კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოტეჯი სტატუსის სანაცვლოდ?

11 დეკემბერი, 2008

 

 სოსო პაპუაშვილი

ნონა სუვარიანი, თბილისი

აგვისტოს ომის შედეგად დევნილებს სტატუსი დღემდე არ მინიჭებიათ. მეტიც, დევნილებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მათ, ვისაც საკუთრებაში საცხოვრებელ ფართს გადასცემენ, სტატუსს არც მომავალში მისცემენ. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ომის შედეგად დაზარალებულებს სამართლებრივ დახმარებას უწევს. როგორც ცენტრის იურისტი სოსო პაპუაშვილი ამბობს, დევნილებისთვის სტატუსის მინიჭება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგულირდება. სტატუსის მინიჭება დაუყონებლივ უნდა ხდებოდეს. სახელმწიფომ კანონმდებლობა უკვე დაარღვია, რადგან დევნილებს სტატუსი აქამდე არა აქვთ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმ დევნილებს, რომლებსაც საკუთრებაში საცხოვრებელ ფართს გადასცემენ, სტატუსს აღარ მიანიჭებენ, ხოლო ცხინვალიდან 1990-ანი წლების დასაწყისში დევნილ მოსახლეობას სტატუსს ართმევენ, სოსო პაპუაშვილისთვისაც ცნობილია.

სოსო პაპუაშვილი: „დევნილები გვიყვებიან, რომ მთავრობის წარმომადგენლები მათ მშენებარე კოტეჯებს სთავაზობენ, დევნილებმა კი ამ შემთხვევაში დევნილის სტატუსზე უარი უნდა თქვან. ეს ფაქტი ადამიანის  უფლებების დარღვევას წარმოადგენს. პიროვნება დევნილად იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ იძულებული გახდა, თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მიეტოვებინა. ამ შემთხვევაში დროებითი ადგილის მიცემა არ შეიძლება  ამ ადამიანებისთვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. მაგალითად, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დიდ ნაწილს დღეს მოგვარებული აქვს საცხოვრებელის პრობლემა, მაგრამ დევნილის სტატუსი მაინც უნარჩუნდებათ“.

როგორც ადვოკატი ლია მუხაშავრია ამბობს, მსგავსი მაგალითები მას თავის პრაქტიკაშიც შეხვედრია.

ლია მუხაშავრია: „ჯერჯერობით რაც ჩანს, დევნილის სტატუსს არავის აძლევენ და თავის დაძვრენა უნდათ. სავარაუდოდ, ეს ვერსიაც ამიტომ მოსინჯეს, თუ გამოვა-კაია, თუ არა, სხვა ვერსიაზე გადავლენ. მაგრამ არ გამოუვათ. ჩვენ შეტანილი გვაქვს განცხადებები და პასუხს ველოდებით. თუ არ იქნება პასუხი, მაშინ ადმინისტრაციული საჩივრით გავასაჩივრებთ. ვერაფერს იზამენ. უბრალოდ დროის გაჭიანურება ხდება და დაპირებები. იმედი აქვთ, იქნებ დევნილი  მოსახლეობა ამ დაპირებაზე წამოვიდეს“.
 
ლია მუხაშავრია და სოსო პაპაუაშვილი საუბრობენ იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ ჩქარობს ხელისუფლება დევნილებისთვის სტატუსის მინიჭებას.  მათი თქმით, ეს გარკვეულ შეღავათებთან და პრივილეგიებთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო ვალდებულია,მათ მატერიალურად დაეხმაროს. როგორც იურისტები აღნიშნავენ, დევნილებისთვის სტატუსის მინიჭება დაუყონებლივ უნდა მომხდარიყო. ომის შემდეგ,  პირველივე დღეებში. ამ შემთხვევაში მათ მატერიალური დახმარებაც ეკუთვნოდათ. ის, რომ მათ სტატუსი არ მიანიჭეს სახელმწიფოსთვის ერთგვარი ეკონომია გამოვიდა. ამ ადამანების უმრავლესობა საკუთარ სოფლებს დაუბრუნდა. ასე რომ სტატუსის მინიჭების და მატერიალური დახმარების პრობლემაც მოიხსნა.
 
