კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვის უფრო სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა-უმწეოებს თუ პოლიციას?!

21 ნოემბერი, 2008

ნანა ფაჟავა,ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში არსებული ხარვეზები შესაძლოა გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნება-სურვილს პოლიტიკური ნებაც მოჰყვება. ეს უკანასკნელი კი პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რომელმაც პოლიტიკური ხელშეუხებლობის გარანტია ქობალიების „პოლიტიკურ ოჯახს“ დიდი ხნის წინ მისცა. რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს შორის არსებულ ფარულ დაპირისპირებას, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველი ადამიანები ეწირებიან, რომელთა დაცვისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყველაზე მცირე თანხებია გამოყოფილი.

პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ალბათ ისიც, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთადერთი სამსახური, რომელსაც ყველაზე გრძელი სახელწოდება - „გამგეობის შრომითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური“ აქვს, სხვა შენობაშია განთავსებული. ბუნებრივია, ასეთ სამსახურს ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი აკითხავს და გამგეობის შენობაში ამ რაოდენობით ხალხის გამოჩენა არავის სურს.

ოთხსართულიანი შენობის მესამე სართულზე კი სოციალური დახმარების მიღების მოთხოვნით მისული უმწეო ადამიანების გრძელი რიგი დგას. მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურიდან ერთჯერადი დახმარების მიღებას ასეულობით ადამიანი ელოდება.

ჟუჟუნა მაქაცარია: „განთიადიდან დევნილი ვარ. დევნილის დახმარებიდან სოციალურად უმწეოს სტატუსზე გადავედი. 66 ლარს ვიღებდი და 14 ლარით მეტი ჩემი ოჯახისთვის ბევრს ნიშნავდა. ახლა, როცა დევნილის დახმარებამ მოიმატა, ისევ ამ სტატუსს დავუბრუნდი. სოციალური სამსახურიდან ერთჯერად დახმარებას - 50 ლარს ვითხოვ, მაისის თვიდან დავდივარ, მაგრამ არ მაძლევენ. მეუბნებიან, გაუგებრობაა, გაცემა შეჩერებულიაო.“

ვენერა ჯიქია: „ჭაქვინჯში ვცხოვრობთ, მრავალშვილიანი ოჯახი ვართ, ოთხი შვილიშვილი მყავს. მეოთხე შვილის გაჩენასთან დაკავშირებით 100 ლარი გეკუთვნითო, მაგრამ მეუბნებიან თანხა არ არის და ვერ გავცემთო.“

ლალი თორია: „79 წლის პენსიონერი ვარ, ხახვზე და პურზე ვართ მე და ჩემი ავადმყოფი ქალიშვილი, რომელსაც გულზე ოპერაცია სჭირდება. შიმშილიც ძნელი ასატანია, მაგრამ უშუქობაც არანაკლები. 3 თვის წინ დავალიანების გამო დენი გაგვითიშეს. ვაუჩერი მქონდა, მაგრამ ვიღაცამ მიითვისა და 114 ლარიანი ქვითარი მომივიდა. ამ მთავრობისგან ერთჯერად დახმარებას ვითხოვ მხოლოდ. 50 ლარს რომ შევიტან, შუქს ჩამირთავენ, დანარჩენს ნელ-ნელა გადავიხდი. სექტემბრის თვიდან ვაკითხავ და არ მაძლევენ. აქ დავჯდები გამგეობის წინ და ფეხს არ მოვიცვლი სანამ არ მომცემენ.“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 26 თებერვლის დადგენილებით, 2008 წლის ბიუჯეტში სოციალური დაცვა 380 500 ლარით დაფინანსდა. აქედან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვისათვის 20 000 ლარი გამოიყო. ეს თანხა ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახმად, 40 000-მდე გაიზარდა, მაგრამ ყველაზე მეტი მოთხოვნა ამ კატეგორიაზე გაჩნდა. სწორედ ამიტომაც, თანხების უქონლობის გამო, აპრილის თვიდან ერთჯერადი დახმარების გაცემა შეჩერდა. როგორც სოციალურ სამსახურში განმარტავენ, თაროზე ასეულ-ათასობით განცხადება დევს, მაგრამ სახსრები ამ დრომდე ვერ გამოინახა.

