალაშვილმა არაერთხელ მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი ლალი ხუბულავას მეუღლეს "შავები" დაემუქრნენ, რომ თუ ტელეკომპანიის ხელმძღვანელი დეპუტატის მოთხოვნას არ გაითვალისწინებდა და ყოველკვირეული გადაცემა "სტუდია დიალოგის" წამყვანს მარინა გოგოლაძეს ეთერიდან არ მოხსნიდა, მის შვილს, მე-11 კლასის მოსწავლეს ჯიბეში ნარკოტიკულ ნივთიერებას ჩაუდებდნენ და "გააფუჭებდნენ".

აღსანიშნავია, რომ მუქარის განხორციელების დროს "შავები", ზურა კაკაშვილი, მეტსახელად "ბუღა" და გელა მახათაძე, მეტსახელად "აპო", ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ კაკალაშვილის პირად ავტომანქანაში ისხდნენ.

ჩვენთან საუბარში საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ კაკალაშვილი ლაგოდეხში "შავებად" ცნობილ კაკაშვილთან და მახათაძესთან ნაცნობობას და კავშირს არ უარყოფს. "ბუღას" დედა ჰყავდა ავად და მანქანა მეთხოვა. ალბათ მაშინ დაინახეთ. ამ ადამიანებს კრიმინალური წარსული არ აქვთ. მხედრიონელები იყვნენ თუ არა, ვერ გეტყვით. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ისინი ჩემი სახელით ტელევიზიის დირექტორს შვილის "გაფუჭებით" დაემუქრნენ, სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა კაკალაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზურა კაკაშვილი გურამ კაკალაშვილს თან 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ახლდა. არჩევნების დღეს სწორედ კაკალაშვილის მითითებით და "ბუღას" ჩარევით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის კაბალის საარჩევნო უბანზე მყოფ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს, რომლებმაც გაყალბების ფაქტები დააფიქსირეს.

ახალი ამბები