კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ჩვენ მივიღეთ უარესი სააკაშვილი, ვიდრე ის 7 ნოემბრამდე იყო”

13 ნოემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი, სუერ ბელასენი საქართველოს პირველად ეწვია. მისი ვიზიტი სამდღიან რეგიონულ სემინარს უკავშირდებოდა. თუმცა მან ასევე ოფიციალური სტუქტურების წარმოამდგენლებთან შეხვედრა და დევნილების მონახულებაც მოახერხა. HumanRights.ge-სთან ინტერვიუში ის საქართველოში არსებულ მდგომარეობას აფასებს.

- რამდენად აკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. რა ინფორმაციას ფლობთ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ?
 
- ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება ერთის მხრივ ომის, ხოლო მეორეს მხრივ, არსებული პრეზიდენტის დიქტატურის შორის იმყოფება. ეს რეჟიმი ქვეყანაში ადამიანის თავისუფლებას არღვევს. პირველ რიგში, 2007 წლის 7 ნოემბერს ვგულისხმობ. ყველა უფლებადამცველისთვის ეს შოკი იყო.

უფლებადამცველებისთვის 7 ნოემბრის აქცია იყო ნიშანი იმისა, თუ როგორ იცავს სამოქალაქო საზოგადოება თავის უფლებებს. ამ დემონსტრაციას მსხვერპლიც მოჰყვა. თუმცა, თავის შედეგი მაინც გამოიღო, რადგან სააკაშვილმა დროებით გადადგომაზე მიიღო გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება ძლიერია და მიზნის მიღწევა შეუძლია. მაგრამ პრობლემა იმაში იყო, რომ არ არსებობდა პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხის ამ ენერგიას გაუძღვებოდა. ასევე არ იყო საერთაშორისო საზოგადოების ნება, აშშ-ს დაინტერესებას ვგულისხმობ, რომ საბოლოო რეზულტატისთვის მიეღწიათ. ამიტომ ჩვენ მივიღეთ უარესი სააკაშვილი, ვიდრე ის 7 ნოემბრამდე იყო. სიტუაცია გაუარესდა.

უკანასკნელი 2008 წლის არჩევნები ყვლაზე მთავარ დარღვევად მიგვაჩნია. იყო კორუფცია, ზეწოლა დამოუკიდებელ დამკვირვებლებზე და ა.შ. ამ შემთხვევაშიც სამარცხვინოა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება ამ დარღვევებზე თვალებს ხუჭავს და ამბობს, რომ ამაზე უარესი არჩევნებიც არსებობს.

მნიშვნელოვან პრობლემებს ასევე მედიის შეზღუდვა წარმოადგენს, რომელიც მოვლენებს სათანადოდ ვერ აშუქებს. საგულისხმოა ასევე უფლებადამცველების დევნა, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნები არ იყო დამოუკიდებელი.

- იმყოფბოდით თუ არა თქვენი ორგანიზაცია აგვისტოს ომის დროს ან შემდგომ პერიოდში კონფლიქტის ზონაში? რა ინფორმაციას ფლობთ ამ ომის შესახებ? როგორ აფასებთ ამ მოვლენებს?

- ჩვენი ბიურო აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში უკვე დიდი ხანია გვაფრთხილებდა, რომ კონფლიქტი მწიფდება. ვფიქრობ, რომ საააკაშვილმა თავისი ქმედებებით ხელი შეუწყო რუსებს, რომ კონფლიქტი დაწყებულიყო, თუმცა რუსები ამ კონფლიქტისთვის თავადაც ემზადებოდნენ. ისინი მხოლოდ საბაბს ეძებდნენ, რომ საქართველოში შემოსულიყვნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონში რუსეთი იმპერიალისტად ბრუნდება.