ბიუჯეტის ერთ-ერთი პუნქტი ომის ვეტერანთა სოციალურ დაცვასაც ითვალისწინებს და 20 000 ლარია გამოყოფილი, თუმცა მუნიციპალიტეტის სოციალურ სამსახურში გაკეთებული განმარტებებიდან ირკვევა, რომ თანხები მხოლოდ ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯებს ხმარდება. არადა 250 ლარიან დახმარებას უკვე თითზე ჩამოსათვლელი ვეტერანი გარდაცვალებამდე რომ იღებდეს, სიცოცხლეს რამდენიმე თვით მაინც გაიხანგრძლივებდნენ.

ზუგდიდიში მოქმედ ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეაში“ განმარტავენ, რომ 40 ათასი ლარის ეფექტურად განაწილება 5 ათას ინვალიდზე შეუძლებელია.

ნონა ქობალია, „დეას“ წარმომადგენელი: „ბევრი ადამიანი დარჩა დახმარების გარეშე, იმაზე მეტი აღმოჩნდა უმწეო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მუნიციპალიტეტმა გარკვეული თანხა გამოყო, მაგრამ მწირი ბიუჯეტიდან რა უნდა მიეღოთ. 50 ლარი იმდენად მიზერულია, რომ ელემენტარული პრობლემის მოგვარებაც არ შეიძლება. ამ შემთხვევაში აუცილებელია კრიტერიუმების განსაზღვრა. ჩვენ ვარჩევდით, რომ მუნიციპალიტეტში შექმნილიყო სოციალური სერვისი ან სარეაბილიტაციო ცენტრი. ამით გაცილებით ბევრი ადამიანი მიიღებდა სარგებელს. პროგრამული სახე თუ ექნება ბიუჯეტს, უფრო ეფექტურად იქნება გამოყენებული ნებისმიერი თანხა.“

ჯანდაცვისა და სოციალური სფერო კი მხოლოდ 103,1 ათასი ლარით ფინანსდება. მათი წილი ბიუჯეტის ხარჯების მხოლოდ 4%-ს შეადგენს. ასეთი მწირი დაფინანსება მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს, მაგრამ ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება ცენტრალური ხელისუფლების ექსკლუზიურ უფლებამოსილებასაც განეკუთვნება და „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის“ სამინისტროს მიერ უნდა ხორციელდებოდეს.

ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს დაფინანსების გაზრდისათვის არა, მაგრამ საკუთარი თანამშრომლების ხელფასების გაზრდაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ უკვე იზრუნა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, სწორედ 50%-ით გაზრდილი სახელფასო დანამატები გახდა საკრებულოს სხდომაზე გამგებლის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ერთ-ერთი მიზეზი. თუმცა ქობალიას უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გაჩუმება საკრებულოს წევრებს „ზევიდან“ კიდევ ერთხელ ურჩიეს.

ბიუჯეტის არამიზნობრივი და არაეფექტური ხარჯვის მიზეზია ისიც, რომ შსს ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსება ადგილობრივი სახსრებიდან ხდება. თუ სოციალური სფეროსათვის მთლიანად 380 500 ლარია გამოყოფილი, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის 714 500 ლარი გაიწერა. აქედან, 110 000 ლარი სამხარეო პოლიციის აპარატს ხმარდება. საპატრულო პოლიციას შედარებით „მოკრძალებული“ - 6 500 ლარი, ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს 70 000 ლარი გამოეყო.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მოთხოვნის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სამხარეო პოლიციას მის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის საფასური - 40 000 ლარი სწორედ ბიუჯეტიდან გადაერიცხა. დანარჩენი კი კომუნალურ და საოფისე ხარჯებს მოხმარდა.

