კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი საკუთარი ადმინისტრაციის შენახვაა

3 დეკემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

განვითარებულ ქვეყნებში მიღებული სტანდარტებით, ადმინისტრაციის შენახვის ხარჯები მთელი ბიუჯეტის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში კი საკრებულოსა და გამგეობის შენახვის ხარჯები 30%-ს აღემატება. 2008 წლის ადგილობრივ ბიუჯეტებში ცალკეა გათვალისწინებული ხარჯები საკანცელარიო ნივთების, მონო-ბარათების და საწვავის შესაძენად. ციფრების ანალიზის შედეგად გამოდის, რომ მაგალითად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება ყოველდღიურად 4 ათასამდე საწერ ფურცელს მოიხმარს, 400 კილომეტრს მანქანით გადის და ყოველწლიურად 800 საათს მობილურით განუწყვეტლივ ლაპარაკობს.

რაში იხარჯება ხელისუფლების ორგანოების მიერ გადასახადებით მიღებული შემოსავლები? ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის დირექტორს გიორგი ბოკერიას ვესაუბრეთ.

- გიორგი, რამდენად გამჭვირვალეა ადგილობრივი ბიუჯეტი?

- გამჭვირვალობა ბიუჯეტის მიმართ არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას საშუალება უნდა ჰქონდეს, გაერკვეს საბიუჯეტო პროცესებში, რათა შესრულდეს ეს მოთხოვნა. ბიუჯეტების გამჭვირვალობას ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპად აღიარებს საბიუჯეტო სისტემების შესახებ და ადგილობრივი თვითმმართველი ბიუჯეტის შესახებ კანონი, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა დაიცვან გამჭვირვალობის პრინციპი. ამასვე ადასტურებს საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ მოქალაქეებს უფლება აქვთ: მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან;  წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილებების პროექტებს; მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში; მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და მათი საჯარო განხილვა.

მაგალითად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავის დროზე კი მოაწყო 2008 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა, მაგრამ მას ძირითადად საკრებულოს წევრები და გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სულ რამდენიმე ადამიანით იყო წარმოდგენილი, რომლებიც აქცენტს მწვავე სოცილურ პრობლემებზე აკეთებდნენ. `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის~ მე-16 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ვალდებულია, უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას კანონის ეს მოთხოვნა 2008 წელსაც არ შეუსრულებია.

ამასთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტი არ გასცემს ინფორმაციას 2008 წლის სახელმწიფო შესყიდვების ყოველკვარტალური ანგარიშების შესახებ და ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც გამგეობას საკრებულოსთვის 15 ოქტომბერს უნდა მიეწოდებინა. აღნიშნული ფაქტი შეუძლებელს ხდის გავაცნოთ მოსახლეობას 2008 წლის ბიუჯეტისა და 2009 წლის პროექტის ანალიზი. საჯარო ინფორმაციის დაბლოკვა და მისი არგაცემა მეტყველებს იმაზე, რომ მუნიციპალიტეტს მოსახლეობისათვის ბევრი აქვს დასამალი.

- რამდენად უზრუნველყოფს ადგილობრივი ბიუჯეტი მოსახლეობის წინაშე არსებული პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრას და ითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ბიუჯეტის დაგეგმვისას მხარეში არსებულ გრძელვადიან პერსპექტივებს?

- ამ შემთხვევაშიც არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიანი მიზნები, ასევე მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრის გზები და ვადები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოძიება კვლავ პრობლემად რჩება, გამოთხოვილ ინფორმაციას ხშირად დაგვიანებით, ან საერთოდ არ გასცემენ. აქედან გამომდინარე, 2008 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და დამტკიცებისას სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაირღვა ბიუჯეტის პროექტის შედგენის, განხილვის, გამოქვეყნების, მოსახლეობის ჩართულობისა და მათი ინტერესების გათვალისწინების კანონით დადგენილი მოთხოვნები.

სიღნაღის, ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობის წინაშე კვლავ მრავალი გადაუჭრელი პრობლემა დგას. ამ საკითხების მოსაგვარებლად აუცილებელია შესაბამისი თანხების არსებობა, ეს თანხები კი სწორედ მოსახლეობის გადასახადებიდან შედგენილ ბიუჯეტში იყრის თავს და პირველ რიგში მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად მიჩნეულ სფეროებზე უნდა გადანაწილდეს. ვფიქრობთ, 2008 წლის მუნიციპალური საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა კვლავ არაეფექტურად დაიგეგმა. მაგალითად, სრულფასოვნად არ არის შედგენილი მხარჯავი ორგანიზაციების ხარჯების პროექტები, `ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესახებ~ კანონის თანახმად, ამგვარი განაცხადების მეშვეობით დგინდება მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებიდან დასაფინანსებელი საბიუჯეტო ორგანიზაციები; ამასთან წლის დასაწყისშივე უნდა დაიგეგმოს მათ მიერ განსახორციელებელი საქმიანობანი და გამოიკვეთოს რამდენად შედეგიანი იქნება ეს ყველაფერი მოსახლეობისათვის. ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომებით ბიუჯეტის დაგეგმვა-დამტკიცების პროცესი კი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება თავს ვალდებულად არ მიიჩნევს, წლის დასაწყისშივე განაცხადოს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვით მოსალოდნელ შედეგებზე, ამასთან, არ ზრუნავს გაწეული ხარჯების ეფექტურობაზე.

- სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების პირველი პრიორიტეტი გასულ წელს საკუთარი ადმინისტრაციის შენახვა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის პირველ პრობლემას სასმელი წყლით მომარაგება წარმოადგენდა. 2008 წელს როგორ არის ამ მხრივ საქმე?

- 2007 წლის დასაწყისში სიღნაღის მუნიციპალური ბიუჯეტიდან ადმინისტრაციის (საკრებულო, გამგეობა) შენახვაზე დაგეგმილი იყო 1 024 900 ლარის დახარჯვა, 2007 წლის ბოლოს კი ადმინისტრაციული ხარჯების შესრულებამ 1 736 767 ლარი შეადგინა, ე.ი. წლის განმავლობაში შემოსული თანხებიდან ადმინისტრაციის შენახვის ხარჯები 711 867 ლარით გაიზარდა. ასე ხდება სხვა რაიონებშიც. რაც შეეხება 2008 წლის ბიუჯეტს, სიღნაღის ადმინისტრაციის შენახვისათვის 904 000 ლარი უნდა დახარჯულიყო. ეს თანხა ბიუჯეტის 28,5%-ს შეადგენს. განვითარებულ ქვეყნებში მიღებული სტანდარტებით, ადმინისტრაციის შენახვის ხარჯები მთელი ბიუჯეტის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ვფიქრობთ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციის ხარჯები გაბერილია. მაგალითად: ადგილობრივი საკრებულოს წევრებს წლის განმავლობაში საავტომობილო საწვავში უნდა დაეხარჯათ 15 000 ლარი, საშუალოდ ყოველდღიურად საწვავში დაიხარჯებოდა 60 ლარი, რაც შეადგენს 400 კილომეტრ გარბენს ყოველ სამუშაო დღეზე. მსგავსი მდგომარეობაა გამგებლის საწვავით მომარაგების კუთხითაც (დღეში 6-7 საათი მანქანით მოძრაობა). აქედან, შეიძლება დავასკვნათ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სამუშაო დღეებში სამსახურში პრაქტიკულად არ უნდა იყოს. შესაძლოა ამითაც არის განპირობებული ეკონომიკური საქმიანობის და საბინაო კომუნალური მეურნეობის შემცირებული დაფინანსება, რადგანაც მათ ამ საქმისთვის უბრალოდ არ ეცლებათ.

საკრებულოს და გამგეობის საკანცელარიო ხარჯები ჯამში 23 000 ლარს შეადგენს. ამ ხარჯის დიდი ნაწილი - 16 080 ლარი საწერ ქაღალდზე მოდის. ამ ციფრების ანალიზის შედეგად მივიღებთ, რომ საკრებულოსა და გამგეობას წლის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიონი ფურცელი სჭირდება, რაც ყოველ სამუშაო დღეზე 3831 ცალ ფურცელს შეადგენს. უბრალო მოქალაქისთვისაც კი ცხადია, რომ ამ რაოდენობის ქაღალდს დღევანდელი მუნიციპალიტეტი უბრალოდ ვერ გადაამუშავებს. საკრებულოსთვის და გამგეობისთვის მონო ბარათების შესაძენად 2008 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 13 600 ლარი. ეს ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მობილურ ტელეფონზე 800 საათი განუწყვეტლივ უნდა ილაპარაკოს. ზემოთმოყვანილი ფაქტები მეტყველებს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას, მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემები ნაკლებად ადარდებს.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ადმინისტრაციის შესანახად იმაზე გაცილებით მეტი თანხები იხარჯება, ვიდრე გათვალისწინებულია. რა არის ამის მიზეზი?

- არ არის შედგენილი რამდენიმეწლიანი პროგრამული ბიუჯეტი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც მუნიციპალური ბიუჯეტის ჭარბი შემოსავლების გახარჯვა ხდება მოსახლეობის უკვე გამოვლენილ სოციალურ პრობლემებზე და მათი ხარჯთაღრიცხვებიც წინასწარ არის შედგენილი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში კი დაუგეგმავი შემოსავლების არსებობა საშუალებას აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას ის თავისი შეხედულებებით გადაანაწილოს და საკუთარი ადმინისტრაციის შენახვის ხარჯები გაზარდოს, რაც არაეთხელ მომხდარა.

ახალი ამბები