კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უპრეცედენტო სასამართლო პროცესი

19 დეკემბერი, 2008

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ქობულეთის მკვიდრი პაატა კაიკაციშვილი, რომელიც ზურაბ ნოღაიდელის ნათესავია 27 ნოემბერს დააკავეს.საბრალდებო დასკვნის თანახმად, „პაატა კაიკაციშვილს მარჯვენა ფეხის წინდაში ვერცხლისფერ ფურცელში გახვეული 0,255 გრამი ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინი, აღმოაჩნდა“. უკვე 3 დეკემბერს მის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მას 7 წლით პატიმრობა და 5 ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ატვოკატის მტკიცებით, სასამართლო მიკერძოებული იყო.

კაიკაციშცილის დაკავებიდან განაჩენის გამოტანამდე, მხოლოდ 6 დღე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, განსასჯელს ბრალიც წაუყენეს, გამოძიებაც წარმატებით დასრულდა და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცა. არც ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იუზა ბურცხიკიძემ „იზარმაცა“. სასამართლოში შესული სისხლის სამართლის საქმე მეორე დღესვე, ანუ 3 დეკემბერსვე განიხილა.

პაატა კაიკაციშვილი ყოფილი პრემიერის, ზურაბ ნოღაიდელის მეუღლის დეიდაშვილია. პატიმრის ახლობლებთა განცხადებით, ის პოლიტიკური ნიშნით დააკავეს: „იციან, რომ პაატა ქობულეთში ზურაბ ნოღაიდელის დასაყრდენია. სხვა ვერაფერი მიზეზი რომ ვერ უპოვეს, ნარკოტიკები ჩაუდეს. მეტიც, პოლიციის განყოფილებაში გვითხრეს, მეტი ნარკოტიკი არ გვქონდა, თორემ უფრო მეტს ჩავუდებდითო“.


მოწმეები – მხოლოდ 4 პოლიციელი

პაატა კაიკაციშვილის საქმეში მხოლოდ ბრალდების ოთხი მოწმე დაიკითხა. ოთხივე მოწმე კაიკაციშვილის დაკავების ოპერაციის მონაწილე პოლიცილეები იყვნენ: ოთარ კერესელიძე, ზურაბ ანთაძე, დავით ბიაძე და მამუკა ზოიძე. მოწმეების ჩვენება თითქმის იდენტური იყო, თუმცა ერთმანეთის გამომრიცხავიც. ერთი პოლიციელის ჩვენების მიხედვით, კაიკაციშვილი თვითონ გადმოვიდა მანქანიდან, მეორეს განცხადებით კი – გადმოიყვანეს. მოწმეები ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენასაც სხვადასხვანაირად იხსენებდნენ: „წინდიდან ამოუვარდა“, „წინდაში აღმოაჩნდა“.

სასამართლო პროცესს გარდა სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი პოლიციელებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე რამაზ გვარჯალაძეც ესწრებოდა. გვარჯალაძე მოწმის სახით დასაკითხ პოლიციელებს, ჩვენების მიცემამდე, სასამართლოს ჰოლში ესაუბრებოდა და გარკვეულ მითითებებს აძლევდა.

მედიას პროცესზე დასწრება შეუზღუდეს

სასამართლო სხდომის დარბაზი სხდომის დაწყებამდე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პოლიციის თანამშრომლებმა ნახევრად გაავსეს. ამის გამო განსასჯელის ახლობლების მხოლოდ ნაწილმა შეძლო სასამართლო პროცესს დასწრებოდა. მათი მოთხოვნის მიუხედავად, „მოქალაქე“ პოლიციელები სხდომის დარბაზში მაინც დარჩნენ.

სასამართლო პროცესზე მედია-საშულებებს სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებაში ხელი სამართალდამცავებმა და სასამართლოში წესრიგის დამცველმა მანდატურებმა შეუშალეს.

 ჯაბა ანანიძე, „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი: „არც მანდატურმა და არც პოლიციის თანამშრომელმა, რომლებმაც სასამართლოს შესასვლელი კარი დაკეტეს, არ ამიხსნეს თუ რატომ არ შემიშვეს სხდომის დარბაზში. ნებისმიერ მოქალაქეს და მათ შორის, ჟურნალისტს უფლება აქვს სასამართლო პროცესს დაესწროს. მას შემდეგ, რაც მათ ვაჩვენე ჟურნალისტის მოწმობა, მანდატურმა მხოლოდ ის მითხრა, რომ შემდეგ დღეს მივსულიყავი“.

პროცესზე არ უშვებდნენ არც ბათუმის დამოუკიდებელ ტელეარხ 25-ს ჟურნალისტს. თინათინ ჭკუასელმა პროცესზე ამოსვლა მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან გადარეკვის შემდეგ შეძლო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ჯემალ კიკნაძემ ჟურნალისტების პროცესზე არდასწრება „გაუგებრობით“ ახსნა. იქვე დასძინა, რომ პროცესს ორი ჟურნალისტი (იგულისხმება: TV 25-ისა და ,,ადამიანის უფლებათა ცეტრის“ ჟურნალისტები) ესწრებოდა და ეს  ინფორმაციის გასავრცელებლად საკმარისი იყო.

