კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „ივერიას“ დახურვა ემუქრება

11 ნოემბერი, 2008
ნონა სუვარიანი, თბილისი

ტელეკომპანია „ივერიის“ ხელმძღვანელი, გიორგი ანდრიაძე ხელისუფლებას საკონსტიტუციო შეთანხმების მუხლების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ცალკე სიხშირის გამოყოფას ტელეკომპანია უკვე დიდი ხანია ითხოვს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ეს უყურადღებოდ რჩება.

ქართული ტელეკომპანია „ივერიის“ ხელმძღვანელი, გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს არხისთვის სიხშირის გამოყოფას ითხოვს. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ ამ არხს საბოლოოდ წაართვა მაუწყებლობის გაგრძელების შესაძლებლობა.  გიორგი ანდრიაძის თქმით, ის უკვე დიდი ხანია ელოდებოდა მეორე არხის სიხშირის გადაცემას ტელეკომპანია „ივერიისთვის“. თუმცა ეს თხოვნა ხელისუფლებამ უყურადღებოდ დატოვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით, მეორე არხი პოლიტიკურ არხად გადაკეთდება. ამ განცხადების შემდეგ „ივერიის“ დახურვის საკითხი იმდენად აქტუალური გახდა, რამდენადაც იმ გადასახადების გადახდა, რომელიც მას დღეს უწევს და რომელსაც ვეღარ მოახერხებს, ვინაიდან მას ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებამ  საბოლოოდ მოგვიჭრა შესაძლებლობა, განვაგრძოთ მაუწყებლობა. შედეგად, საპატრიარქოს პატრონაჟით დაფუძნებული ქართული ტელემაუწყებლობა „ივერია“ იძულებული გახდება, მაუწყებლობა შეწყვიტოს, ვინაიდან ჩვენ არ გაგვაჩია ფინანსური შესაძლებლობა, არსებული გადასახადების პირობებში, განვაგრძოთ ფუნქციონირება.

ხელისუფლებისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „გენერალიტეტის“ ერთობლივი ქმედება გვაფიქრებინებს, რომ იმ დროს, როდესაც საზოგადოება დაჟინებით მოითხოვს საპატრიარქოს ტელევიზიისთვის საზოგადოებრივი ტელევიზიის მეორე არხის, ან სიხშირის გადმოცემას, მეორე არხის პოლიტიკურ არხად გადაკეთება საპატრიარქოს ტელევიზიის წინააღმდეგ გამიზნულად გადადგმული ნაბიჯია“, – აცხადებს გიორგი ანდრიაძე.

გიორგი ანდრიაძის თქმით, ამ მიზნისთვის ხელისუფლებას მის მიერ კონტროლირებადი სხვა არხების გამოყოფა შეეძლო. სიხშირის გამოყოფაზე ტელეკომპანია სიხშირეთა გადანაწილების კომისიას ჯერ კიდევ 22 მაისს მიმართა.

„გვითხრეს, რომ სიხშირეების გაცემა ყველასათვის შეჩერებულია. შემდეგ გამონაკლისის სახით ამის განხილვა ტელეკომპანია „მაესტროსათვის“ დაუშვეს. ჩვენც იგივე მოთხოვნით მივმართეთ. მანამდე ეს თხოვნა ნინო ბურჯანაძის თავმჯდომარეობისას პარლამენტს მივაწოდეთ. ხელი 60-მდე დეპუტატმა მოაწერა. თუმცა, საბოლოოდ ეს საკითხი აბსოლუტურად უყურადღებოდ დატოვეს, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ. როგორც ჩანს, ეს არც ერთის ინტერესების სფეროში შედიოდა“.

გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ ტელეკომპანიის ეს მოთხოვნა კანონიერია. ხოლო მსგავსი ქმედებებით ხელისუფლება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას არღვევს. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ხელისუფლების თანადგომას ყველა იმ საკითხში, რომელიც  ეკლესიის ინტერესების სფეროში შედის.  

კონსტიტუციური შეთანხმების „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“  პირველ მუხლში წერია, „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ... სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფეროში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები.“

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით,  “კონსტიტუციური შეთანხმებით, სახელმწიფო და ეკლესია ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით თანამშრომლობაზე თანხმდებიან. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება ხელი შეუწყოს მართლმადიდებლური ეკლესიის განვითარებას. ხოლო ის, რომ  სახელმწიფო არ აძლევს საპატრიარქოს საკუთარი სიხშირის მფლობელობის შესაძლებლობას, სწორედ ამ კონსტიტუციური შეთანხმების შეზღუდვას ან უგულებელჰყოფას ნიშნავს.“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განგვიმარტეს, რომ ახალი სიხშირეების გამოყოფა შეჩერებულია იმიტომ, რომ ამჟამად პრიორიტეტების განსაზღვრა მიმდინარეობს. ლიცენზიების გაცემის შეფერხება საზოგადოებრივი ინტერესების გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობამ გამოიწვია. ეს გამოკვლევა „მაუწყებლის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, ორ წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს. ბოლოს ასეთი გამოკვლევა 2004 წელს ჩატარდა. ამის შემდეგ კანონის ეს პუნქტი არავის გახსენებია. გაახსენდათ სწორედ იმ დროს, როდესაც გარკვეულ მედია სუბიექტებს ლიცენზიის აღება ან მოდიფიცირება დასჭირდათ.

ამ ეტაპზე მარეგულირებელში არ იციან, როდის დასრულდება ეს კვლევა და ტელეარხებს ლიცენზიის მიღება როდის შეეძლებათ. სხვათაშორის, კვლევა პრიორიტეტების გამოკვეთას ემსახურება. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, რომ აღმოჩნდეს, საზოგადოებას ისეთი გადაცემები აინტერესებს, რომლებიც „ივერიის“  ეთერით არ გადის.


ახალი ამბები