შსს კონსტიტუციური უასაფრთხოების დეპარტამენტს ამ დრომდე 58 900 ლარი გაუხარჯავს. საოფისე ავეჯის, კომუნალური მომსახურეობისა და ტრანსპორტის საწვავის შეძენაზე ამ შემთხვევაშიც მუნიციპალიტეტის გამგეობამ იზრუნა და 31 100 ლარი გამოყო. 27 800 ლარით კი „კუდ“-მა „სედანის“ ტიპის ავტომანქანა შეიძინა, რომლითაც მისი უფროსი კახა ლატარია სარგებლობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 5 600 ლარით საპატრულო პოლიციას მხოლოდ სატელეფონო მომსახურების ხარჯები დაუფარავს. სამაგიეროდ საპატრულო სამსახურს სოლიდური საჩუქარი_ეკიპაჟისათვის განკუთვნილი 7 ავტომანქანა  გუბერნატორ გოროზიას უშუალო მითითებით ფოთის ბიუჯეტიდან მიუღია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ფოთის მერიისგან სამხარეო პოლიციისა და საპატრულო სამსახურის ფინანსური უზრუნველყოფისათვის 182 000 ლარის გამოყოფის თაობაზე ზაზა გოროზიამ ქალაქის მერს ოფიციალური წერილით ცოტა ხნის წინაც მიმართა. გუბერნატორის სახელს კიდევ ერთი ავტომანქანა უკავშირდება -„ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანა, რომლის შესაძენად საჭირო თანხის, 55 000 ლარის გამოყოფა გოროზიამ ერთ-ერთი თანამდებობის პირს მუქარის გზით აიძულა. ამ საკითხებთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოკვლევას განაგრძობს.

ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეა“, რომელიც ახორციელებს პროექტს „საზოგადოება და ბიუჯეტის პროექტის მონიტორინგი,“ დეტალურად აღწერს ბიუჯეტთან დაკავშირებულ იმ ვითარებას, რომელიც მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. „დეას“ ხელმძღვანელის მადონა ხარებავას განცხადებით, 2008 წლის I კვარტლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მონიტორინგისას გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსწორების გარეშე, ადგილობრივი საფინანსო სისტემა გამართულად ვერ იფუნქციონირებს.

მადონა ხარებავა: „ბიუჯეტში არსებული ხარვეზების უმრავლესობა უფრო ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკითაა გამოწვეული, ვიდრე ადგილობრივი თვითმართველობის ხელისუფლების. კერძოდ: 1. დელეგირებული უფლებამოსილების გადაცემის დროს თვითმმართველ ერთეულებს აუცილებელი წესით უნდა მიეცეთ მათ დასაფინანსებლად საჭირო ფინანსური სახსრები, ვინაიდან საკუთარი მწირი რესურსების პირობებში მათ არ შეუძლიათ დააფინანსონ ეს უფლებამოსილებები. მეტიც, მათი საკუთარი შემოსავლები იმდენად მწირია, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილებების დასაფინანსებლადაც არ არის საკმარისი. 2. უნდა შემცირდეს ცენტრალური ხელისუფლების ჩარევა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, ვინაიდან თვითმმართველობისათვის მათ მიერ დავალებების გაცემა ბიუჯეტიდან, ხშირ შემთხვევაში, არამიზნობრივ ხარჯვას განაპირობებს.“

ასოციაცია „დეაში“ კიდევ ერთ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც სახელმწიფო სახსრების განკარგვისადმი მოქალაქეთა და მედიასაშუალებების პასიურობას უკავშირდება. დასავლეთ საქართველოს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, გაზეთ „კოლხური ვერსიის“ რედაქტორი ნანა ფირცხალავა მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის მონიტორინგის თემის დაბალი რეიტინგი განპირობებულია არა მოსახლეობის ნაკლები ინტერესით, არამედ ჟურნალისტების პროფესიული მოუმზადებლობით ამ თემის ღრმად და საინტერესოდ გაშუქებისათვის.

ნანა ფირცხალავა: „მუნიციპალიტეტის საკრებულო თავად უნდა იყოს დაინტერესებული დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტების მიწვევით ბიუჯეტის ფორმირებისა და შესრულების საკითხებისადმი მიძღვნილ სხდომებზე, რათა ეს ყოველივე მიუკერძოებლად იქნას გაშუქებული და საზოგადოებისთვის მიწოდებული, მაგრამ, როცა პირველადი ინფორმაცია ბიუჯეტის დაგეგმვაზე, შესრულებაზე ფაქტობრივად დახშულია იმ მხრივ, რომ სხდომის მოწვევის თარიღი მედიისათვის და, მით უფრო ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი ხდება პოსტ-ფაქტუმ, ინფორმაცია ბიუჯეტზე და კონკრეტულად ის, თუ როგორ განსაზღვრავს საკრებულო საბიუჯეტო პრიორიტეტებს, მედიისთვისა და საზოგადოებისთვისაც მიუწვდომელი რჩება. ეს კი ბადებს ეჭვს, რომ ყველაფერი კანონის დაცვით არ ხორციელდება“

ახალი ამბები