კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი მუგარეთი

11 ნოემბერი, 2008
გულო კოხოძე, ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთის მცხოვრებლები ღელის წყალს სვამენ, თუმცა ზამთარში ისიც წყდება და მოყინულ გზაზე მოსალხეობა წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. ადგილობრივი ბიუჯეტით ამ პრობლემის მოგვარება არ ხერხდება. სამთავრობო სექტორს არასამთავრობო ორგანიზიციების იმედი აქვთ.

130 კომლიან სოფელში წყლის პრობლემა ყოველთვის აწუხებდათ. აქ დიდი თუ პატარა დილიდან საღამომდე წყალს ეზიდება. თედორეს წყარო, როგორც ადგილობრივები ეძახიან, სოფლის ცენტრში მოდის. მისი მისასვლელი თითქმის მთელი დღის განმავლობაში ვედროებით, ბიდონებით და საზიდრებითაა ჩახერგილი.

„მარილიანი წყალია. არც იფილტრება, ჭიები, მატლები და ნაგავი მოჰყვება. პატრონი არ გვყავს. ისე არავინ გაგვიკეთა, კაცს დალევის რომ არ შეგეშინდეს“, - ამბობს სოფლის მკვიდრი მურმან ლომიძე.  

„თუ იწვიმა, წყლის ნაცვლად ტალახი მოდის. ვსვამთ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს“,  - ამბობს დალი ლომიძე.

ლომიძეების ოჯახში რვა სული ცხოვრობს. მათთვის დღის განმავლობაში 200 ლიტრი წყალიც კი არაა საკმარისი: „ბავშვები გვყავს, ყოველდღე დარეცხვა გვინდა, სახლს დასუფთავება უნდა. ამიტომ, როგორც კი ინათებს, ვიწყებთ და დაღამებამდე  წყალს ვეზიდებით“. 

მუგარეთის მცხოვრებლებმა იციან, რომ ერთ თვეში წყალი გაიყინება და ისე, როგორც ყოველ წელს, მარტის ბოლომდე აღარ გამოვა.

„წყალს მანქანებით, ცხენით, ვირით ან თუ თოვლია, ციგებით ვეზიდებით, - ამბობს ივერი გოგოლაძე, სოფელში ხუმრობენ, ვისაც ცოლი ჰყავს, მეტი წყლის ზიდვა უწევს და ბიჭები დაქორწინებას ერიდებიანო“.

ადგილობრივების თქმით, სოფლიდან ორი კილომეტრის მოშორებით ძველი ჭაა. ვისაც წყლის მომარაგების სხვა საშუალება არ აქვს, წყლით სავსე ვედროებს სწორედ აქედან ეზიდება ხელით.

„ჭა გასული საუკუნის დასაწყისშია გაკეთებული. აღარც ვარგა, ნახევრად მონგრეულია. თუ მოთოვა, შეღავათია, ნაკლებ წყალს ვეზიდებით. თოვლს ღუმელზე ვადნობთ და სარეცხის გასარეცხად მაინც ვიყენებთ”, - ამბობს მადონა ლომიძე.  

მუგარეთში არც სარწყავი წყალია.

„მორწყვის პერიოდში ღელე კიდევ უფრო პატარავდება და ნეტავ განახათ, რა ამბავია ორ წვეთ წყალზე! ეგეთი არც დათესილი გინდა და არც მოყვანილი. ოჯახში თუ მამაკაცი არაა, ამ ორომტრიალში მხოლოდ ქალი ვერაფერს გახდება“, - ამბობს დალი ლომიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ბიძინა მაისურაძის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების წინაშე მუნიციპალიტეტის ოთხი ძირითადი მოთხოვნა – დამაკავშირებელი გზების, ქუჩების, წყალმომარაგების სისტემისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია უკვე წარდგენილია.

„ცალკე სოფლის წყალსადენების შესახებ არაფერია შეტანილი. ერთბაშად ყველაფერს ამ პროექტში ვერ ჩავტევდით, ეს თანამიმდევრული პროცესია. ბიუჯეტიც არაა იმხელა, რომ ყველაფრს გასწვდეს, მით უფრო, რომ აგვისტოს მოვლენებმა დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა“, - ამბობს ბიძინა მაისურაძე.   

მისი თქმით, თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თავის პროგრამაში ჩადებს მუგარეთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტი თანადაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას.


ახალი ამბები