კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომელთა უმეტესობამ ატესტაცია ვერ გაიარა

23 დეკემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, თელავი

20 დეკემბერს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ატესტაცია გაიარეს. ტესტირების შედეგად 15 გამოსაცდელიდან გამსვლელი ქულების დაგროვება მხოლოდ ოთხმა შეძლო. გუბერნატორის ადმინისტრაციის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მიხედვით, ატესტაციის მიზანი რწმუნებულის ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოხელეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება იყო. მიუხედავად ამისა, გუბერნატორის მოადგილეებს ტესტირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ტესტირების დაწყებამდე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა ყველა კანდიდატს ტესტირების დროს დაწესებული შეზღუდვები, ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხების შევსების წესი და სხვა საკითხები განუმარტა. საკონკურსო – საატესტაციო კომისიის დებულებით, ტესტირებაზე დაუშვებელი იყო ნორმატიული აქტების, სხვა ანალოგიური დამხმარე მასალების, ასევე ტექნიკური საშუალებების შეტანა. კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, რომელიც კომისიის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო, საგამოცდო დარბაზში მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წუთით გამოჩნდა. ფაქტობრივად კომისიას თავმჯდომარის მოადგილე სიბაშვილი ხელმძღვანელობდა. ტესტური გამოცდის დაწყებამდე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა და ვინმეს არც მათი მუშაობის რეჟიმი განუსაზღვრავს.

ტესტური გამოცდა 11 საათსა და 30 წუთზე დაიწყო. კანდიდატებს გამოცდის ჩასაბარებლად ხუთი საათი მიეცათ. რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც საგამოცდო პროცესს დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებოდნენ, მალევე შეამჩნიეს, რომ კანდიდატებს ტესტებში მოცემულ კითხვებზე სწორი პასუხების გაცემა გაუჭირდათ. ტესტირების დაწყებიდან ორ საათში გამოსაცდელებმა საპირფარეშოში გასვლის აუცილებლობის მოტივით, დარბაზიდან გასვლას მოუხშირეს. სავარაუდოდ იმისთვის, რომ საპირფარეშოში გასულებს კითხვებზე სწორი პასუხი მობილური ტელეფონების მეშვეობით მიეღოთ. კანდიდატებს დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც  ეხმარებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი საატესტაციო კომისიის წევრმა ალექსანდრე კახიძემ თვითონაც შეამჩნია და როგორც კანდიდატს, ასევე დამკვირვებელს ხმამაღალი შენიშვნა მისცა, თუმცა კანდიდატი ტესტირებიდან არ მოუხსნიათ.

საგამოცდო დროის გასვლამდე კომისიას ტესტები ყველა გამოსაცდელმა ჩააბარა. ტესტებში მოცემული იყო 100 კითხვა და ყოველ შეკითხვაზე სწორი პასუხი ერთი ქულით შეფასდა. პასუხების შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე, 15 გამოსაცდელიდან მხოლოდ ოთხნი დაიშვებიან, რადგან გამსვლელი მინიმალური 75 ქულა, მხოლოდ ოთხმა კანდიდატმა დააგროვა. გუბერნატორის ადმინისტრაციის კანცელარიის უფროსმა ნათია კაციაშვილმა 87 ქულა მიიღო, სპეციალისტმა შაქრო ტერტერაშვილმა – 84, სპეციალისტმა არჩილ ქევხიშვილმა – 82 და იურისტმა ზიტა იმანოვამ – 81 ქულა. გუბერნატორის ადმინისტრაციის დანარჩენმა თანამშრომლებმა ნოდარ ლათიბაშვილმა, გელა კაპანაძემ, ნინო გოგიაშვილმა, ბადურ გულიაშვილმა, ხანდოლიშვილმა, გაგანაშვილმა, მარი შაშვიაშვილმა, ფიქრია წერეთელმა, ეკა ჯოხარიძემ და რუსლან ჯანხოთელმა გამსვლელი მინიმალური ქულები ვერ დააგროვეს.

ტესტირების დამთავრებისთანავე კანდიდატები არ მალავდნენ, რომ საკითხები საკმაოდ რთული იყო, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა მათგანმა ისეთ მარტივ კითხვებზეც ვერ გასცა სწორი პასუხი, როგორიცაა ვისგან არ უნდა მიიღოს საჩუქარი საჯარო მოხელემ, როდის არის ინფორმაცია საჯარო და ა.შ.

