კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხედრო დასახლებაში მცხოვრებლები სახლმმართველობას გულგრილობაში ადანაშაულებენ.

12 ნოემბერი, 2008

ქალაქ ახალციხეში არსებული სამხედრო დასახლებები თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, რის გამოც ადგილობრივების პრობლემებს არავინ აგვარებს.
                                        
გულო კოხოძე, ახალციხე

ქალაქ ახალციხეში სამი სამხედრო დასახლებაა: ეგრეთ წოდებული “ადინაცეტები”, “პიტიეტაშკები” და “პაგრანატრიადი”, რომელთა მოვლა-პატრონობა 1992-დან 2000 წლამდე სახლმმართველობებს ევალებოდათ.

2003 წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი შპს “სახლმმართველობამ”  მოიგო და აღნიშნული ბინების მოვლა-პატრონობა მას დაევალა.

2008 წლის აპრილში თავდაცვის სამინისტრომ “სახლმმართველობასთან” დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა. ამის შემდეგ, “სახლმმართველობამ“ თავად გააფორმდა ინდივიდუალური ხელშეკრულებები სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან, რის საფუძველზეც “სახლმმართველობამ” მოვალეობის შესრულება გააგრძელა.

“ჩვენს მოვალეობაში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოვლა-პატრონობა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და სხვა კომუნალური მომსახურება შედის”, - ამბობს შპს “სახლმმართველობის” დირექტორი არსენ გორელიშვილი.  

აღნიშნული დასახლების მცხოვრებნი კი “სახლმმართველობას” გულგრილობაში ადანაშაულებენ და ჩივიან, რომ მათ პრობლემებს ყურადღებას არავინ აქცევს. 

კანალიზაციის ამორტიზებული მილები, სასმელი წყლის გაუმართავი სისტემა, ნაგავსაყელად ქცეული მიმდებარე ტერიტორია და მთლიანად შესაცვლელი სახლის სახურავები ზარზმელის ქუჩის (“ადინაცეტების”) მცხოვრებთათვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემებია.

“ნაგვის მანქანა აქამდე არ ამოდის, ამიტომ ნაგავი ქუჩაში იყრება და სიბინძურის კერებს ქმნის”, - ამბობს ზარზმელის ქუჩის მცხოვრები ეთერ ჩარუხჩიანი.

“სახლმმართველობაში” კი ამბობენ, რომ მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებს არ იხდის, ამიტომ ორგანიზაცია დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს.

“კომუნალური გადასახადი სულზე თვეში 1,10 ლარია. ამ გადასახადებზეა   დამოკიდებული ჩვენი სამსახურის მუშაობა”, - ამბობს “სახლმმართველობის” დირექტორი.

ზარზმელის ქუჩაზე 11 ორსართულიანი, 6 ოთხსართულიანი კორპუსი და რამდენიმე კოტეჯია განთავსებული. მათგან კანალიზაციის, ნაგვისა და წყლის პრობლემა მხოლოდ ორსართულიან კორპუსებს აქვთ. აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ კომუნალურ გადასახადებს დიდი ხანია აღარ იხდიან.

“გადასახადებს ვიხდიდით, მაგრამ პრობლემები პრობლემებად რჩებოდა,  ყურადღებას არავინ გვაქცევდა. გამგეობაში გვეუბნებიან, რომ ეს ბინები სამინისტროს ბალანსზეა და მათ უნდა მივმართოთ”, - ამბობს ჟენია ფარმანიანი.

თავის მხრივ, სწორედ გადაუხდელობის მიზეზით ხსნიან პრობლემების მოუგვარებლობას “სახლმმართველობაში”: “კანალიზაციის მილები მთლიანადაა შესაცვლელი, რისი ფინანსების მოძიებაც, გარდა გადასახადებისა, ჩვენ არ შეგვიძლია”.

დაზიანებული კანალიზაცია კი პრობლემას არა მხოლოდ ზარზმელის ქუჩის მობინადრეებს, არამედ რუსთაველისა და ცხრა აპრილის ქუჩებსაც უქმნის. დახეთქილი მილებიდან წამოსული ფეკალური მასები ამ ქუჩებამდე ჩადის.

“სამი წელია “ადინაცეტებიდან”  წამოსული კანალიზაცია ეზოში შემოდის და ანტისანიტარიას ქმნის. ზაფხულში საშინელი სუნი დგება, ზამთარში კი იყინება და ეზოში გავლა სჭირს”, - ამბობს რუსთაველის 97-ში მცხოვრები მარინა ტაბატაძე.

ზარზმელის ქუჩიდან რუსთაველზე ქარს ნაგავიც ჩააქვს. აღნიშნული პრობლემების გამო რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართეს.
 
“მიუხედავად იმისა, რომ ზარზმელის ქუჩა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის, შეძლებისდაგვარად ვცადეთ აღნიშნული პრობლემების მოგვარება - ჩვენი სახსრებით კანალიზაცია გავწმინდეთ”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბიძინა მაისურაძე.

მისივე თქმით, სამხედრო ბინების მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადასვლის მოთხოვნით გამგეობამ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართა: “მოსახლეობა, პრობლემების გამო, ჩვენთან მოდის. ამიტომ მივმართეთ თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია”.

“სახმლართველობაში” ამბობენ, რომ ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ბინების მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას არ აპირებს. მწყობრიდან გამოსული ბინების მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადასვლა ახალციხის მუნიციპალიტეტის ინტერესებში არც შედის.

“ამ ბინებს იმდენი პრობლემა აქვს, რომ ძნელი წარმოსადგენია მუნიციპალიტეტს ყველა პრობლემის თავის თავზე აღება უნდოდეს. თუმცა, მათ მეტი საშუალება აქვთ პრობლემების მოსაგვარებლად, ვიდრე ჩვენ”, - დასძენს   “სახლმმართველობის” დირექტორი.

ვიდრე სამხედრო დასახლებების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის საკითხი გაირკვევა, დრო გადის. მოსახლეობა კომუნალური გადასახადების გადახდას კვლავ არ აპირებს. ფინანსურად აღნიშნულ დასახლებებზე დამოკიდებულ შპს “სახლმმართველობას” პრობლემების მოსაგვარებლად სახსრები არ ჰყოფნის. ადგილობრივი ხელისუფლება კი პასუხისმგებლობას იხსნის. ამ ყველაფრის გამო კი, არა მხოლოდ დასახლების, არამედ რუსთაველისა და ცხრა აპრილის ქუჩების სრულიად უდანაშაულო მცხოვრებნიც ზარალდებიან.

ახალი ამბები