,,ხალხს უყვიროდნენ, აქედან წადითო“

ბრალდებული კაიკაციშვილი აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. განსასჯელმა სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა: „მანქანაში დამაწვინეს, ერთი პოლიციელი თავის შებრუნებას და თვალებზე ხელის აფარებას ცდილობდა, მეორე კი ფეხს მიკავებდა და გაიძახოდა: „დაფარეთ, დაფარეთო. შემდეგ გადმომიყვანეს მანქანიდან და გამჩხრიკეს. ჯერ მეორე ფეხი გამისინჯეს, შემდეგ ის, რომელშიც ნარკოტიკი ჩამიდეს. თითქოს წინდაში მქონდა დამალული ნარკოტიკი და აღმომიჩიეს. ჩხრეკა მოწმეების გარეშე ჩაატარეს, ახლოს არავინ მოუშვიათ. ხალხს უყვიროდნენ, აქედან წადითო“.

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული ოთხივე პოლიციელი კი ერთი და იგივეს: „დაკავებულმა უარი განაცხადა ჩხრეკისას მოწმეების დასწერებაზე, თვითონ არ ისურვა“.

პაატა კაიკაციშვილი ქობულეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღის 11 საათამდე დააკავეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რამდენიმე  მოვაჭრეს გაესაუბრა. მოწმე პოლიციელებისაგან განხვავებით, ისინი სხვა რამეს აცხადებენ: „შვილო, მე თვითონ შევესწარი მაგ ფაქტს, მაგრამ არაფერი გვათქმევინეს. გაგვყარეს იქედან“. „ოჯახებში მოვიდნენ პოლიციელები და დაგვემუქრნენ, ხმა არ ამოიღოთო. რა ვქნა, თავს საფრთხეში ხომ ვერ ჩავიგდებ?“

ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იუზა ბუცხრიკიძემ დაცვის მხარის შეუმდგომლობები არ დააკმაყოფილა გარდა გარდა შუამდგომლობა საქმის მასალების გადაღების და გაცნობის შესახებ. ამისთვის მოსამართლემ განსასჯელის დამცველ დავით საფარიძეს მხოლოდ 30 წუთი მისცა.

ადვოკატმა პროცესზე მოითხოვა განსასჯელის დასაცავად მისთვის გონივრული ვადა მიეცათ, რათა მოწმეების წარმოდგენა თავადაც უზრუნველყო. ასევე მოითხოვა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა და საქმეზე დართული მასალების უკანონოდ ცნობა.  მას შემდეგ კი, როცა არც ერთი ეს შუამდგომლიობა არ დაუკმაყოფილეს, მოითხოვა მოსამართლის აცილებაც, თუმცა კვლავ უშედეგოდ.

აღმკვეთი ღონისძიების გირაოში განსასჯელის დეიდამ თავისი საცხოვრებელი ფართი და სახლი ჩადო, აუდიტის მიერ 250 ათას ლარად შეფასებული. თუმცა, 30 ნოემბრის მოსამართლის ბრძანების შემდეგ, განსასჯელი კაიკაციშვილი მაინც პატიმრობა რჩებოდა. სასამართლო პროცესზე, სახელმწიფო ბრალმდებელმა სვიმონ გიგოლაშვილმა განმარტა, რომ მათ ეჭვი ეპარებათ აუდიტის შეფასებაში. თუმცა, მათ არც ეს აუდიტის დასკვნა შეუმოწმებიათ. ხოლო, პაატა კაიკაციშვილი პატიმრობაში დატოვეს გირაოს უზრუნველყოფის მიუხედავად.

დავით საფარიძე, პატიმარ პაატა კაიკაციშვილის ადვოკატი: „ასეთ რეკორდულ ვადაში პროცესის დანიშვნა, თვითონ არღვევს პატიმრისა და დაცვის მხარის უფლებებს. ამ დარღვევების გამო, მოვითხოვეთ მოსამართლის აცილება, რადგან უფლება არ მოგვეცა შეჯიბრეთობისა და თანასწორობის პრინციპის სარგებლობისა. უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ გამოძიება ორ დღეში დაასრულეს და სასამართლო პროცესი ერთ დღეში. არ მოგვცეს საშულება, ჩვენი მოწმეები და მტკიცებულებები წარგვედგინა. გამოძიებაცა და სასამართლოც მიკერძოებული იყო“.

„დედებო, დავიცვათ ჩვენი შვილები“, თავისუფლება უდანაშაულო შვილებს“, -ქობულეთის რაიონული სასამართლოს წინ კაიკაციშვილის ახლობლებმა აქცია გამართეს.

სახალხო დამცველის აპარატის აჭარის წარმომადგენლის ლადო მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ კაიკაციშვილის სასამართლო პროცესი არაობიექტურად ჩატარდა და მოსამართლე იუზა ბუცხრიკიძე დაინტერესებულ მხარედ წარმოჩინდა: „ეს იყო პროცესი, სადაც ყველა პროცესუალურ ნორმა დაირღვა“.

მგალობლიშვილის განცხადებით, კაიკაციშვილი ნაცემიც იყო: „დაკავებული კაიკაციშვილი საავადმყოფოში ვნახე. როგორც თვითონ განმიცხადა, დაკავებისას ცემეს. ამის შედეგად, კუჭი დაუზიანდა და საავადმყოფოში მოხვდა. თუმცა, ნაცემი რომ იყო, გარეგნულად  არ ეტყობოდა“.

ბათუმის #1 საავადმყოფოს სარეგისტრაციო ჟურნალში წერია, რომ „კაიკაციშვილს აღენიშნებოდა გასტროდუოდენალური სისხლდენა“.  

ახალი ამბები