კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე...

27 ნოემბერი, 2008

ონკოლოგიური ავადმყოფები მკურნალობას ვეღარ შეძლებენ

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ონკოლოგიური ავადმყოფები ზარალდებიან. სახელმწიფოს მხრიდან ამ დაავადების მკურნალობისათვის წლების განმავლობაში გამოყოფილი 70%-იანი დაფინანსების მოდელი აღარ არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროში დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული პროგრამა დაფინანსდება. თანადაფინანსების ძველი მოდელი იმოქმედებს 60 წელს გადაცილებულ პაციენტებზეც. იმ ადამიანებმა კი, რომლებიც ამ კატეგორიებში ვერ ხვდებიან, საკუთარ ჯანმრთელობაზე თავად უნდა იზრუნონ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ასეთი პაციენტების რაოდენობა საქართველოში 35%-ზე მეტია.

ირმა ღურწკაია ონკოლოგიური ავადმყოფია და ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ცხოვრობს. მარცხენა სარძევე ჯირკვლის კიბო მას 2005 წელს დაუდგინდა და ქირურგიული ოპერაციაც იმავე წელს ჩაუტარდა. ავადმყოფმა ოპერაციის შემდგომი პერიოდისათვის აუცილებელი ქიმიოთერაპიის მხოლოდ ნახევარი კურსი ჩაიტარა. შემდეგ მდგომარეობის გართულების გამო მისი შეწყვეტა მოითხოვა. 2008 წელს ტომოგრაფიული გამოკვლევების შედეგად ირმა ღურწკაიას თავის ტვინში მრავლობითი მეტასტაზური დაზიანებებიც აღმოაჩნდა.

ახალგაზრდა ქალი არ არის დარწმუნებული, რომ მას განუკურნებელი სენი აქვს. იგი მხოლოდ იმაზე წუხს, რომ ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას შედეგი არა მოსდევს.

ირმა ღურწკაია, ავადმყოფი: "ქიმიოთერაპიის შემდეგ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. შემდეგ მდგომარეობა გამირთულდა, რადგან კიბეზე ფეხი დამიცურდა და დავეცი... მას შემდეგ ვეღარ ავდექი, ლოგინად ვარ ჩავარდნილი. მედიკამენტებმა კუჭი გამიღიზიანა, ეპილეფსიური შეტევებიც დამეწყო. საშინელ ტკივილს ვგრძნობ, სანამ "დიაზეპამს" არ გამიკეთებენ, ვერ ვმშვიდდები. ქიმიოთერაპიას ვერ გადავიტან, ეს წამლები კი არ მშველის".

ონკოლოგი ნატო მოსია აცხადებს, რომ მისი პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ სხივური, ქიმიური ან ჰორმონო  თერაპიის ჩატარებაზე პაციენტის მხრიდან ნებართვის მიღება დღემდე ვერ მოხერხდა.

ნატო მოსია, ონკოლოგი: "მარცხენა სარძევე ჯირკვლის კიბო, მე-3 ბ სტადია, მეტასტაზი თავის ტვინში, მე-2 კლინიკური ჯგუფი _ ასეთია ავადმყოფის დიაგნოზი. თუმცა ირმა ღურწკაიას ჩემთვის დიდი ხანია არ მოუმართავს. მას სათანადოდ არ უმკურნალია. იგი მხოლოდ სიმპტომატურ მკურნალობას გადის. მასზე ახლა ნევროპათოლოგი ზრუნავს."

ნევროპათოლოგთან ერთად ირმა ღურწკაიას ჯანმრთელობაზე მისი ოჯახიც ზრუნავს, მაგრამ უსახსრობის გამო აუცილებელი მედიკამენტების შეძენა მის მშობლებს უჭირს. ღურწკაიების ოჯახი არც უმწეოთა კატეგორიას განეკუთვნება და არც ჯანდაცვის პოლისი გააჩნია. თუმცა ჯანდაცვის სისტემაში დაწყებული ცვლილების მიხედვით, ირმა ღურწკაია ვერცერთ კატეგორიაში ვერ მოხვდება და ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა მის ოჯახს მოუწევს.

