კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი რეგიონულ ჟურნალისტებს დაკავებით დაემუქრა

18 ნოემბერი, 2008

"ადამიანის უფლებთა ცენტრის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას: "შიდა ქართლის გუბერნატორის დავალებით ჟურნალისტებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში არ უშვებენ" (ავტორი: გელა მთივლიშვილი) სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ეხმაურება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, აგვისტოს მოვლენების შემდეგ სტრატეგიული ობიექტების დაცვა გამკაცრებულია. ამ მიზნით ადმინისტრაციულ შენობაში უსაფრთხოების მიზნით უცხო პირების შესვლა საშვის გარეშე იკრძალება. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საშვთა ბიუროს წესები ჟურნალისტებზე არ ვრცელდება. იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრებს საკუთარი თავი არ წარუდგენიათ, დაცვამ მათ საშვის აღება მოსთხოვა, რაც ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გააპროტესტა. ეს სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლებსა და შემოსულებს შორის შელაპარაკების მიზეზი გახდა.

დაცვის თანამშრომლები იმასაც აცხადებენ, რომ ჟურნალისტები შენობაში გამომწვევი რეპლიკებით შევიდნენ და საშვის გარეშე გავლა სურდათ. სამხარეო ადმინისტრაციის პრესცენტრის განცხადებით, სიცრუეა მთივლიშვილის ბრალდებაც, თითქოს ჟურნალისტებს გუბერნატორის დავალებით არ უშვებდნენ.

"მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მთივლიშვილი და თანმხლები გოგონები ჟურნალისტები იყვნენ და გორის გამგებელთან, დავით ხმიადაშვილთან უნდოდათ შეხვედრა, გამგეობის პრესსამსახურის მეშვეობით ეს შეხვედრა ოპერატიულად შედგა და ხმიადაშვილმა ჟურნალისტების ყველა შეკითხვას უპასუხა.

წინა დღით არც გუბერნატორს უთქვამს უარი რეგიონული ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. 13 ნოემბერს რეგიონში ლიტველ ბიზნესმეთა დელეგაცია იმყოფებოდა, ამიტომ შეხვედრა ამავე დღეს 15.30-ის ნაცვლად 11 საათზე შევთავაზეთ. მთივლიშვილმა დიდი მადლობა გადაგვიხადა და შეხვედრაზე უარი განაცხადა, მხოლოდ დევნილების პრობლემებს გავეცნობით და სოფლებში ჩავალთ, სიტუაციის ადგილზე ნახვის მიზნითო,” - აცხადებენ პრესსამსახურში.

ლადო ვარძელაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი: "სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები არა პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, არამედ პროვოცირებისთვის ჩამოვიდნენ ჩვენს რეგიონში. ამის თქმის საფუძველს მაძლევს დაცვასთან მომხდარი ინციდენტის ჩემთან დაკავშირება და ბრალდება მათი მხრიდან, თითქოს დაცვამ შენობაში ჩემი მითითებით არ შემოუშვა. ჩვენი მუშაობის პრინციპი საჯაროობა და გამჭვირვალობაა. ჟურნალისტებთან შეხვედრას არასდროს არ გავურბივართ. წინა დღით ჩემთან შეხვედრაზე მთივლიშვილმა თავად განაცხადა უარი და ამის შემდეგ ცილს მწამებს, თითქოს დაცვა ადგილობრივი ხელისუფლების მითითებით მათ შენობაში არ უშვებდა. დილიდან ბიზნესმენთა დელეგაციას ვმასპინძლობდი და იმ დროს შენობაში და მითუმეტეს ქალაქში არ ვიყავი”.

მთივლიშვილმა სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლებთან მომხდარი ინციდენტის თაობაზე ოპერატიულად შეატყობინა შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოს უფროსს ვლადიმერ ჯუღელს და რეაგირება მოსთხოვა. სამართალდამცავები რამდენიმე წუთში  გამოცხადდნენ ადმინისტრაციის შენობასთან და გამგებელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტები შსს-ს გორის სამმართველოში გადაიყვანეს, ახსნა - განმარტების ჩამოსართმევად.  მაგრამ მთივლიშვილმა პოლიციასაც, რომელსაც თავად შეატყობინა ინციდენტის თაობაზე, უნდობლობა გამოუცხადა, ახსნა-განმარტების ჩამორთმევასა და განცხადების დაწერაზე უარი განუცხადა და სამმართველოს შენობა დატოვა.

მიუხედავად ამისა პოლიციამ შეტყობინების საფუძველზე საქმე აღძრა და ძიებაც დაიწყო.

სამხარეო ადმინისტრაციის პრესცენტრის განცხადებას რეგიონული ჟურნალისტები პასუხობენ.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილია, რომ "რეგიონულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრებს საკუთარი თავი არ წარუდგენიათ, რის გამოც დაცვამ მათ საშვის აღება მოსთხოვა", რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მას შემდეგ, რაც დაცვის პოლიციის შეიარაღებულმა თანამშრომლებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეშვებაზე უარი გვითხრეს, განვაცხადეთ, რომ საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ჟურნალისტები ვიყავით და დევნილების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რეგიონის გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის მოუცლელობის გამო, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრა გვსურდა. ამასთან, დავინტერესდით, რის საფუძველზე გვთხოვდნენ შენობაში შესასვლელად სპეციალურ ნებართვას. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ჩვენი გინება და ყვირილი სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს. ერთ-ერთმა მათგანმა კი განაცხადა, რომ სამხარეო ადმინისტრაციამ მათ ჟურნალისტების თავიდან მოშორება დაავალა.

ამავე ინციდენტის შესახებ გაზეთ "ალიაში" (15 ნოემბრი) გამოქვეყნდა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ვოვა ჯუღელის კომენტარი: "ჟურნალისტი ძალიან უზრდელად მოგვექცა. მანდილოსან გამომძიებელს პასტა ესროლა, შეურაცხყოფები მიაყენა. როგორც ჩანს, პროვოკაცია უნდოდა. ყოველ შემთხვევაში, რომ დაინახა, რომ საქმეს მსვლელობას ვაძლევდით, გამომძიებელს, ფორმიან გოგონას ავტოკალამი ესროლა სახეში და გაიქცა".

გაზეთის კორესპონდენტის კითხვაზე, "ამ შემთხვევაში, შეიძლება თუ არა, თვითონ ჟურნალისტზე აღიძრას საქმე?", შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი პასუხობს: "არ გვსურს, უბრალოდ, გამწვავება".

ჯუღელის ამ კომენტარიდან კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ სამართალდამცავებს ინციდენტის ობიექტურად გამოძიება არ სურდათ, რაზედაც მათ ჩვენებების მისაცემად პოლიციის შენობაში მიყვანისთანავე გვანიშნეს. "დალურჯებები არ გაქვთ და გაუგებარია რას და რატომ დაობთ", - კითხულობდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. ჟურნალისტებმა პოლიციის შენობა, პროტესტის ნიშნად, სწორედ ცინიკური დამოკიდებულების გამო დავტოვეთ.

როგორც ჩანს, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვოვა ჯუღელი უკვე საკმის შეკერვით დაკავდა, რათა ჟურნალისტებზე ზეწოლა მოახდინოს. მისივე კომენტარის მიხედვით, ის ხულიგნობაში გვადანაშაულებს, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულია. ამ ფაქტთან დაკავშირებით,  რეგიონული ჟურნალისტები ვოვა ჯუღელს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რატომ ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს. პასუხად, ჯუღელი შიდა ქართლში განმეორებით ჩასვლის შემთხვევაში დაკავებით დაგვემუქრა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები