კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოს ახალგაზრდებს დეზერტირებად მიიჩნევენ

11 დეკემბერი, 2008

 

 სოფელ რენეში ოსებს პრობლემები შეექმნათ

 საბა წიწიკაშვილი, გორი

დეზერტირობის ბრალდებით სამართალდამცავებს კითხვები ოსი ეროვნების მოქალაქეების მიმართაც აქვთ. ასეთი თავსატეხი ოსური მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში გაჩნდა, მაგალითად, კასპის რაიონის სოფელ რენეს ახალგაზრობა საქართველოს იმ მოტივით ტოვებს, რომ მათ აქ ციხე ელოდებათ. აგვისტოს მოვლენების დროს რენელებმა რეზერვისტობასა და საერთოდ თანამოძმეთა შორის გაჩაღებულ ბრძოლაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

რენეში მცხოვრებლები დღევანდელ მდგომარეობას მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებს ადარებენ. ,,გამსახურდიას დროს ჩვენდამი განწყობა შეიცვალა. ახლაც ვშიშობთ, რომ იგივე მეორდება. ჩვენ ჩრდილო ოსეთში ნათესავები და ოჯახის წევრები გვყავს, წავიდეთ თუ დავრჩეთ? როგორ წავიდეთ, ეს ხომ ჩვენი სამშობლოა, დავრჩეთ და ყოფა გაუსაძლისია”.

კოდისწყაროს საკებულოში შემავალი სოფლების: ჩობალაურის, კოდისწყაროს, ნიგოზას და რენეს მცხოვრებლები ომის შემდგომ დღეებზე და დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრობენ. აქ შერეული ქართულ-ოსური ოჯახებია. სოფელში ძირითადად ასაკოვანი ადამიანები არიან  დარჩენილნი. როგორც გაირკვა, აგვისტოს მოვლენების შემდეგ ახალგაზრდები საქართველოს მასობრივად ტოვებენ და ჩრდილო ოსეთში მიდიან.  წასვლის მიზეზებზე ხმამაღლა საუბარი უჭირთ და ხაზს მხოლოდ სიდუხჭირეს უსვამენ.  თუმცა პირად საუბრებში კონკრეტული ფაქტებიც სახელდება.

ლალი ილურიძე, 54 წლის: ,,ჩემი მაზლისშვილი, გია იქ ცხოვრობს სოფელში, მისი ძმა ვლადიკავკაზშია. ეს რომ  წასულიყო ომში და ის ძმა იქიდან წამოსულიყო, ერთმანეთისთვის ესროლათ?! ვლადიკავკაზში კი მიდიან ახალგაზრდები, მაგრამ მიდიან იმიტომ, რომ აქ სამსახურები არა აქვთ. შევიწროვებით არავინ გვავიწროვებს, მაგრამ აქ ფული არ არის, გვიჭირს ძალიან. ჩემმა ქმარმა გულის ოპერაცია გაიკეთა. ახლა წამლების ფულიც არ გვაქვს, რა გავაკეთოთ?”.

ნაზი მალძიგაშვილი, 65 წლის: ,,ომის დროს გვეშინოდა, ხალხი რომ გამორბოდა ვუყურებდით, მაგრამ ჩვენ არსად წავსულვართ”

ვენერა პავლიაშვილი, 60 წლის: ,,ამას ცხოვრება ჰქვია? ტანჯვით ვცხოვრობთ. წყალი არა გვაქვს, არც დასალევი, არც სარწყავი. მაინც არსად წავსულვართ. ომის დროს ძალიან გვეშინოდა. მაღლიდან რომ ისვრის, ის რას გაარჩევს, ვის მოხვდება?“

ზაურ გოჭოშვილი, 42 წლის: ,,ესაა ცხოვრება? წლების განმავლობაში წყალი არ გვქონდა. ამ ზაფხულს გამოიყვანეს. ვითომ გააკეთეს წყალი, მაგრამ რიგში მთელი დღე ვდგავართ წყაროზე. ძველი მილები შეაკეთეს, გალესეს, როგორც ბებერი ქალი ,,გაკრასკო” ისეა. ამ წყლით მოვიწამლეთ. ამერიკიდან ჩამოიყვანეს ექიმები, გაგვსინჯეს და წავიდნენ. პატრონი არ გვყავს.
ომს რაც შეეხება, ბიჭები ვინც გამოიძახეს, ყველა წავიდა რეზერვში. ღამე დადიოდნენ და მიჰყავდათ.  აგერ, დათო ბუქური ღამე წაიყვანეს და მამამისს ისე შეეშინდა, გულმა დაარტყა და გარდაიცვალა. წავიდოდნენ, აბა, რას იზამდნენ, რომ არ წასულიყვნენ, დაიჭერდნენ.

სუბელიანი იყო ჩამოსული, როგორ ცხოვრობთ ქართველები და ოსებიო, არსად წახვიდეთო. მაგათიც აღარ მჯერა, მოვლენ, დაიწყებენ, ამას გაგიკეთებთო, იმას გაგიკეთებთო, რეზინის ჩექმებს ჩავიცმევთ, თქვენთან ერთად ვიმუშავებთო. გამკეთებელი კი არავინ არაფრისაა”.

ნანა აბულაძე, 65 წლის:  ,,ჩემი ოჯახი ქართული ოჯახია, მაგრამ ამ სოფელში ოსებთან ერთად ერთ ოჯახად ვცხოვობთ. რუსები შემოვიდნენ სოფელში, მაგრამ ტყუილი როგორ ვთქვა, მაღაზიებში ყიდულობდნენ პროდუქტს, ჩვენ არაფერს გვერჩოდნენ”.

თ. მელაძე: ,,10-15 ოჯახი წავიდა რენედან, ხოხაშვილები წავიდნენ, ქოქოშვილები წავიდნენ. ბადრი ხოხაშვილი რეზერვისტად რომ გამოიძახეს, წავიდა, მაგრამ გამოიპარა, ვერ ვისვრიო. იარაღით ჩამოვიდა სოფელში. მარტო ეგ არა, სხვაც ბევრი. მერე ცნობა მიიღეს, გამოცხადდით და იარაღი ჩააბარეთო. იარაღი მგონი ჩააბარეს. მეორედაც რომ მოწერეს, გამოცხადდითო, ბიჭები ადგნენ და ცოლ-შვილით წავიდნენ. წინაგარადან გადასვლაზე, კაცზე 150 ლარი გადაიხადეს. იქიდან ოსი დეიდაშვილები დახვდნენ და გადაიყვანეს. ამბობდნენ, ომში რომ წავსულიყავით ვისთვის გვესროლაო, არადა ციხეშიც ხომ არ წავალთო, ამიტომ ვლადიკავკაზში წასვლა ამჯობინეს”.

კოდისწყაროს გამგებელი მარინა ვაზაგაშვილი ოსური ოჯახების მასობრივად  წასვლის ფაქტს არ ადასტურებს. მისი თქმით, ხალხი კი მიდის, მაგრამ ეს პროცესი უკვე კარგა ხნის წინ დაიწყო. ,,აქაურებს ჩრდილო ოსეთში ნათესავები ჰყავთ და ისედაც ყოველთვის მიდიოდნენ და მოდიოდნენ“, – თქვა ვაზაგაშვილმა.

ახალი ამბები