კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პერევში რუსულ პასპორტებს არიგებენ

19 ნოემბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

პერევში ვითარება შეიცვალა. ზემო იმერეთის სოფლიდან ოსები გავიდნენ. თუმცა, ადგილზე რჩებიან რუსი სამხედროები, რომლებიც ოსეთის მოსაზღვრე სოფელს სრულიად აკონტროლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, პერევში რუსებმა რუსული პასპორტების დარიგება დაიწყეს.

„რუსული პასპორტი რამდენიმე ადამიანმა უკვე აიღო. ბიძაჩემთან მუშაობს ერთი კაცი, რომელიც უკვე რუსულ პასპორტს ფლობს. ზუსტად ვიცი, რომ ეს ამბავი ნამდვილია. უჩვენებია კიდეც ერთ-ერთი თანამშრომლისთვის. ბიძაჩემმა თქვა, ეს კაცი უკვე ორი კვირაა, სამსახურში აღარ გამოჩენილა, არადა, სამსახურის გაცდენა არ უყვარდაო. იგი სავარაუდოდ, უკვე ოსეთის საზღვარზეა გადასული და იქ მუშაობს“, - ამბობს საჩხერის მკვიდრი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, პერევის მოსაზღვრე ოსურ სოფლებში მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს, რომელსაც რუსები ზედამხედველობენ. შესაბამისად, გასამრჯელოსაც რუსები გასცემენ. ამბობენ, რომ ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ პერევის რამდენიმე მკვიდრი, რომელიც რუსულ პასპორტს ფლობს, უკვე ოსეთში მიმდინარე მშენებლობაზეა დასაქმებული.

პერევში რუსული პასპორტების დარიგების ფაქტს უარყოფს საჩხერის რაიონის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე. მისი განმარტებით: „რუსული პასპორტი არავის აუღია, თუმცა, საერთო ჯამში ვითარება კვლავ მძიმეა. რუსები ისევ მკაცრად აკონტროლებენ სოფელში შესვლა-გამოსვლას. შესაბამისად, ქართველ სამართალდამცავებს პატრულირების საშუალება არ ეძლევათ. რაც შეეხება ოსებს, ისინი პერევში აღარ დგანან.“

ადგილობრივი მოსახლეობა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პერევის მოსახლეობა სახლ-კარს უბრუნდება. 

„პერევში არავინ დაბრუნებულა. ადამიანი იმ გადაწყვეტილებამდე რომ მივა, სახლი დატოვოს და სამშვიდობოს წავიდეს, შინ მანამდე არ დაბრუნდება, სანამ მშვიდად ყოფნის გარანტია არ ექნება. ტყუილია, თითქოს აქ მცხოვრებნი სახლ-კარს უბრუნდებიან. სოფელში ვითარება არ შეცვლილა. მართალია, ოსებმა ტერიტორია დატოვეს და ახლა აქ მხოლოდ რუსები რჩებიან, მაგრამ დაძაბულობა მაინც იგრძნობა. ხალხი თავს დაუცველად გრძნობს. ყოველ წუთში გვაქვს მოლოდინი, რომ ვითარება უფრო დაიძაბება. ბავშვები და მოხუცები გახიზნული გვყავს“, - ამბობენ ადგილობრივები.

დაძაბული ვითარების ფონზე, პერევში საკვები პროდუქტების დეფიციტიცაა. მოსახლეობას, რომელიც სოფლიდან გასვლას და მერე უკან დაბრუნებას დიდი წინააღმდეგობის შემდეგ ძლივს ახერხებს, საკვების მარაგი თითქმის ამოეწურა. 

ახალი ამბები