კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,რომ ყოფილიყო საქართველოში დემოკრატია, სააკაშვილი ომს დაიწყებდა...?"

20 ნოემბერი, 2008

 ანგარიშვალდებულების ქართველი ლიდერები ლონდონში

საბა წიწიკაშვილი ლონდონიდან

,,...რომ გქონოდათ დემოკრატია საქართველოში, სააკაშვილი ომს დაიწყებდა?" - გვკითხა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა პალატის წევრმა, უილიამ ვოლასმა საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში ,,Chatham House" -ში შეხვედრის დროს. ეს კითხვა ჩვენთვის საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.  „Chatham House" -ში ქართველ ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ის ხალხი შეგვხვდა, რომლებსაც ქართულ-რუსული კონფლიქტი დეტალურად აინტერესებს და ჩვენებურ ამბებს გვკეკითხებოდა.

ლონდონში ქართულ-ბრიტანული ორგანიზაცია ,,UGPN"-ის  და ბრიტანული ორგანიზაცია ,,ADAM SMITH INTERNATIONAL"-პროექტის, ანგარიშვალდებულების ლიდერები" ფარგლებში 5 ქართველი ჟურნალისტი წაგვიყვანეს. სწორედ ხუთმა ქართველმა ,,ლიდერმა“ საქართველოში არსებული ვითარება გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის, მედია-ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გავაცანით.

პირველი შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში „Chatham House“-ში მოეწყო. აქ  საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მოხსენება ქართულ-ბრიტანული ორგანიზაცია „UGPN"-ის დამფუძნებელმა ნიკოლოზ ლოლაძემ გააკეთა. საქართველოში არსებული მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, საარჩევნო სისტემის, პოლიტიკური ტერორის პრობლემების არსებობა იყო მოხსნების ძირითადი შინაარსი.

მოხსენების შემდეგ საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ინგლისელმა წარმომადგენლებმა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,ბიბისის" ფილმი გაიხსენეს. სხვათა შორის, აღმოვაჩინეთ, რომ აღნიშნული ფილმი, რომელსაც ყველა რატომღაც „ფილმს რუსეთზე“ უწოდებდა, აბსოლუტურ უმრავლესობას ნანახი ჰქონდა.

„როგორ აპირებს თქვენი ქვეყანა აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას...რა იყო ის რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ მიიღეთ და ასევე რა იყო ის რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ დაკარგეთ?“ - კითხლობდნენ სტუმრები. სტუმრებს შორის ბრიტანული გავლენიანი გაზეთ „გარდიანის“ და ასევე „ბიბისის“ ჟურნალისტებიც იყვნენ.

ბრიტანელების დიდი ინტერესი ქართულ-რუსული ომის დეტალებს არ სცილდებოდა. ლორდმა უილიამ უოლასმა გვკითხა: „კარგით დავუშვათ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიაა და თავი დავანებოთ იმ ფაქტს, რომ თქვენს პრეზიდენტს ბევრი „არაადეკვატურს“ უწოდებს (აქ ბრიტანელებმა საკმაოდ უხეში სიტყვა “stupid” გამოიყენეს - ავტ), დაიწყებდა თუ არა ომს სააკაშვილი?" - იყო მოჭრილი კითხვა.

„თუ ქვეყანაში იქნება თავისუფლება მედია, დამოუკიდებელი სასამართლო, ნორმალური საარჩევნო კანონით არჩეული ხალხის ხელისუფლება, მაშინ მაღალი იქნება ხელისუფლების ანგარიშვალდებულება ხალხის მიმართ. ასეთი ხელისუფლება კი არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც საზოგადოებას და მთელ ქვეყანას კრიზისულ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდებს", - მიიღეს პასუხი ბრიტანელებმა.

ჩემთვის და ნინო ზურიაშვილისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგა ბრიტანული ორგანიზაცია ,,ARTICL 19"-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ამ ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2003 წელს გადაცემა ,,60 წუთის" ჟურნალისტის ნინო ზურიაშვილის დასაცავად მწვავე განცხადებები გააკეთა. მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორი ამ ორგანიზაციამ მაშინაც დაგმო. „ARTICL 19"-ის წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს, რომ ისინი  2006 წლიდან საქართველოში არსებული მედიის მდგომარეობით აღარ ინტერესდებიან.