ლია მუხაშავრია: „მაშინ, როდესაც ჩვენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილების პირველი ნაკადი გვყავდა, ჩვენ არ ვიყავით მიერთებულები იმ კონვენციას, რომელიც სახელმწიფოს ავალებს, რომ დევნილი უნდა იყოს ღირსეულ პირობებში, რაც იმას გულისხმობს, რომ მათ უნდა ჰქონდეთ თითქმის ისეთივე საცხოვრებელი პირობები, როგორიც ჰქონდა დევნილობამდე. ეს კი მხოლოდ კოტეჯში შესახლებას კი არა, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობს. მათ შორის ძალიან სერიოზულ ფინანსურს პასუხისმგებლობასაც, რომლის არიდებაც მათ სურთ“.

როგორც ლია მუხაშავრია აცხადებს,  მისამართები, სადაც ეს კოტეჯები არის განთავსებული არ ემთხვევა იმ მისამართებს, საიდანაც დევნილები წამოვიდნენ. ეს უკვე საკმარისი საფუძველია, რომ მათ დევნილის სტატუსი მიიღონ. ასე რომ ასეთი ჩანაფიქრი (თუკი ის რეალურად არსებობს) კანომდებლობასთან აშკარა წინააღდეგობაშია.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მრჩეველი ვალერი კოპალეიშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს საცხოვრებელი ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, კონფლიქტის ზონიდან დევნილ მოსახლეობას სტატუსს აღარ მისცემენ. სტატუსის მინიჭების დაგვიანებას კი ასე ხსნის:

ვალერი კოპალეიშვილი: „თავიდან ხალხის სერიოზული მოძრაობა იყო, შეშინებული მოსახლეობა ხაშურიდანაც წამოვიდა. ყველასთვის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იქნებოდა. ყველას გავუწიეთ მიზნობრივი დახმარება, ყველას მივეცით თავშესაფარი, საჭმელი, სასმელი. სტატუსის მინიჭენა იმისთვის სჭორდებათ, რომ შემწეობები მიეღოთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დახმარება მეტი იყო, ვიდრე შემწეობა ითვალისწინებდა. სტატუსის მინიჭება მას შემდეგ დაიწყება, რაც ახალ დასახლებებში ამ ადამიანების ჩასახლებას დავასრულებთ. 

ადამიანი, რომელიც ვერ ბრუნდება, არის დევნილი. ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაძლევთ, საცხოვრებელი სახლს თუ დახმარებს, ეს არის იმისთვის, რომ  მან ღირსეულად გადაიტანოს ეს პერიოდი. ეს არ არის კომპენსაცია მათი საცხოვრებელი ადგილების სანაცვლოდ, ეს არის იმის კომპენსაცია, რომ იქიდან წამოვიდნენ. ამ ხალხის ქონებრივი უფლება ხელშეუხებელია. აქედან გამომდინარე, ისინი მაინც მიიღებენ სტატუსს“.

სახალხო დამცველის მოადგილე, სოფო ხორგუანისთავის ლტოლვილთა  და განსახლების სამინისტროს ყველა არგუმენტი სტატუსის მინიჭების შეფერხებასთან დაკავშირებით მიუღებელია.

სოფო ხორგუანი: „ამას არავითარი გამართლება არა აქვს. რაც შეეხება ხმების გავრცელებას, ამის შესახებ განცხადება არ მომისმენია. თუ ასეთ რამეს აპირებენ, ეს სრულიად არასამართლებრივია, რადგან დევნილის სტატუსის მიღება დროებით საცხოვრებელთან არ არის მიბმული. დევნილის სტატუსს იმიტომ აძლევენ, რომ ის იძულებული იყო თავისი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. 

დევნილებს არ აქვთ ან აქვთ მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ელით მათ. რამდენჯერაც შევეცადე, გამერკვია ის ინფორმაცია, რომელსაც დევნილები მაწვდიდნენ. ხშირად აღმოჩნდებოდა, რომ ეს მცდარი ინფორმაციაა. პრეტენზია სწორედ ამასთან დაკავშირებით გვაქვს, დევნილები აუცილებლად უნდა ფლობდნენ ინფორმაციას საკუთარ მომავლათან დაკავშირებით“.

ახალი ამბები