კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი ჯარისკაცის 65 ლარად შეფასებული სიცოცხლე

1 დეკემბერი, 2008

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონის მეთაური კობა სერგია რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა. იგი 9 აგვისტოს ნიქოზთან მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა. დაკარგულ ჯარისკაცს ახლობლები 3 თვის განმავლობაში ეძებდნენ. სერგია ერთ-ერთი იმ ჯარისკაცთაგანი აღმოჩნდა, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ნომერ 27/27 ჯარისკაცის ამოცნობა მხოლოდ დნმ-ის ანალიზით მოხერხდა. მას ორი მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა. კობა სერგიას მეუღლე იმ 65-ლარიანი პენსიის დანიშვნას აპროტესტებს, რომელიც სახელმწიფომ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს კომპენსაციის სახით გამოუყო.

შეიარაღებული ძალების კაპიტანის, კობა სერგიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა ბოლოს 6 აგვისტოს, ღამის პირველი საათისთვის მიიღეს. მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონი, რომელსაც სერგია მეთაურობდა, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაიწვიეს.

თამარ ჩოკორაია, კობა სერგიას მეუღლე: "6 აგვისტოდან ჩემს მეუღლეს 3 თვის განმავლობაში ვეძებდი. ვეძებდი ცოცხლებშიც, დაღუპულებშიც, უგვზო-უკვლოდ დაკარგულებშიც და უცნობ ჯარისკაცებშიც. ქვეყნის თითქმის ყველა საავადმყოფო და პროზექტურა მოვიარე. უამრავი ჯარისკაცის ცხედარი ვნახე, მაგრამ კობას ვერსად მივაკვლიე".

ოჯახმა კობა სერგიას დაღუპვის შესახებ ოქტომბრის ბოლოს, მისი თანამებრძოლებისგან შეიტყო. 9 აგვისტოს ნიქოზთან მომხდარი შეტაკების დროს სერგიას დაღუპვის ფაქტი თავდაცვის სამინისტრომ გარდაცვალების მოწმობითაც დაადასტურა. თუმცა, მანამდე დაღუპული ჯარისკაცის ოჯახისათვის ცხედრის განსასვენებელი ადგილი უცნობი იყო.

სერგიას ნათესავებმა ცხედრის მოძიება მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც სცადეს. სექტემბრის ბოლოს, საპატრიარქოს დახმარებით, ცხინვალის რეგიონიდან გადმოსვენებულ ჯარისკაცებს შორის კობა სერგიას ცხედრის მოძიებამ კი ოჯახს პრობლემები შეუქმნა.

ნატო ჩოკორაია, თამარ ჩოკორაიას და: "მუხათგვერდის სასაფლაოზე პარაკლისი რომ ტარდებოდა, ტელევიზიით შევიტყვეთ. მე და ჩემი ძმა მივედით, მაგრამ ხელისუფლებიდან იქ არავინ დაგვხვდა. ოთხი საათით შევყოვნდით ძმათა სასაფლაოზე იმ იმედით, რომ ვინმე გამოჩნდებოდა და კობას შესახებ რამეს შეგვატყობინებდა. მთელი ოჯახი ფაქტობრივად ვიბრძოდით იმისათვის, რომ უცნობ ჯარისკაცებს შორის კობა აღმოგვეჩინა და დნმ-ის ანალიზით დაგვედასტურებინა. რატომღაც ყველა თავს გვარიდებდა".

ოქტომბრის ბოლოსთვის ლუკა სერგიას დნმ-ის ანალიზი 99,99%-ით მამისას დაემთხვა. გაირკვა, რომ მუხათგვერდის სასაფლაოზე იმ დროისათვის დაკრძალული 53 უცნობი ჯარისკაციდან 27/27 კობა სერგია იყო.

ნატო ჩოკორაია: "როცა ცხედრის გადასვენება დავგეგმეთ, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა უარი გვითხრეს. დღესაც არ ვიცით, პრობლემები რატომ შექმნეს. ათი დღის შემდეგ, როცა ნებართვა მივიღეთ, პრობლემები ისევ გაჩნდა. გვინდოდა, ისევ მუხათგვერდზე გადაგვესვენებინა,  სადაც მისი თანამებრძოლებიც არიან დამარხულნი, მაგრამ საოჯახო სასაფლაოსთვის ფართი არ გამოგვიყვეს“.

კობა სერგიას ცხედარი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ხარჯები, 15 ათასი ლარი სახელმწიფომ, როგორც ყველა დაღუპულის ოჯახს, სერგიებსაც გამოუყო, მაგრამ ისინი უკვე სხვა პრობლემის წინაშე დადგნენ. კობა სერგიას მეუღლე მიიჩნევს, რომ პენსია, რომელიც მთავრობამ ჯარისკაცის მცირეწლოვან ვაჟებს საკომპენსაციოდ გამოუყო, მცირეა.

თამარ ჩოკორაია: "65-ლარიანი პენსიით შვილები როგორ გავზარდო?! მითუმეტეს თბილისში, ჯიქიას 8-ში კომპაქტურ ჩასახლებაში ვცხოვრობთ, საკუთარი ჭერიც არ გვაქვს. ამიტომაც ვთქვი უარი ამ დახმარებაზე. თავდაცვის სამინისტროში კი მითხრეს, თუ პენსიის ამ რაოდენობას არ დასჯერდებით, საერთოდ ვერაფერს მიიღებთო. გული აქაც მომიკლეს. სხვა დაღუპული ჯარისკაცის მეუღლეებს პენსია სამოქალაქო ხაზით გაუკეთებიათ. მირჩიეს მეც იგივე მეცადა. ასეთი პენსია თითო ბავშვზე 55 ლარს ითვალისწინებსო. არ ვიცი, სხვა რა გზას დავადგე, თუნდაც 110 ლარით როგორ ვიარსებოთ?!"

კობა სერგიას ოჯახისთვის ცნობილია იმის შესახებაც, რომ 41-ე ბრიგადის მეთაური გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის ორდენზეა წარდგენილი. თუმცა საკითხი განხილვის სტადიაშია და მისი გადაცემის თარიღიც უცნობია.

კობა სერგიას საბრძოლო თავდადებისათვის ორდენები და სიგელები სიცოცხლეშიც მიუღია. სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ერაყშიც იმსახურა. უცხო ქვეყანაში გამოვლენილი წარმატებისათვის კი ამერიკის მთავრობამ უმაღლესი ჯილდოც გადასცა.

ის, რომ ასეთ ჯარისკაცებს განსაკუთრებული დაფასება სჭირდება, 28 ნოემბერს, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წინაშე საქართველოს პრეზიდენტმაც აღნიშნა. მიხეილ სააკაშვილს არც დაღუპული ჯარისკაცის შვილები გამორჩენია, რომლებიც გმირი მამებითა და იმ სახელმწიფოთი უნდა ამაყობდნენ, რომლისთვისაც მსხვერპლი გაიღეს. პრეზიდენტი დაღუპული ჯარისკაცის შვილებს ბოლო რესურსების გამოყენებასაც დაპირდა იმისათვის, რომ მათთვის ღირსეული ცხოვრებისა და არსებობის პირობები შეიქმნას.

თუმცა, რამდენად შესრულდება მიხეილ სააკაშვილის პირობა, ამას პირველ რიგში ის ოჯახები იგრძნობენ, რომლებსაც ასეთი დახმარების მიღების ჯერჯერობით არ სჯერათ.

ახალი ამბები