„ჩვენ მაშინ აქტიური თანამშრომლობა გვქონდა თავისუფლების ინტიტუტთან, თუმცა ისინი შემდეგში ხელისუფლებაში მოვიდნენ. გარდა ამისა, ჩვენი ძალისხმევით ქართულ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, მიიღეს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონი, ასევე შექმნეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენ მაშინ მივიჩნიეთ, რომ ხელისუფლება დემოკრატიის განვითარებისთვის ნაბიჯებს დგამს და ამდენად ჩვენი მოღვაწეობა საქართველოში შევაჩერეთ" - გვითხრა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

„ჩვენ გვინდა რომ ის ურთიერთობა აღვადგინოთ, რომელიც არსებობდა ქართველ ჟურნალისტებსა და თქვენს ორგანიზაციას შორის. აგერ ორი ადამიანი ვართ, მე და საბა, რომლებსაც ჩვენს კისერზე გამოგვიცდია თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ცოტა ყურადღება მოგვაქციეთ. საქართველოში არსებობს ერთი ტელევიზია „რუსთავი 2", რომელიც პირდაპირ ხელისუფლების კონტროლირებადია და სწორედ ამის გამო შეაჩერეს გადაცემა „60 წუთი“, სადაც ვმუშაობდი. დანარჩენი ტელევიზიები არიან ფსევდო -„რუსთავი 1“, „რუსთავი 2“ და „რუსთავი 3“... ერთადერთი თავისუფლება ტელეკომპანია ,,კავკასიაზეა", რომელიც თავისი მასშტაბით მცირე დიაპაზონს მოიცავს. ბოლო ხანებში სტუდია „მაესტრომ" ლიცენზია მოიპოვა. ახლა სწორედ სტუდია „მაესტროს" სჭირდება დახმარება, რომ მან ლიცენზია მთელ საქართველოში მაუწყებლობის უფლების შესახებ მოიპოვოს", - უთხრა მათ ნინო ზურიაშვილმა.

დანარჩენი შეხვედრები ოფიციალურ წარმომადგენლებთან - გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში გვქონდა. საქართველოში არსებულ ვითარებაზე მათ დეტალურად მოვუყევით. როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობა ვინც ჩვენ შეგვხვდა საქართველოში ნამყოფი იყო, ძირითადად ომის პერიოდში. მომდევნო დღეს ბიბისის ტელევიზიაში სწორედ იმ ადამიანს შევხვდით, რომლის სტუდიაში მომზადდა „ფილმი რუსეთზე“... აღნიშნულ ფილმში საქართველოს ხელისუფლება არაადეკვატურ ქმედებაში და ომის თავიდან არაცილებაში დაადანაშაულეს.

ერთი სიტყვით, ქართველი „ანგარიშვალდებულების ლიდერები" ლონდონიდან ახალი გეგმებით დავბრუნდით. სტაჟირება ლონდონის შიდა აუდიტის (ჩვენებური კონტროლის პალატა) ოფისში, ფინანსთა სამინისტროში, ბიუჯეტის მონიტორინგის განმხორციელებელ ორგანიზაციებში, ადამ სმიტის ინსტიტუტში, გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ რედაქციაში გავიარეთ.

საქართველოში დაბრუნებისას აეროპორტში ჟენევაში მიმავალი ქართველი პოლიტიკოსები და თითქმის ყველა არხის ცნობილი ტელეჟურნალისტი დავინახე. ჩემთვის გავიფიქრე, ნახე რამდენ თანხას ხარჯავს ხელისუფლება ,,რუსთავი1",,, რუსთავი 2", ,,რუსთავი 3" და ,,აჭარა"-ს ჟურნალისტების საზღვარგარეთულ ვოიაჟებისთვის-მეთქი.

მეორე დღეს ყველა საინფორმაციო საშუალებამ ერთი და იგივე ტექსტით დაიწყო - ,,ჟენევაში ქართველებმა აქცია მოაწყეს"...  თუკი ყველა ტელევიზია ერთი და იგივე ინფორმაციას მიაწვდის ხალხს, მაშინ რაღა საჭიროა პირველი არხის, რუსთავი 2, იმედის და აჭარის ტელევიზიების ჟურნალისტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათასობით ლარის გამოყოფა იმისათვის, რომ მათ სამთავრობო ვოიაჟებში მონაწილეობა მიიღონ. ლონდონის აუდიტის პალატა ამაზე დასკვნას დაუდებდა პრემიერ გორდონ ბრაუნს, რომ იგი ბიუჯეტის ფულს არამიზნობრივად და არაეფექტურად ხარჯავს, - გავიფიქრე ჩემთვის.

ახალი ამბები