ირმა ღურწკაია, ავადმყოფი: "ჩემმა მშობლებმა ოპერაციისთვის 715 ლარი გადაიხადეს. თანხის გარკვეული პროცენტი სახელმწიფომ გადაიხადა. ქიმიოთერაპია ჩემი სახსრებით გავიკეთე. ონკოლოგიურ ცენტრში მითხრეს, რომ ჩატარებული ოპერაციის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ შესაძლებელი იყო თანხის დაბრუნება, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებაში არავინ დამეხმარა. ნევროპათოლოგის ერთი ვიზიტი ჩემს მშობლებს 30 ლარი უჯდება, მედიკამენტების შეძენა კი უფრო დიდი პრობლემაა".

როგორც ონკოლოგები აღნიშნავენ, ირმა ღურწკაიას მსგავსად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღრიცხული 2 500-მდე პაციენტიდან მკურნალობის გაგრძელებას ბევრი ვერ შეძლებს. ამ სფეროში არსებული სახელმწიფო პროგრამა მთლიანად სადაზღვევო კომპანიებმა შეიძინეს. თუმცა დეტალები იმის შესახებ, მომსახურების რა ნაწილს აანაზღაურებენ სადაზღვევო კომპანიები, ჯერჯერობით უცნობია.

ონკოლოგიური ცენტრის რეგიონალური ფილიალის დირექტორი ნონა ფიფია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სადაზღვევო კომპანიებმა ამბულატორიული დიაგნოსტიკის დაფინანსებაზე უარი განაცხადეს.

ნონა ფიფია, ონკოლოგი: "ამჟამად ამბულატორიული დიაგნოსტიკა მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის პროგრამით ხორციელდება. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან ამბულატორიაში გაკეთებული ანალიზით ონკოლოგიური დიაგნოზის დასმა უბრალოდ წარმოუდგენელია. ვეკითხები ყველას, თუ ციტოლოგია არ დიფინანსდა მე, ექიმ-მამოლოგს მაქვს იურიდიული უფლება მკერდის კიბოთი დაავადებულს ოპერაცია ჩავუტარო?! უმწეო იმიტომ ჰქვია, რომ ამ თანხის გადახდის შესაძლებლობას არა აქვს“.

ონკოლოგიური ცენტრის რეგიონალურ ფილიალში სადაზღვევო კომპანიების მიერ დაწესებულ იმ შეზღუდვებზეც საუბრობენ, რომელიც ქიმიოთერაპიის დაფინანსებას უკავშირდება.

ნონა ფიფია, ონკოლოგი: "ფოთელ უმწეო პაციენტს სარძევე ჯირკვალი რღვევის ფაზაში ჰქონდა. ქიმიოთერაპია ძვირადღირებული მედიკამენტაბით ჩავუტარეთ, რაც 1 500 ლარი დაჯდა. მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. შემდეგი კურსის ჩატარება კი სქემის შეცვლით მოგვიხდა იმის გამო, რომ სადაზღვევო კომპანიამ მხოლოდ 500 ლარი გამოყო. სამწუხაროდ, გამოვიყენეთ ის იაფფასიანი მედიკამენტები, რომელიც ამ თანხაში ჩაჯდა. იმედი მაქვს, რომ პაციენტის მდგომარეობა არ გაურარესდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მის ოჯახს უნდა განვუმარტოთ, რომ მომავალში თანხების მოძიება თავად მოუწევთ".

ონკოლოგები კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დგანან _ ონკოლოგიური ცენტრის ფილიალს შენობა არა აქვს. იგი დროებით, ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფო "რესპუბლიკას" ბალანსზე არსებულ ერთ-ერთ შენობაშია განთავსებული. ამავე, ყოფილი სამშობიარო სახლის 4-სართულიან შენობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი, სასწრაფო სამედიცინო სამსახური და დევნილები არიან შეხიზნული. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არ არსებობს მამოგრაფის აპარატიც, რომელიც რეგიონში ყველაზე გავრცელებული დაავადების, სარძევე ჯირკვლის კიბოს გამოსაკვლევად აუცილებელ დანადგარს წარმოადგენს. რეგიონის მედიკოსებს პრობლემის მოგვარებას ჯანდაცვის სამინისტრო 2009 წლისათვის ჰპირდება.

ახალი ამბები