ომის დაწყებისთანავე ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება და გავავრცელეთ პრესრელიზი, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ თანაგრძნობას გამოვხატავდით და ორივე მხარეს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოვუწოდებდით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის მსხვერპლია, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობაში იყო. ჩვენ ვიბრძვით უსამართლობის და უკანონობის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციას რუსეთში მოქმედ უფლედამცველ ორგანიზაციასთან „მემორიალთან“ ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. „მემორიალმა“ ძალიან საინტერესო მოხსენება გამოსცა. ეს საუკეთესო ორგანიზაციაა, რომელსაც შეგიძლია ენდო ამ საქმეში. ეს არის ჩვენი მუშაობის პრინციპი. ჩვენ ჰააგაში ოფისი გვაქვს, რომელიც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს პროკურორის ოფისთან. ჩვენ ერთმანეთს გავაცანით „მემორიალის“ და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელი. სურვილი გვაქვს, რომ ერთმანეთთან ითანამშრომლონ. „მემორიალი“ მთელი თავის ინფორმაციას მას მიაწოდებს. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ მსხვერპლთ სასამართლოსა და კომპენსაციის უფლება აქვთ.

- რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, თქვენ დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებული პუნქტებიც მოინახულეთ. როგორ შეაფასებთ მათ ყოფას?
 
- ჩვენ ვიყავით ყოფილ სამხედრო შენობაში. ისინი იქ ცხოვრობენ, სადაც ადრე რუსები იყვნენ განლაგებულნი. ეს ხომ ცინიზმია. მათი მდგომარეობა საკმაოდ დრამატულია. თან ზამთარი მოდის, იქ კი ძალიან ცივა. არ აქვთ საშხაპე. დერეფნები ჩაბნელებულია. ადამიანები, ძირითადად, კერძო პირების დახმარებით ცხოვრობენ.  როდესაც ჩვენ იმ შენობაში ვიმყოფებოდით, დახმარება აზერბაიჯანელ ბიზნესმენს ჰქონდა ჩამოტანილი. მითხრეს, რომ ქართული ხელისუფლება დევნილებისთვის სახლებს აშენებს. თუმცა მათ არავინ ეკითხება, უნდათ თუ არა ამ სახლებში ცხოვრება, არავინ ეკითხებათ სად უნდათ რომ წავიდნენ. ცხვრებივით ექცევიან.

- თქვენ ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებსაც ხვდებოდით. რა იყო თქვენი საუბრის ძირითადი თემა?

- ჩვენ ძალიან გვაწუხებს პოლიტპატმრების საკითხი. ამაზე სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ირინა ცინცაძეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსს, ნათია გვაზავას ვესაუბრეთ. საქართველოში ძნელია იმის დადგენა, ვინ არის პოლიტიკური პატიმარი.

ძალიან გვინდოდა პოლიტპატიმრების მონახულება ციხეში, მაგრამ მხოლოდ ოჯახის წევრების ნახვა შევძელით. ნორა კვიციანზე და მაია თოფურიაზე სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის წარმომადგენლს ვესაუბრე.  მან გვითხრა, რომ კარგ პირობებში იმყოფებიან. ასევე გვითხრეს, რომ სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის წარმომადგენლებს მხოლოდ პატიმართა ცხოვრების პირობებზე შეუძლიათ საუბარი. ხოლო რაც შეეხება, არის თუ არა საქმე „შეკერილი“, ამაზე ვერ ვილაპარაკებთო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დროს ნორა კვიციანის და მაია თოფურიას შესახებ ისევ ვილაპარაკე. იქ ასევე გვითხრეს, რომ პოლიტპატიმრების თემა მათ კომპეტენციაში არ შედის. ამით იუსტიციის სამინისტრო არისო დაკავებული. მაგრამ იუსტიციის სამინისტრომდე ჯერ არ მიგვიღწევია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ორივე უწყება გაერკვევა თავის საქმიანობაში, რადგან, ძირითადად, გვეუბნებოდნენ, რომ საქმის კურსში არ არიან.

ძალიან გვინდოდა უმაღლეს დონეზე უისტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა. თუმცა მათი თანხმობა აქამდე არ მიგვიღია. ბევრჯერ მივმართეთ საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, რათა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოგვეხერხებინა, მაგრამ მათგან არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი მიგვიღია. 

- სად და როგორ აპირებთ მიღებული ინფორმაციის გამოყენებას?

ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელსაც იმ შემთხვევაში ვამუშავებთ, როდესაც ადამიანს საფრთხე ემუქრება. ამისთვის როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ მექანიზმებს ვიყენებთ. ჩვენ რეგულარულად ვამზადებთ მოხსენებებს ევროპული საზოგადოებისთვის და გავაგრძელებთ ამ საქმეს.

ახალი ამბები