კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლ ნუგზარ სულაშვილს ტრეფიკერობაში ადანაშაულებენ

25 ნოემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

ნუგზარ სულაშვილს, რომელმაც  ოთხი წლის წინ  საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა ლტოლვილის სტატუსი დღემდე არ მიუღია. სულაშვილი საქართველოში იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი იყო, რომელიც ტრეფიკინგს ებრძოდა. საფრანგეთი ამ სტატუს უარს უცნობ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ ანიჭებს. ამ ინფორმაციის საფუძველზე, ნუგზარ სულაშვილი ტრეფიკინგში თავად იყო ჩაბმული. სულაშვილი ინფომაციის წყაროს დასახელებას, საკითხის გარკვევასა და მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.

humanrights.ge სულაშვილს საფრანგეთში დაუკავშირდა.

-ბატონო ნუგზარ მოგვიყევით საქართველოში თქვენი საქმიანობის შესახებ.

- „მიგრანტთა და უცხოელ მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო ცენტრი“ ტრეფიკინგზე  2000 წლიდან მუშაობდა. ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც საქართველოში ამ პრობლემაზე არც საუბრობენ. 2002 წლიდან ორგანიზაცია  ტრეფიკინგის მსოფლიო კოალიციაში გაერთიანდა.  ჩვენ მაშინ ხმაურიანი განცხადებებით გამოვედით. ვამბობდით, რომ ტრეფიკინგი საქართველოში საკმაოდ გავრცელებული  კრიმინალური ქმედებაა, რომელშიც მონაწილეობას მაღალი თანამდებობის პირები იღებდნენ. ამას მნიშვნელოვან მასალებზე დაყრდნობით ვაცხადებდით, კვლევა გვქონდა ჩატარებული.  განცხადებას მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა. ოფიციალური სტრუქტურები ჩემს მიმართ სისხლის სამართალის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. მე, ჩემის მხრივ, დეპუტატებთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადავეცი და გამოძიება მოვითხოვე.

ამ საკითხს ამერიკის შეერთებულმა შტატები და მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაცია გამოეხმაურნენ. მათ განაცხადეს, რომ თავადაც ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელისუფლების და პარლამენტის წევრები უკანონო მიგრაციას უწყობდნენ ხელს.

2001 წლის 2 იანვარს მე და ჩემი ოჯახის წევრები სხვა ქალაქში გადავედით, რადგან ინფორმაცია გვქონდა, რომ ჩვენს ოფისზე თავდასხმას აპირებდნენ. საბუთების გადამალვაც გადავწყვიტე. ამ ინფორმაციამ გაჟონა და როცა რუსთავის გზატკეცილზე მივდიოდით, დაგვაყაჩღეს. დოკუმენტაციის დიდი ნაწილი განადგურდა, თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა. ჩვენ არა მხოლოდ დოკუმენტაციას, არამედ იმ დაზარალებულების მონათხრობსაც ვეყრდნობოდით, რომლებიც ჩვენს ოფისში რეაბილიტაციას გადიოდნენ. ამიტომ დაწვრილებით ვიცოდით, რა გზებით ხდებოდა ამ ადამიანების ტრეფიკინგი. ყველა მათგანი იყო მოწმე იმისა, რომ ამ დანაშაულში მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.

-რა ბედი ეწია ამ დოკუმენტებს?

- ეს დოკუმენტაცია როგორც უშიშროების კომიტეტს, ასევე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, როლანდ გილიგაშვილს გადავეცით. მოგვიანებით, გილიგაშვილი ჩემს დაპატიმრებას მოითხოვდა. მე  თანახმაც ვიყავი, ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო, რადგან სასამართლო პროცესზე ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტებით სიმართლეს დავამტკიცებდი. მაგრამ მოგვიანებით ჩემი დაპატიმრებისგან თავი შეიკავეს, ალბათ არ სურდათ ამ საკითხის მეტად გახმაურება.

გარდა ამისა, ორგანიზაციამ  2001-2002 წლებს ანგარიში მოამზადა. გამოქვეყნებამდე ეს ინფორმაცია პარლამენტს გადაეცა, მაგრამ პარლამენტის საპროცესო კომიტეტიდან ანგარიში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ვინ და რატომ დაკარგა, დღემდე გაურკვეველია.

- არის ინფორმაცია, რომ თქვენს ოჯახზე ზეწოლა იყო.

- 2002 წლის 15 ივლისს ჩემს ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. მიზეზი ისევ დოკუმენტაციების გატაცება იყო. პოლიციამ ერთ-ერთი თავდამსხმელი დააკავა, თუმცა მისი პიროვნება გაასაიდუმლოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის პოლიციის თანამშრომელი იყო.

