კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამცხე-ჯავახეთში ტყე ისევ იწვის

18 ნოემბერი, 2008

 გულო კოხოძე, ახალციხე

ახალციხეში ბოგის ტყეს ცეცხლი უკიდია. ცეცხლის კერა პირველად 6 ნოემბერს გაჩნდა და ე.წ. ჩამქრალი ხანძარი სამ ჰექტარ ფართობზე გავრცელდა.

"პირველ დღეს თითქოს ჩაქრა, მაგრამ მერე ქარმა ისევ გააღვივა ცეცხლი. მიუვალი ადგილია, სახანძრო მანქანა ვერ მიუდგება. ამიტომ ცეცხლის ჩაქრობას ნიჩბებით ვცდილობთ", - ამბობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სატყეო-სამმართველოს უფროსი მალხაზ გიქოშვილი.

ფოთლოვანი ტყის ნაწილიში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. წიწვოვანი ტყე კი ისევ იწვის.

მანამდე, 3 ნოემბერს ხანძარი ადიგენში, 10-ში კი ვალეში იყო. მალხაზ გიქოშვილის განცხადებით, ადიგენში ცეცხლი ნახანძრალ ტყეს, ხოლო ვალეში  საზაფხულო საძოვრებს მოედო. ხანძარი ამ შემთხვევებშიც მიუვალ ადგილებში გავრცელდა.

ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ხანძრის შემთხვევები უკანონო ჭრების კვალის დაფარვის მიზნით გახშირდა.

"ამ ქვეყანაში ყველაფერი და მათ შორის ბუნებაც პირად ინეტერესებს ეწირება. გაჩეხეს მთელი ტყე და მისცეს ცეცხლი! აბა, ამ სიცივეში ხანძარი მაღალმა სიცხემ გააჩინა თუ ,,მალინაზე“ წასულს დარჩა კოცონი ანთებული?" - კითხულობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის მკვიდრი ბადრი მერაბიშვილი.

ხანძრის გაჩენას უკანონო ჭრებს უკავშირებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგის მცხოვრებლებიც.

"მთელი ღამე მანქანები დაროხინობენ, გასაყიდად გააქვთ ხეები. მერე იმ გაჩეხილ ადგილს ცეცხლს უკიდებენ. აბა, თუ "გედებმა" დაიჭირეს, ჯარიმის გადასახდელად გაყიდული ხე-ტყეც არ ეყოფათ. რა ქნას ხალხმა, რითი ირჩინოს ამ მართლა დასაწვავ სოფელში თავი?!" - ვინაობას არ გვიმხელს ბოგის მკვიდრი 46 წლის ქალბატონი.   

მალხაზ გიქოშვილი უკანონო ჭრების კვალის დაფარვის მიზნით ხანძრის გაჩენის ალბათობას გამორიცხავს: "ბოგის ტყე იმდენად მიუვალი ადგილია, იქ ხეს ვერაფრით მოჭრი. ადიგენში ნახანძრალი დაიწვა, ვალეში კი ძირითადად ხმელ თივას ეკიდა ცეცხლი, ხანძარი მხოლოდ რამდენიმე ხეს გადაედო".

მისი თქმით, ხანძარი სამივე შემთხვევაში დაუდევრობის გამო გაჩნდა, სავარაუდოდ, ანთებული კოცონის გამო.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სატყეო-სამმართველოს მონაცემებით, 2008 წლის იანვრიდან დღემდე სვირის სარეინჯეროში უკანონოდ 183,65 კუბური მეტრი ხე მოიჭრა, გარემოზე მიყენებული ზარალის ოდენობა 3 132 ლარს შეადგენს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, www.humanrights.ge შეეცადა, გარემოს დაცვის ინსპექციის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსს ვერიკო აღლემაშვილს დაკავშირებოდა, თუმცა უშედეგოდ. მან სასაუბროდ დრო ვერ გამონახა. შესაბამისად, მთელი რიგი კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.

ახალი ამბები