ტესტირების შედეგების გაცნობის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებებიც არაერთგვაროვანი იყო.

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა ყურადღება ტესტირების პროცედურულ დარღვევებზე გაამახვილა. მისი თქმით, მისთვის უცნობია, ვინ შეადგინა ტესტები, ამასთან რის მიხედვით და რატომ გადაეცათ კანდიდატებს ტესტები და დაულუქავი პასუხების ფურცლები ცალკ-ცალკე.

ლია ხუროშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი": "გუბერნატორის ადმინისტრაციის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების 30-ე მუხლის თანახმად, ატესტაციის მიზანი რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობის სრულყოფა და მის სისტემაში დასაქმებულ მოხელეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობდით და მიგვაჩნდა, რომ ტესტირებაში მონაწილეობას გუბერნატორის მოადგილეებიც მიიღებდნენ, მაგრამ ორი მათგანი კომისიის წევრი იყო, მესამე, პეტრე კიკნაძე კი საგამოცდო დარბაზიდან მხოლოდ მას შემდეგ გაიყვანეს, რაც მისი, როგორც არაუფლებამოსილი პირის გარეთ გაძევება მოვითხოვეთ. ტესტირებაში არ მონაწილეობდნენ ასევე გუბერნატორის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც. ამაზე გვითხრეს, რომ დარჩენილი ნაწილი ტექნიკური პერსონალია, მაგრამ არავის უჩვენებია დოკუმენტი, რაც ამას დაადასტურებდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ატესტაციის მათაც ისევე ეშინიათ, როგორც კანდიდატებს ეშინოდათ. პირადად მე ვფიქრობ, რომ გუბერნატორის სამი მოადგილიდან, ატესტაციის შემთხვევაში ერთი მაინც ვერ შეძლებს გამსვლელი ქულების დაგროვებას. ასევე, არაადეკვატურად მიმაჩნია ის, რომ მდივანმა, ოპერატორმა ან პრესსამსახურის წარმომადგენელმა ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდნენ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით, ნორმატიული აქტების შესახებ კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და სხვა კანონებით დადგენილი მოთხოვნები. ამით არავის ვუწევ ადვოკაციას, მაგრამ მათ სპეციფიკური სამუშაო აქვთ და ატესტაციის დროს ან მანამდე ეს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო".

არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიებს არ ეთანხმება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე გიორგი სიბაშვილი. იგი არ მალავს, რომ ტესტირების შედეგებით უკმაყოფილოა. "ახალგაზრდა იურისტების პრეტენზიები, თუ რატომ არ დარიგდა ერთად კითხვების და პასუხების ფურცლები, უსაფუძვლოა, რადგან ამაში საეჭვო არაფერია. დალუქული კონვერტებით კითხვები კომისიის წევრებმა დავარიგეთ, პასუხების ფურცლები კი დამკვირვებლებმა. რაც შეეხება იმას, რომ უნდა შეგვხებოდა თუ არა ატესტაცია გუბერნატორის მოადგილეებს, მე და ალექსანდრე კახიძე კომისიის წევრები ვიყავით და ტესტირებას ვერ გავივლიდით, პეტრე კიკნაძე კი მოადგილედ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, თუმცა პირადად მე მზად ვარ ნებისმიერი კონკურსი გავიარო", - აღნიშნავს სიბაშვილი. მისივე თქმით, ატესტაციის შედეგების შესახებ მოსამსახურეებს ოფიციალურად ერთი კვირის ვადაში ეცნობებათ, არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში ერთი თვით ადრე კი გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე აცნობებენ. სიბაშვილის განცხადებით, გუბერნატორის ადმინისტრაციაში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსი იანვარში გამოცხადდება.

როგორც ცნობილია, 2009 წლის იანვარში სავალდებულო ატესტაციას გაივლიან კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობებში დასაქმებული საჯარო მოხელეებიც. გამგებლების დავალებით, რამდენიმე რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს. არასამთავრობო ორგანიზაციები მუნიციპალიტეტების გამგეობებში იმაზე უარეს შედეგებს პროგნოზირებენ, ვიდრე სამხარეო ადმინისტრაციაში გამოვლინდა. მათი თქმით, "გამგეობებში მომუშავე ადამიანები გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლების მსგავსად უნდა დარწმუნდნენ, რომ ადმინისტრაციული კოდექსი ყავის მოდუღების წესებს არ ადგენს".

ახალი ამბები