ამის შემდეგ აშშ-ში გავემგზავრე, სადაც ჩვენ და კოალიციამ ტრეფიკინგთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცელი მასალა მოვიპოვეთ. გვქონდა ჩანაწერები, სადაც ქართველი მანდილოსნები საუბრობდნენ, თუ როგორ ხდებოდა მათი ტრეფიკინგში ჩაბმა. როდესაც ჩამოვედი, უშიშროების კომიტეტის  სპეცსამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტშივე დამაპატიმრეს. ამას მძიმე შედეგი მოჰყვა, რადგან დაზარალებული ქალბატონების ოჯახების წევრებზე ზეწოლა დაიწყო. მოგვიანებით, ამ ადამიანებმა გვთხოვეს, ამ თემაზე აღარ გვესაუბრა. ამ პერიოდში საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა, ეს თემა კვლავაც ტაბუდადებული დარჩენილიყო. მაშინ შევარდნაძეს ღია წერილით მივმართე და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირების თანამდებობიდან გათავისუფლება, მათი პასუხისგებაში მიცემა მოვითხოვე. ეს წერილი უპასუხოდ დარჩა. ჩემი აყვანა წერილის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე მოხდა, დაიწყო ყოველდღიური სირბილი , პროკურატურაში, დაკითხვები, მუქარები...

2003-2004 წლებში საქართველოში პოლიტიკური ვითარება ძალიან დაიძაბა, განუკითხაობა იყო. სწორედ ამ დროს ტელეკომპანია „მზის“ ეთერში ჟურნალისტური გამოძიებები გავიდა, რომლიც პირველწყაროც მე ვიყავი. გამოძიებაში ნაჩვენები იყო, რომ ტრეფიკინგით დაკავებულ კლანებს თანამდებობის პირები მფარველობდნენ.

საუბარი იყო 14 წლის გოგონაზე, რომელიც გურჯაანიდან გაიტაცეს.  გოგონას დედამ გურჯანის პოლიციას მიმართა. პოლიცია მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ფლობდა, მან გოგონას დაბრუნებისთვის ფული მოითხოვა.  პოლიციის უფროსი როლანდ გილიგაშვილის ძმა იყო. საბოლოოდ მშობლებმა ვერ მოახერხეს ამ თანხის შეგროვება და ბავშვი დღემდე დაკარგულია.

ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრს საგამოძიებო განყოფილების თანმაშრომლებიც იყვნენ გარეულები. გოგონას დასაბრუნებლად გარკვეულ საზღაურს ისინიც ითხოვდნენ.

ჩვენ შსს-დან კვინტრაძეების  კლანის ერთ-ერთი წევრის ვაჟის დაკითხვის ოქმები მოვიპოვეთ. ამ ბიჭის მონათხრობით, 14 წლის გოგონა სახლში ნარკოტიკებით გაბრუებული მიიყვანეს და ის იქ მამამისმა გააუპატიურა. ის ყვებოდა იმასაც თუ როგორ ეხვეწებოდა მშობელს, ბავშვისთვის ხელი არ ეხლოთ.

ამ საქმეში ფიგურირებდა ვინმე მთვარისა ილაშვილიც, რომელიც კახეთის მაშტაბით ეწეოდა ტრეფიკინგს. ეს არ იყო უმნიშვნელო ფაქტი, ამიტომ მუქარის ზარები სტუდიაში ყოფნის დროსვე დაიწყო. მეორე დღეს  სამართალდამცავებმა ამ გადაცემის ჩანაწერი „დააპატიმრეს“.

ამის შემდეგ, 2004 წლის 26 მაისს ჩემი ქალიშვილის გატაცემის მცდელობა იყო. სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს, თემურ ლომსაძეს მივმართე. მან მითხრა, რომ ვერაფრით დამეხმარებოდა და  ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა ქვეყნის დატოვება იყო. მირჩია, რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მეთხოვა. თან ამ დროს ტელეკომპანია „მზის“ საშუალებით კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის პიველწყარო ასევე მე ვიყავი. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს ასამდე მოქალაქე საბერძნეთის საზღვარზე არალეგალურად გადაჰყავდათ. ამის შემდეგ ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა, რამაც საქართველოს დატოვება მაიძულა. ჩავედი საფრანგეთში და პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვე.  

თუმცა თქვენთვიც ლტოლვილის სტატუსი დღემდე არ მოუნიჭებიათ.

- საფრანგეთში ხელცარიელი არ ჩავსულვარ. ამ ქვეყნის შესაბამის სამსახურებს გააჩნდა ინფორმაცია ჩემი მოღვაწეობის შესახებ. ასევე მათ ამ დანაშაულების დამამტკიცებული დოკუმენტაციაც გადავეცი.

მაგრამ  ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე თავად ვიყავი ტრეფიკინგში ჩართული.  ვისგან წამოვიდა ეს ინფორმაცია, ამის თქმა ზუსტად არ შემიძლია. 4 წელია ჩემი ადვოკატები ითხოვენ,  წყარო დასახელდეს, წარადგინონ ერთი დამამტკიცებელი დოკუმენტი მაინც, რომელიც ჩემს მაკომპრომეტირებელ მასალას შეიცავს. მსგავსი დოკუმენტი დღემდე არ მიგვიღია. ეს ალოგიკური და არასერიოზულია.

ახალი ამბები